სასარგებლო ინფო, წინა წამყვანი, უკანა წამყვანი, სასარგებლო ინფორმაცია, წამყვანი სისტემა, წინა წამყვანი სისტემა, უკანა წამყვანი სისტემა, ოთხივე წამყვანი სისტემა, ოთხივე წამყვანი, 4WD, AWD
Aa
Aa

წინა წამყვანი VS უკანა წამყვანი VS 4X4 - რა განსხვავებაა?

ავტომობილის შეძენისას ყურადღების გამახვილება ბევრ რამეზეა საჭირო. ამ დროს უამრავ არჩევანს ვაკეთებთ: სედანი თუ SUV, ავტომატიკა თუ მექანიკა, დიზელი თუ ბენზინი, თუ თუნდაც ჰიბრიდი? ეს ყოველივე ბევრი ადამიანისთვის რთული და დამაბნეველია. 

ავტომობილში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი წამყვანი სისტემაა. ვისთვისაც ეს საკითხი ახალია გეტყვით, რომ სულ სამი სახის ამძრავი სისტემა არსებობს: 

  • წინა წამყვანი. 
  • უკანა წამყვანი. 
  • ოთხივე წამყვანი. 

თითოეულ მათგანს შორის განსხვავებაა და თითოეულს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. იმ შემთხვევაში თუ ავტომობილით გადაადგილება უგზოობაში და რთულ პირობებში გიწევთ, მაშინ ოთხივე წამყვანი საუკეთესო არჩევანია. საქმეს წინა და უკანა წამყვანი სისტემებიც ასრულებს, თუმცა მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია. საჭირო ინფორმაციის მოღების შემდეგ კი, არჩევანს უფრო მარტივად გააკეთებთ. ახლა კი, თითოეული სისტემა დეტალურად განვიხილოთ. 

წინა წამყვანი სისტემა:

თუ ძრავიდან წამოსული სიმძლავრე ავტომობილის წინა ბორბლებზე ნაწილდება მაშინ ავტომობილი წინა წამყვანია. დღეს ავტომობილების უმეტესობა ამ ტიპის წამყვან სისტემას იყენებს. წინა წამყვან მანქანებში წინა ორი ბორბალი ტრიალისა და მოხვევის ფუნქციებს ასრულებს. ამ დროს მანქანას წინა ბორბლები ექაჩება, ხოლო უკანა ბორბლებთან ძრავებიდან წამოსული სიმძლავრე საერთოდ არ მიდის. წინა წამყვანი სისტემის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მისი დაპროექტება იაფია. შესაბამისად, ავტომობილის შეძენა, რომელსაც მსგავსი ტიპის ამძრავი სისტემა აქვს, ბევრად იაფია. 


წინა წამყვანი ავტომობილის ძრავის განყოფილებაში, ძრავა პირდაპირ წინა ღერძის მაღლა არსებულ ადგილშია განთავსებული. ხშირ შემთხვევაში აგრეგატი ჰორიზონტალურად დგას, შემდეგ მას ტრანსმისიასთან აწყვილებენ. ეს მოწყობა გადაცემათა კოლოფის, ამძრავი ლილვისა და დიფერენციალის ფუნქციებს აერთიანებს. 

წინა წამყვან სისტემებზე პირველი ექსპერიმენტები 1895 წლით თარიღდება. 1900 წელს უკვე რამდენიმე პროტოტიპული ავტომობილი არსებობდა, რომელსაც ასეთი სტილის ამძრავი სისტემა ჰქონდა. 1930-იან წლებში ფრანგულმა ავტომწარმოებელმა Citroen-მა Traction Avant-ი შექმნა, რაც სწორედ წინა წამყვანს ნიშნავს. ამ პერიოდიდან კი, წინა წამყვანი სისტემები ევროპაში მეინსტრიმი ხდება. 

