სწრაფი, სიჩქარის რეკორდი, აჩქარება, ბუგატი ტურბილონი, ასტონ მარტინი ვალკირი, მაკლარენ სფიდთეილი, რიმაც ნევერა, ჰენესი ვენომი, კოენიგსეგ აგერა არესი, ესესსი ტუატარა, ბუგატი შირონი სუპერ სპორტ 300, ბუგატი ბოლიდი, კოენიგსეგ ჯესკო აბსოლუტი, ყველაზე სწრაფი მანქანები
Aa
Aa

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილები

პირველი ავტომობილის გამოსვლის დღიდან, მწარმოებლები ყველაზე სწრაფი მანქანის აწყობას ცდილობენ. ტიტული - „ყველაზე სწრაფი“, ოდითგანვე მიმზიდველი იყო და მისთვის ბრძოლა არასდროს შეწყვეტილა. სულ რამდენიმე წლის წინ, 500 ცხ.ძ-იანი ავტომობილები ეგზოტიკურად ითვლებოდა, დღეს კი, იმდენივე და მეტ ცხენის ძალას საოჯახო კროსოვერებსა და სედანებშიც შეხვდებით. მაგრამ რომელია დღეს ყველაზე სწრაფი სერიული წარმოების ავტომობილი?

დღეს ჩვენს სტატიაში ათ ყველაზე სწრაფ წარმოებულ ავტომობილს წარმოგიდგენთ. ამ სიაში მთავარი კრიტერიუმი მაქსიმალური სიჩქარის მაჩვენებელია:

Aston Martin Valkyrie – 402 კმ/სთ.

თუ თქვენ საგზაო ავტომობილში Formula 1-ის ბოლიდის მსგავს გამოცდილებას ეძებთ, მაშინ ეს ავტომობილი შესაძლოა წარმოებულთა შორის საუკეთესო არჩევანი იყოს. მისი დიზაინი Red Bull Racing-ის აეროდინამიკოსმა ედრიან ნიუიმ შექმნა. ეს არის ადამიანი, რომელიც Red Bull-ის გუნდის წარმატებაზეა პასუხისმგებელი. ამ ავტომობილს Cosworth-ის შექმნილი V12 ძრავა აქვს, რომელიც წუთში 11 000 ბრუნს ასრულებს. ეს ძრავა ჰიბრიდულ სისტემასთან ერთად 1 139 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. მაქსიმალური სიჩქარე 402 კმ/სთ-ია, 100-მდე ასაჩქარებლად 2.5 წამია საჭირო, აეროდინამიკური არხები კი, ჰაერთან წინაღობას ამცირებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნიშნულის მიღწევა ატმოსფერული ძრავითაა შესაძლებელი.

McLaren Speedtail – 403 კმ/სთ.

Mclaren-ისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოდელი სწორედ Speedtail-ია. ის გენიალური Mclaren F1-ის შთამომავალია. Speedtail-ია რეკორდებისთვის არ შეუქმნიათ და ის უფრო მეტად გრანტურერია, ვიდრე სარბოლო ავტომობილი. მას 3-ადგილიანი განლაგება აქვს: მძღოლის სავარძელი კი, შუაშია განთავსებული. ამ ავტომობილში V12 ძრავას არ უნდა ველოდოთ.  Mclaren-მა 4-ლიტრიანი, ორმაგი ტურბოდაბერვის V8 ძრავა გამოიყენა. გარდა ამისა, Speedtail-ს ელექტრომოტორიც აქვს, ჯამში კი 1 055 ცხენის ძალას ვიღებთ, რაც საკმარისია 402 კილომეტრ საათის მისაღწევად, 100 კმ/სთ-მდე კი, მხოლოდ სამი წამია საჭირო. 

