Audi-მ აშშ-ის ბაზრისთვის ავტომობილების მიწოდება შეაჩერა
ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, იმპორტზე ახალი გადასახადების დაწესებას, საპასუხო ზომები უკვე მოჰყვა. გაურკვეველი ვადით, Audi-მ აშშ-ის ბაზრისთვის ავტომობილების მიწოდება შეაჩერა, რაც კომპანიის პირდაპირი პასუხია ახლად შემოღებულ 25%-იან ტარიფებზე.
ამ დროისთვის, მუშაობის გასაგრძელებლად, Audi-ს სადილეროებს დაახლოებით 2 თვის ინვენტარი აქვთ. ამ დროის გასვლის შემდეგ კი, უცნობია, როგორ გააგრძელებს გერმანული ავტომწარმოებელი აშშ-ში ოპერირებას. ახალი გადასახადები ძალაში მიმდინარე წლის 2 აპრილს შევიდა. ავტომწარმოებლების ნაწილი საპასუხო ზომებისგან ჯერ თავს იკავებს, თუმცა Audi-მ ოფიციალური გადაწყვეტილება უკვე გამოაცხადა.
კომპანიამ, თავისი ქარხნებიდან აშშ-ში იმპორტის შეჩერება Automobilwoche-თან უკვე დაადასტურა. არსებული მდგომარეობით, აშშ-ის სადილეროებში ამჟამად Audi-ს 37 000-მდე მანქანაა, რაც დაახლოებით 60 დღის სამყოფი პროდუქტია. ავტომობილების ნაწილი აშშ-ის პორტებშიც განთავსებულია, თუმცა სადილეროებში მათ გაგზავნამდე, კომპანიისგან დასტურის მიღებას ელოდებიან.
იმ შემთხვევაში, თუ აშშ დაწესებულ ტარიფებს მოხსნის, Audi-მ შესაძლოა გეგმები შეცვალოს. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რას მოიმოქმედებს გერმანული ავტომწარმოებელი. თუ ეს არ მოხდება, Audi-ს მოუწევს უფრო ექსტრემალური ზომების მიღება, რათა აშშ-ში თავისი ბიზნესი შეინარჩუნოს.
ავტომწარმოებელთა ასოციაციის წინასწარი ვარაუდით, აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესება, უახლოეს მომავალში, მანქანებზე ფასების ზრდას გამოიწვევს. ორგანიზაციის შეფასებითვე, ეს გადაწყვეტილება გავლენას ავტომწარმოებელთა გეგმებსა და წარმოებაზეც იქონიებს. ცნობისთვის, Ferrari-მ მის ავტომობილებზე ფასების 10%-იანი ზრდა უკვე დააანონსა, თუმცა სხვა კომპანიებს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.