ასეთი სისტემით გამოშვებული ავტომობილებიდან ყველაზე პოპულარული და ცნობილი ავტომობილი Mini-ია. 1970-იან წლებში, მცირე ზომის ეკონომიური ავტომობილების უმეტესობა წინა წამყვანი იყო. 2021 წელს კი, ახალი ავტომობილების უმრავლესობა ამ კონფიგურაციის ამძრავ სისტემას იყენებს. 

წინა წამყვანის უპირატესობები: 

წინა წამყვანი ავტომობილების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა საწვავის ეკონომიაა. წინა წამყვანი ავტომობილები უფრო მეტი სტაბილურობითაც გამოირჩევა. ძრავა და ტრანსმისია პირდაპირ ბორბლებს მაღლაა. წინა წამყვან სისტემას ბევრად მეტი მექანიკური კომპონენტი აქვს ვიდრე ნებისმიერ სხვა ამძრავ მექანიზმს. ეს ავტომობილის წონასაც ამცირებს, ხოლო წონის შემცირებით საწვავის ეკონომიაც იზრდება. 

სწორედ ამიტომაა, რომ ეკონომიური ავტომობილების უმეტესობა წინა წამყვან კონფიგურაციას იყენებს. ასევე მეტი ადგილი რჩება სალონში და სატვირთო განყოფილებაში. ყველა მექანიკური კომპონენტი ავტომობილის წინა ნაწილშია განთავსებული. ეს კი მგზავრებისთვის და ბარგისთვის სალონში ადგილს ათავისუფლებს. 

ასევე, ზუსტად ასეთი მოწყობის გამო წინა წამყვან ავტომობილს ნაკლები დანაკარგი აქვს, ეს კი მყისიერ აჩქარებაზე დადებითად მოქმედებს. თავისი სიმარტივის გამო, წინა წამყვანი ავტომობილების მექანიკური დეტალების შეკეთება და შენახვა უფრო ნაკლებ ხარჯთანაცაა დაკავშირებული. 


წინა წამყვანის ნაკლოვანებები: 

წინა წამყვანი ავტომობილის მთავარი მინუსი მაღალ სიჩქარეზე მანევრულობაა, რასაც ვერ ვიტყვით დაბალსიჩქარიან მოსახვევებზე. გამომდინარე იქიდან, რომ წინა წამყვან ავტომობილში წინა ბორბლები თითქმის ყველა ფუნქციას ასრულებს - უხვევს, ძალას ანაწილებს და მუხრუჭის 70%-ს იყენებს -  მაღალ სიჩქარეზე ინერციისას ზედმეტი გადატვირთულობა ახასიათებს. ეს არასაკმარის მოხვევადობას იწვევს. ასევე, წინა წამყვან ავტომობილს, უკანა წამყვანთან შედარებით, ადგილიდან აჩქარება უჭირს. სწორედ ამიტომაა, რომ სპორტული ავტომობილების უმრავლესობა წინა წამყვანის ნაცვლად, უკანა წამყვანია. 

უკანა წამყვანი სისტემა: 

უკანა წამყვანი სისტემა წინა წამყვანის საპირისპიროა. ასეთი ტიპის ამძრავი მექანიზმი ძირითადად სპორტულ ან მაღალი კლასის ავტომობილებში გვხვდება. უკანა ამძრავი სისტემა უფრო კომპლექსური კონცეფციის გახლავთ, ასეთი მანქანები წინა წამყვან ანალოგებთან შედარებით, მაღალ სიჩქარიან მოსახვევებში უფრო მანევრულია. განსხვავებების შემჩნევა მოსახვევებში განსაკუთრებით მარტივადაა შესამჩნევი, თუმცა დაბალ სიჩქარეებზე გადაადგილებისას მოჭიდება ისეთივე არაა, როგორც წინა წამყვანი ავტომობილების მართვისას გვაქვს.