Rimac Nevera - 415 კმ/სთ

ელექტრომოტორები ავტომობილებს მომენტალური აჩქარების საშუალებას აძლევს. თუმცა ბატარეების დამატებითი წონა ხელს მაქსიმალურ სიჩქარეს უშლის. ელექტროჰიპერქარს ოთხი ელექტრომოტორი აქვს, რომლებიც ჯამში 1914 ცხენის ძალას და 2 300 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. თითო მოტორი თითო თვალზე. 0-დან 100-მდე 2 წამზე ნაკლებ დროში აღწევს, მაქსიმალური სიჩქარე კი, 415 კმ/სთ-ია. წონის შესამცირებლად ავტომობილი მთლიანად კარბონისაა. გარდა ამისა, Nevera ელექტრო ფუნქციებით მაქსიმალურადაა დატვირთული, რაც მას გზის ნებისმიერ საფარზე უსაზღვრო შესაძლებლობებს აძლევს.

Hennessey Venom F5 - 438 კმ/სთ

ტეხასში დაფუძნებულმა ატელიემ ცალკე საქმიანობა წამოიწყო, რომელსაც Hennessey Special Vehicle ჰქვია. სტანდარტულ საწვავზე Venom F5-ის 6.6-ლიტრიანი ორმაგი ტურბოდაბერვის V8 ძრავა 1 542 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეთანოლის გამოყენების შემთხვევაში კი, ცხენის ძალების რაოდენობა 1 817-მდე იზრდება, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ავტომობილად აქცევს. არაოფიციალურ ტესტებში ავტომობილმა 438 კმ/სთ დააფიქსირა, 0-დან 100-მდე კი 2.6 წამში ჩქარდება.

Bugatti Tourbillon – 446 კმ/სთ.

თუ თქვენ 2000-იან წლებში გაიზარდეთ, მაშინ ტერმინი „მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილი“ ალბათ Bugatti Veyron-ისა და ავიაგამანადგურებლების დაპირისპირებას გაგონებთ, რომელიც Top Gear-ში ვიხილეთ. იმ ავტომობილის სული კი, წლების შემდეგ ცხოვრებას Bugatti Tourbillon-ში განაგრძობს. ეს უკანასკნელი 1 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაშიც V16 ჰიბრიდული ძრავა ეხმარება. 0-დან 100 კმ/სთ-მდე კი, 2 წამზე ნაკლებ დროში ჩქარდება.

Koenigsegg Agera RS - 447 კმ/სთ

ამ მოდელის დებიუტი 2015 წლის ჟენევას ავტოშოუზე შედგა. ის Agera R-ის გაუმჯობესებული ვერსიაა, რომელსაც ვანის ტექნოლოგიები დაუმატეს. ეს ავტომობილი ტრეკზე ნამდვილი მონსტრია. მისი 5-ლიტრიანი V8 ძრავა 1 160 ცხენის ძალას და 1 280 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. პაკეტის დამატებით, ცხენის ძალები 1 341-მდე იზრდება, 0-დან 100-მდე კი, სამ წამში აღწევს. Koenigsegg-მა ამ ავტომობილის წარმოება 2018 წელს შეწყვიტა. თავდაპირველად 25 ეგზემპლარის აწყობა იგეგმებოდა, თუმცა საბოლოოდ 27 ერთეული აეწყო. ერთი ქარხნისთვის, ერთიც კი შეჯახების დროს განადგურებული მოდელის ჩასანაცვლებლად.

SSC Tuatara - 475 კმ/სთ

SSC-მ 10-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2020 წელს Tuatara გამოუშვა. ავტომობილი სტანდარტული საწვავით, ორმაგი ტურბოდაბერვის 5.9-ლიტრიანი V8 ძრავით 1 350 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეთანოლზე ცხენის ძალების რაოდენობა 1 750-მდე იზრდება. ამ ავტომობილმა გამოსვლისთანავე დიდი ყურადღება მიიპყრო და სკანდალშიც გაეხვა. 2020 წელს, ავტომწარმოებელი ამტკიცებდა, რომ მოდელმა 533 კმ/სთ დააფიქსირა, თუმცა ეს ტყუილი აღმოჩნდა. საბოლოოდ, Tuatara 475 კმ/სთ-ს ავითარებს, 0-დან 100-მდე კი, 2.6 წამში ჩქარდება. 

Bugatti Chiron Super Sport 300+ - 489კმ/სთ.

