აუქციონი, კლასიკური ავტომობილები, ფერარი, ტოიოტა ქრაუნი, ფერარი 456, ფერარი 456 ემი ჯითიეი
Aa
Aa

$55 000-იანი Ferrari V12 კარგი შემოთავაზებაა, სანამ მისი სერვისის ქვითარს ნახავთ

თუ ოდესმე V12 ძრავის მქონე Ferrari-ზე გიოცნებიათ, ეს შემთხვევა იმის დასტურია, რომ ელიტარულ ჯგუფში გაწევრიანება ჩვეულებრივ „მოკვდავებსაც“ შეუძლიათ. 2000 წლით დათარიღებული Ferrari 456M GTA, ცოტა ხნის წინ, აუქციონზე $55 000-ად გაიყიდა, რაც ძალიან კარგი ფასია, სანამ მანქანის სერვისის ქვითარს ნახავთ.

V12-ზე მომუშავე Ferrari-ს ახალ Toyota Crown-ის ფასად შეძენა საკმაოდ დიდი იშვიათობაა, თუმცა Ferrari-ის გამოცდილმა მფლობელებმა უკეთ იციან, რომ ტექნიკური გადასახადები ამ სიამოვნებას ყოველთვის თან ახლავს. თუმცა ცუდი გარიგება მაინც არ უნდა იყოს თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ავტომობილის ფასი 25 წლის წინ 230 000 დოლარს შეადგენდა. ეს არსებული ინფლაციის გათვალისწინებით, დღევანდელ კურსში დაახლოებით $426 000-ია. წარმოდგენილი 456M GTA-ის ონლაინაუქციონი Bring a Trailer-ზე გასულ შაბათ-კვირას გაიმართა. ავტომობილს მხოლოდ 48 000 კილომეტრი აქვს დაფარული და სუფთა ისტორიაც აქვს.

ავტომობილის 17-ინჩიანი საბურავები, დღევანდელ სტანდარტებთან შედარებით, შესაძლოა მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა Pininfarina-ს სტილის კორპუსსა და კლასიკურ ვიზუალს შეესაბამება. ამას ემატება Grigio Ingrid-ის საღებავი, კრემისფერი ტყავის ინტერიერი და თითქოსდა, ეს მანქანაც გზებზე დასაბრუნებლად მზად არის.

მოგრძო კაპოტის ქვეშ ატმოსფერული 5.5-ლიტრიანი V12 ძრავა იმალება, რომელიც 436 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. როგორც GTA სამკერდე ნიშანი მიუთითებს, მანქანაში 4-სიჩქარიანი ავტომატიკა გვხვდება, რომელიც ძრავის სიმძლავრეს უკანა ბორბლებზე გზავნის. თუმცა ამ 456M GTA-ს, ან თითქმის ნებისმიერი მისი თანამებრძოლის რეალური პრობლემა 25 წლის Ferrari-ს გზებზე შენახვის მაღალი ღირებულებაა.

აუქციონზე, ავტომობილის შესახებ განთავსებულ ინფორმაციაში, დეტალურადაა მოცემული სერვისის ჩანაწერები, რომელთაგან ერთ-ერთი აჩვენებს, რომ დაახლოებით 50 000 კილომეტრის სერვისის ღირებულება $18 000-ს აღემატება. ამას ემატება ზეთის შეცლის, ახალი სამუხრუჭე სითხისა და უკანა ამორტიზატორის შეცვლის ღირებულებაც, რაც 8 000 დოლარზე მეტია. გამოდის, რომ თუ ერთი შეხედვით ეს Ferrari კარგ გარიგებად ჩანდა, მისი ახალი მფლობელი ავტომობილის ღირებულებას მომდევნო წლებში, მხოლოდ სერვისის გადასახადებისთვის დახარჯავს და ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს მანქანა უკვე 25 წლისაა და ასაკიც ემატება.

 

მსგავსი სიახლეები