წინა წამყვანთან შედარებით, უკანა წამყვანს გადაცემათა კოლოფის შემდეგ ამძრავი ლილვი უერთდება. ეს ის დეტალია, რომელიც უკანა დიფერენციალს ძალას გადასცემს. დამატებითი მოძრავი დეტალები განაპირობებს იმას, რომ უკანა ამძრავ ავტომობილს ძრავის მეტი დანაკარგი აქვს. მსგავსი ტიპის ავტომობილში ძრავიდან წამოსულ სიმძლავრეს ორჯერ მეტი მანძილი აქვს გასავლელი, ვიდრე წინა წამყვანს. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ერთი და იგივე წონის, სიმძლავრისა და საბურავის ზომის მქონე წინა და უკანა წამყვან ავტომობილებს შევაჯიბრებთ, უკანა წამყვანი ადგილიდან უფრო სწრაფად აჩქარდება. 

პირველი უკანა ამძრავი სისტემა 1885 წელს შეიქმნა. ეს ის პერიოდია, როდესაც კარლ ბენცმა თავისი პირველი ავტომობილი შექმნა, 1885 წლის ბენცი, რომელიც მსოფლიოში პირველ ავტომობილადაც ითვლება, უკანა წამყვანი იყო. 

ისეთ დიდ ბაზრებზე, როგორიც მაგალითად აშშ-ია, 1970-იან წლებში ავტომობილების უმრავლესობა უკანა წამყვანი იყო. თუმცა 2020 წლიდან ეს მოცემულობა აღარ გვაქვს. უკანა წამყვანი ავტომობილები უფრო მეტად დაბალანსებულია, ამას ავტომობილზე უფრო თანაბრად გადანაწილებული წონა განაპირობებს. მისი დიზაინიც უფრო მოხრილია, ის საშუალებას იძლევა ძრავა ძარის წინ, შუაში ან უკან განთავსდეს. წინა წამყვანში კი აგრეგატი აუცილებლად წინ უნდა იყოს. 

უკანა წამყვანის უპირატესობები: 

უკანა წამყვანის ყველაზე დიდი უპირატესობა უკეთესი მართვადობა და აქსელერაციაა. არც შენახვის ხარჯებია კოლოსალური. ამას ბუქსირების სიმარტივეც ემატება, რადგან ამძრავი ბორბლები ტვირთთან უფრო ახლოსაა. ამ ტიპის კიდევ ერთი უპირატესობა, მოხვეულ ბორბალზე სასურველი ძალის გადანაწილებაა. როდესაც წინა წამყვანის მოხვევისას მყისიერი აჩქარება რეკომენდებული არ არის, უკანა წამყვანი მსგავს შეზღუდვებს არ გვიწესებს. 


უკანა წამყვანის ნაკლოვანებები: 

ამძრავი ლილვისა და სხვა დეტალების გამო, ავტომობილის ინტერიერში უკანა ამძრავი სისტემა ადგილს ზღუდავს, ამგვარად მგზავრებისა და ტვირთისთვის შედარებით ნაკლები ადგილია. ხშირ შემთხვევაში ძრავის ვერტიკალურად განთავსება მანქანას ცხვირსაც უგრძელებს, რის ხარჯზეც ინტერიერის მთლიანი სივრცეც იკლებს და ავტომობილის გაბარიტულად იზრდება. ძალის დიდი დანაკარგის გამო, ამ ტიპის ავტომობილები უფრო მეტ საწვავსაც მოიხმარს. ასევე, უკანა წამყვანი ავტომობილს სველ და თოვლიან ზედაპირზე გადაადგილება მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ავტომობილები მოცურების საწინააღმდეგო სისტემებითაა აღჭურვილი, ნებისმიერ არასაჭირო ან გადამეტებულ ქმედებას მანქანის მოცურება შეუძლია. 

ოთხივე წამყვანი სისტემა: 

ოთხივე წამყვანი ორ ტიპად: 4WD და AWD სისტემებად იყოფა. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის განსხვავებაა, ერთი საერთო მახასიათებელი აქვთ. ძრავიდან წამოსული სიმძლავრე ოთხივე ბორბალთან მიდის. 

