Ford-მა 90-იანების ლეგენდარული Mondeo სარბოლო სიმულატორად აქცია
პროფესიონალური სარბოლო გუნდები თანამედროვე ტექნოლოგიებს უხვად იყენებენ - უახლესი კომპიუტერებითა და მასიური დისპლეებით დაწყებული, სიმულატორებით დასრულებული, რომლებიც პილოტებს რეალური მართვის გამოცდილებას სთავაზობს. თუმცა ბევრს თანამედროვე შესაძლებლობებს შედარებით ტრადიციული მიდგომა ურჩევნიათ, განსაკუთრებით კი ისეთი, როგორსაც ეს 1999 წლის Ford Mondeo გვთავაზობს.
ეს Mondeo ოდესღაც ნამდვილი სარბოლო მანქანა იყო და 1999 წელს, Ford-ისა და Prodrive-ის BTCC ეკიპაჟის სატესტო მანქანად გამოიყენებოდა. მომდევნო სეზონში, ავტომწარმოებელმა ეს მოძველებული შასი სიმულატორად აქცია და ისე შეინახა. ამ დრომდე პროექტი Millennium Dome-ში ინახებოდა, ახლა კი, დაახლოებით $15 000-ად იყიდება. სიმულატორი, რეალურად, PS1 TOCA-ს სარბოლო თამაშის გასაშვებად შეიქმნა, დიდი ალბათობით TOCA 2 ან TOCA World Touring Cars-ისთვის.
TOCA-ს თამაშები წარსულში საკმაოდ პოპულარული იყო - რთული სხვა სარბოლო თამაშებთან შედარებით, რეალური ტრასებით და ავარიების მოდელირებით. მაგრამ ცოტა სასაცილოა ამ Mondeo-ს "სიმულატორი" უწოდო, როცა ის ასეთი ელემენტარული თამაშისთვისაა განკუთვნილი. კითხვებს ბადებს ის ფაქტიც, თუ როგორ არის ინტეგრირებული მანქანის კონტროლი PlayStation-ის კონსოლთან, რომელიც სავარაუდოდ კონფიგურაციაშივე იმალება. პატარა მონიტორი, რომელიც კაპოტის თავზეა დამონტაჟებული, თამაშისთვის დისპლეის წარმოადგენს, ხოლო საჭის უკან LCD, უფრო სტატიკური სტიკერია, ვიდრე ფუნქციური დამატება.
რთულია იმის თქმა, შესაძლებელია თუ არა ამ სიმულატორის გამოყენება, უფრო დიდი შანსია, რომ ახალი მყიდველი მას მხოლოდ „საჩვენებლად“ განათავსებს. კლასიკური TOCA-სთვის ის ალბათ შესაფერისია, თუმცა სავარაუდოდ, ნაკლებად პრაქტიკულიც. იდეალურ შემთხვევაში, ის შეიძლება ადაპტირებული იყოს ისეთი თამაშებისთვის, როგორიც Gran Turismo 2-ია და ამ შემთხვევაში, მისი ღირებულებაც მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა.