მოდიფიცირება, ალფა რომეო, ტოტემ აუტომობილი, ალფა ჯითი სუპერი
Aa
Aa

Jarama | ყველაზე ლამაზი Alfa GT Super-ი, სულ რაღაც 40 ეგზემპლარიდან

ბოლო პერიოდში არაერთი ძველი მოდელის გათანამედროვებული ვერსია ვიხილეთ, თუმცა Totem Automobili-ს, ეს მიმართულება, სრულებით ახალ ეტაპზე აჰყავს. ბევრს შესაძლოა ამ პატარა იტალიური კომპანიის შესახებ არაფერი სმენია, თუმცა მას Alfa Romeo-ს არაერთი გამორჩეული მოდიფიკაცია ეკუთვნის.  ერთ-ერთი ასეთი GT Super-ია, რომელსაც მეტსახელად Jarama უწოდეს.

ამ კონკრეტულმა პროექტმა სახელწოდება Jarama-ს ისტორიული წრიდან მიიღო, რომელშიც GTA Junior 1300-მა, 1972 წლის ევროპის ტურისტული მანქანების ჩემპიონატზე, დამღლელ 4-საათიან რბოლაში გამარჯვება მოიპოვა. ყველა სხვა GT Super-ის მსგავსად, ეს მოდელიც შესანიშნავად გამოიყურება, თუმცა Jarama-ს, Totem-ის 40 სხვა ეგზემპლარისგან, რიგი თავისებურებები გამოარჩევს.

GT Super Jarama-ს სპეციალურად Totem-ის მიერ დამზადებული კარბონის კორპუსი აქვს და მდიდრულ ლურჯ ფერშია შეღებილი. ამ მოდელს ექსკლუზიურობას გვერდითი, ლითონის ლოგოები მატებს, რომლებზეც სიტყვა Jarama არის ამოტვიფრული. რაც შეეხება შიდა ინტერიერს, ის სავარძლებიდან ჭერის ჩათვლით მთლიანად Connolly-ის ტყავშია დაფარული, ხოლო მგზავრის მხარეს Tag Heuer-ის წამმზომები აქვს დამატებული. ეს უკანასკნელი ოლდ-სქულის სარბოლო დიზაინს ეხმიანება, იმ დროს, როდესაც დროის კონტროლი მრბოლელებს თავადვე უხდებოდათ. ინტერიერის დარჩენილი ნაწილი, პროფესიონალურად დამუშავებული ალუმინისა და კარბონის გამოყენებითაა დასრულებული.

GT Super-ი 2.8-ლიტრიანი ორმაგი ტურბოდაბერვის V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელზეც Italtecnica-მ იმუშავა. ამ ძრავას ექვსი ინდივიდუალური დროსელის კორპუსი აქვს, ასევე ოთხი სარქველი თითო ცილინდრზე და 591 ცხენის ძალასა და 700 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. იტალიური კომპანია მომხმარებელს ამ ძრავის უფრო მძლავრ ვერსიასაც სთავაზობს - 739 ცხენის ძალისა და 850 ნიუტონ მეტრის გამომუშავებით, თუმცა ამ კონკრეტულ მოდელს 720 ცხენის ძალას აქვს. და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, GT Super-ი 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი და სიმძლავრეს უკანა ბორბლებზე ანაწილებს.

Totem-ს ამ კონკრეტულ კონსტრუქციაზე ფასი ჯერ არ გაუსაჯაროებია. თუმცა GT Super-ის ღირებულება €539 000-დან იწყება და დიდი ალბათობით, ამ მოდელის ფასიც ნაკლები არ იქნება.

 

მსგავსი სიახლეები