ეს ქალაქი მძღოლების შესანელებლად უსწორმასწორო ხაზებს იყენებს
საავტომობილო გზების უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების უმეტესი ნაწილი სიჩქარის გადაჭარბებაზე მოდის. მხოლოდ 2022 წელს, სიჩქარის გადაჭარბების მიზეზით მომხდარი ავარიების შედეგად 12 151 ადამიანი დაიღუპა. საფრთხის გათვალისწინებით, მთავრობებმა და სამართალდამცავებმა არაერთი მეთოდი დანერგეს, თუმცა სიჩქარის მოყვარული მძღოლების შეჩერება კვლავ პრობლემას წარმოადგენს.
პენსილვანიის პატარა ქალაქმა კი, ამ გამოწვევას ცოტა უცნაური გადაწყვეტა მოუფიქრა. ამ ქალაქში სულ რაღაც 25 000 ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ როგორც ჩანს კანონდამრღვევები მათ შორისაც მოიძებნებიან. სწორედ ამიტომ მოსახლეობამ გადაწყვიტა გზებზე არა სწორი, არამედ ტალღოვანი ხაზი დაეხატა, რაც მძღოლებს ავტომობილის მართვისას შენელებას აიძულებდა.
მძღოლებს ამჟამად შეუძლიათ ხაზების უგულებელყოფა და პირდაპირ მოძრაობა, მაგრამ ეს მალე შეიცვლება. დაბაში დამონტაჟდება დელაინატორები, ეს არის პლასტმასის სვეტები, რომლებიც აიძულებენ მძღოლებს შეანელონ სიჩქარე და მიჰყვნენ მიხვეულ-მოხვეულ გზას. როგორც ჩანს ამ გადაწყვეტილებას მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს, რადგან საჯარო სამსახურში გზებზე გადამეტებული სიჩქარით გადაადგილების შესახებ არაერთი საჩივარი შევიდა.
მომავალი პროექტის შესახებ ამ ეტაპზე მეტი დეტალი უცნობია, თუმცა რუკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, Grays Lane ორ მთავარ გზას შორის გამყოფი იქნება. მისთვის თავის არიდების შემთხვევაში კი, მძღოლებს შესაძლოა ზედმეტად 2.5 კილომეტრის გავლა მოუწიოთ, გამომდინარე იქიდან რა მიმართულებით მოძრაობენ. თუმცა მათ ასევე შეუძლიათ ზედმეტი კილომეტრები არ დაფარონ და უბრალოდ, შეანელონ.