ოთხივე წამყვან მოდელებს 4X4-ზე ჰქვია: პირველი ციფრი ბორბლების რაოდენობას, ხოლო მეორე - ამძრავი ბორბლების რაოდენობას აღნიშნავს. მაგალითად, 6X4 სატვირთოებისთვის ნიშნავს, რომ მას 6 ბორბალი აქვს და აქედან, 4-ია ამძრავი. 


ოთხივე წამყვანი სისტემის უპირატესობები:

მთავარი უპირატესობა ნებისმიერი ამინდის პირობებში საიმედო მოჭიდებაა. ის მძღოლს მოქნილობას სთავაზობს, რაც საჭირო მომენტში ოთხი ბორბლით გადაადგილებას გულისხმობს. ასეთი ტიპის ავტომობილები უფრო უნივერსალურია. მათი გამოყენება, როგორც ქალაქის, ისე უგზოობის პერიოდშია შესაძლებელი. 

ოთხივე წამყვანი სისტემის ნაკლოვანებები:

ოთხივე წამყვანი სისტემით აღჭურვილი მანქანები შედარებით ძვირი ღირს. ასევე ამ მექანიზმის გამოყენებისას იზრდება მანქანის წონაც. სისტემის ეს ტიპი კომპლექსური დიზაინისაა და უფრო მეტი ამძრავი დეტალიც აქვს. შესაბამისად, შეკეთებისა და შენახვის ხარჯებიც მეტია, უნდა ითქვას საწვავის გაზრდილი მოხმარებაც. 

4WD Vs. AWD

რა განსხვავებაა Four Wheel Drive-სა და All Wheel Drive-ს შორის? ორივე სისტემა თითქმის ერთი და იგივე პრინციპით მუშაობს. ამ ორს ერთმანეთში ხშირად ურევენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სისტემა ძალას ოთხივე ბორბალზე ანაწილებს, მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია. 

თუ 4X4-ზე სისტემა სიმძლავრეს მხოლოდ უკანა ღერძზე ანაწილებს, ხოლო მანქანა ოთხივე წამყვანი საჭირო მომენტში ხდება, All Wheel Drive მექანიზმი ძირითადად მხოლოდ ერთ, წინა ან უკანა ღერძს ტვირთავს. ოთხივე ბორბლის მოძრაობა კი, სიტუაციაზეა დამოკიდებული.  AWD ტექნოლოგია კიდევ უფრო ძვირია და კიდევ უფრო მეტ ნაწილს აერთიანებს. შესაბამისად, არც მისი შეკეთების ხარჯებია მცირე.


რომელია საუკეთესო?

ეს ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა, პასუხი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის ეკითხებით ამას. სიმართლე ისაა, რომ ყველაფერი თქვენს მოცემულობაზე და სისტემის ტიპურობაზეა დამოკიდებული. სწორი ან არასწორი პასუხი არ არსებობს. წინა წამყვანი ავტომობილების უპირატესობა ეკონომიურობა და მოქნილობაა. თუმცა, მანევრულობა მისი მინუსია. უკანა წამყვანი მოდელები უფრო კარგ მანევრულობას გვთავაზობს და შენახვაც უფრო იაფი ჯდება. თუმცა, ამ პლუსის სანაცვლოდ, ბევრად მეტის გადახდაც მოგიწევთ. ოთხივე წამყვანი სისტემები კი, თავის მხრივ, რთულ გარემო პირობებშია საუკეთესო. სწორედ ამიტომაა, რომ ასეთი ტიპის მანქანებზე მოთხოვნა უფრო მეტად რეგიონებში და არაურბანულ დასახლებებშია. მაგრამ მინუსები მასაც აქვს.

თქვენ რას ფიქრობთ? რომელი ამძრავი სისტემით აპირებთ ავტომობილის შეძენას?