რა უნდა გავითვალისწინოთ დისკების შერჩევისას?
აუცილებელი არაა The Fast and the Furious-ის მოყვარული იყოთ იმისთვის, რომ თქვენი ავტომობილისთვის უფრო დიდი დისკების დაყენება მოგინდეთ. ავტომწარმოებლები ხშირად დისკების სხვადასხვა ზომას გვთავაზობს და მათში დამატებით თანხასაც კი გვახდევინებს.
თუ თქვენი ავტომობილისთვის ყოველდღიური გამოყენებისთვის უფრო დიდი დისკების დაყენება გსურთ, ან უბრალოდ ახალი დისკები გჭირდებათ, რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გაითვალისწინოთ. დისკები უბრალოდ რკინის ნაჭერი არაა, რომლებსაც საბურავებით ვფუთავთ. მასზე მანქანის მართვადობა, კომფორტულობა და უსაფრთხოებაა დამოკიდებული.
1 - გაითვალისწინეთ მორგვის ჭანჭიკების რაოდენობა
დისკის მორგება ფეხსაცმლის მორგებასავითაა. მხოლოდ გემოვნების მიხედვით ვერ აირჩევთ. უნდა მოგერგოთ კიდეც. თვლის ჭანჭიკების რაოდენობა და განლაგება ავტომწარმოებლების მიხედვით განსხვავებულია. მანქანას შესაძლოა 3-6 საჭანჭიკე ჰქონდეს. არა მხოლოდ ამ ჭანჭიკების რაოდენობა განსხვავდება ერთმანეთისგან, არამედ მათ შორის დაშორება და მორგვის წკირის დიამეტრიც.
წკირებზე ინფორმაციას მფლობელის სახელმძღვანელოში შეხვდებით, ან უბრალოად შეგიძლიათ დახმარებისთვის Google-ს მიმართოთ. ის, როგორც წესი ამგვარად აისახება 5/114 ან 5x114. ამ შემთხვევაში 5 საჭანჭიკეა. მეორე რიცხვი მათ ცენტრებს შორის მანძილს განსაზღვრავს. ეს რიცხვები სწორი ზომის დისკის შერჩევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში დისკს ავტომობილს ვერ მოარგებთ.
2 - გაითვალისწინეთ დიამეტრი
ბევრ ადამიანს გააზრებული აქვს ის, რომ დისკის ზომის შეცვლა მართვადობაზე იმოქმედებს. თუმცა, ზოგმა არ იცის, რომ ამან შეიძლება თქვენს ოდომეტრსა და სპიდომეტრზე უარყოფითად იმოქმედოს. ამას „მბრუნავ დიამეტრს“ უწოდებენ. ეს დაკავშირებულია დისკისა და საბურავის ერთობლივ სიმაღლესა და იმ მანძილთან, რასაც ის გადის.
ბევრი სპიდომეტრი და ოდომეტრი მანძილის და სიჩქარის განსაზღვრისთვის დისკების ბრუნვას იყენებს. მონაცემთა დაფა ავტომწარმოებლის მიერ დაყენებული სპეციფიკაციებით ხელმძღვანელობს.
თუ უფრო დიდი ზომის დისკზე იმავე პროფილის საბურავს დააყენებთ, ჯამური დიამეტრი და გარშემოწერილობა გაიზრდება, რაც შესაძლოა მონაცემთა დაფაზე არასწორ მაჩვენებლებში აისახოს.
ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ შესაძლოა ისე გადააჭარბოთ სიჩქარის შეზღუდვას, რომ ვერც მიხვდეთ. გავლილი მანძილის არასწორმა მაჩვენებელმა კი შეიძლება მანქანის ტექნიკური მომსახურების დრო გადაგაწევინოთ, რაც საბოლოოდ მანქანის უსაფრთხოებაზე ცუდად აისახება.
3 - დიდი ზომის დისკებს უარყოფითი მხარეები აქვს
ბევრი ადამიანის აზრით, უფრო დიდი ზომის დისკები მანქანას სპორტულ შესახედაობას აძლევს. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ, რაც უფრო დიდია დისკი, კომფორტის, საწვავის ეკონომიის და უსაფრთხოების მხრივ უფრო მეტს თმობთ.
ასევე, რაც უფრო დიდია დისკისა და საბურავის ერთობლიობა, ის უფრო მძიმეა. ეს წონა დაკიდების სისტემას ადაბლებს და მართვადობას აუხეშებს.
დისკის შერჩევისას მისი წონა ქარხნული დისკებისას შეადარეთ. შეიძლება რამდენიმე კილოგრამი განსხვავება ზედმეტად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ თითოეულ გრამს მართვადობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
დისკის ზომის გაზრდა უფრო დაბალი პროფილის საბურავს მოითხოვს. რაც უფრო თხელია მისი პროფილი, საბურავისგან ნაკლებ ამორტიზაციას იღებთ.
რაც უფრო დაბალპროფილიანია საბურავი, დისკის დაზიანების უფრო დიდი შანსია.
4- აირიდეთ დისკზე საბურავის გადაჭიმვა
უფრო დიდ დიამეტრიანი დისკის მორგება ხანდახან მისი და საბურავის სიგანეში გაზრდას მოითხოვს. მანქანის ენთუზიასტები ამას „ორს პლუს ერთის“ წესს უწოდებენ, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ დისკის დიამეტრს მაქსიმუმ 2-ნიშნულით გავზრდით, საბურავის სიგანე ერთით უნდა გავზარდოთ.
დისკის გაფართოება და იმაზე პატარა საბურავის დამაგრება, რასაც ავტომწარმოებელი გვირჩევს, დღეს ტრენდია. ეს არც უსაფრთოა და არც კანონიერი. ამან შესაძლოა დისკიდან საბურავის მოულოდნელი გადაძრობა გამოიწვიოს.
5 - გაითვალისწინეთ ღერძთშორისი მანძილი
ღერძთშორისი მანძილი გულისხმობს მანძილს თვლის მორგვსა და გეომეტრიულ ღერძს შორის. თუ მორგვი გეომეტრიული ღერძს უკან არის განლაგებული, მანძილი უარყოფითია, თუ ცენტრს წინაა განლაგებული, მაშინ - დადებითი.
რატომ არის ეს მანძილი მნიშვნელოვანი? ის დაკიდების სისტემის რეაგირებასა და მოჭიდებაზე გავლენას ახდენს. თუ ეს მანძილი მნიშვნელოვნად შეიცვლება, მაშინ მანქანის საჭეზე რეაგირება და სხვა მახასიათებლებიც შეიცვლება.
ზოგიერთი დისკი მანქანას არ მოერგება, რადგან ღერძთაშორისი მანძილის გამო ის დაკიდების სისტემასთან ძალიან ახლოს მივა. ასევე, ავტომობილის ძარის ყველაზე გარე წერტილთან ახლოს იქნება, რაც საბურავის ძარასთან უშუალო შეხებას გამოიწვევს.
იმედია, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ საჭირო დისკის სწორად შერჩევაში. ახალი დისკები მართვადობაზე მინიმალურად უარყოფითად აისახება და თქვენი უსაფრთხოებაც დაცული იქნება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.