ამ ავტომობილის პირველ სამეულში დანახვა არავის გაუკვირდება. 2005 წელს, Veyron-ის გამოსვლის შემდეგ, ეს ბრენდი რეკორდებს ამყარებს. ამ კონკრეტული მოდელის 8-ლიტრიანი ოთხმაგი ტურბოდაბერვის W16 ძრავა 1 577 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Volkswagen-ის სატესტო ძრავაზე, Super Sport 300+-მა მაქსიმალური სიჩქარე 489 კმ/სთ დააფიქსირა. თითქმის 4-ტონიანი ავტომობილი, ოთხივე წამყვანი სისტემის დახმარებით, 0-დან 100-მდე სულ რაღაც 2.3 წამში აღწევს.

Bugatti Bolide – 500 კმ/სთ.

Bolide ყველაზე ექსტრემალური Bugatti-ია, რაც აქამდე შეუქმნიათ. ეს არის რაკეტა ბორბლებზე, რომელსაც გენიალური ხმა აქვს. Bolide-ის დებიუტი 2020 წლის ოქტომბერში შედგა. Bugatti-მ განაცხადა, რომ ეს ერთი გამოშვების მოდელი იყო, რომელიც ექსპერიმენტალური კვლევისთვის შეიქმნა. მათ სურდათ აეწყოთ მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც 4-ტურბინიანი, 8-ლიტრიანი W16 ძრავა ექნებოდა.

დიდი ინტერესიდან გამომდინარე კი, 2021 წლის აგვისტოში მწარმოებელმა გეგმის შეცვლა გადაწყვიტა. Bugatti-მ დაადასტურა, რომ Bolide-ის საწარმოო ხაზი შეიქმნებოდა, რომელიც ჯამში 40 ეგზემპლარს გამოუშვებდა. F1-ის ტექნოლოგიით შთაგონებულ 16-ცილინდრიან ბოლიდს 1 824 ცხენის ძალა და 1 850 ნიუტონ მეტრი აქვს. მას 500 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია, რისთვისაც მხოლოდ 20 წამი სჭირდება.

Koenigsegg Jesko Absolut – 531 კმ/სთ (თეორიულად)

გასაკვირი არაა, რომ Koenigsegg-ი ამ სიაში მეორედ მოხვდა. ამ კომპანიას ჰიპერქარების აწყობა საუკეთესოდ გამოსდის. Jesko-ს დიზაინი ერთი შეხედვით აეროგამანადგურებელს მოგაგონებთ და ტექნიკური მონაცემებიც შესაბამისი აქვს. Jesko Absolut-ს ორმაგი ტურბოდაბერვის V8 ძრავა აქვს, რომელიც ჩვეულებრივ საწვავზე 1 280 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო ეთანოლზე - 1 600 ცხ.ძ-ს. 

Koenigsegg Jesko Absolut-ის მაქსიმალური სიჩქარე ჯერ კვლავ არ შეუმოწმებიათ. თუმცა კომპიუტერული სიმულატორების გამოთვლებით,  ამ ავტომობილს 531 კმ/სთ-ის განვითარება შეეძლება, ხოლო 0-დან 100-მდე 2.6 წამში ჩქარდება.

ცნობისთვის, 2024 წლის ივნისში, Jesko Absolut-მა 0-400კმ/სთ-0 აჩქარების რეკორდი მოხსნა - სულ რაღაც 27.83-წამიანი შედეგით. აჩქარების რეკორდი ტესტდრაივერმა მარკუს ლუნდჰმა Örebro-ს აეროპორტის ტერიტორიაზე დაამყარა.

 

ეს ომი, რომელშიც ავტომწარმოებლები თითოეული ცხენის ძალისთვის, თითოეული კილომეტრ საათისთვის და წამების მეასედისთვის იბრძვიან, ამაღელვებელი სანახაობაა. ეს ავტომობილები სწორედ ამ კონკურენციამ გვაჩუქა და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ტენდენცია ელექტრომობილების ერაშიც გაგრძელდება.

დაგვიწერეთ კომენტარებში, რომელია თქვენთვის საყვარელი ყველაზე სწრაფი ავტომობილი?

 

მსგავსი სიახლეები