ფორმულა 1, ჯერემი კლარკსონი, ფორმულა, ტოპ გირი, გრანდ ტური
Aa
Aa

ჯერემი კლარკსონი: მე ვიცი, როგორ უნდა გავხადოთ Formula 1 უფრო საინტერესო

იაპონიის წლევანდელი გრან-პრი ბევრისთვის მოსაწყენი გამოდგა, მაშინ, როდესაც ტრადიციულად სუზუკა ამაღელვებელი რბოლებითა და კარგი სტრატეგიული გადაწყვეტილებებით გვამახსოვრებს ხოლმე თავს. შედეგად, წლევანდელ რბოლას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, რომელთა შორისაც Top Gear-ისა და The Grand Tour-ის ლეგენდარული ტელეწამყვანი ჯერემი კლარკსონიც მოხვდა. ეს უკანასკნელი კი, „ფორმულას“ გასულ გრან-პრის სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა და რა გასაკვირია, რომ ბევრი თანამოაზრეც მალევე გამოუჩნდა.

„მე მაქვს იდეა, როგორ გავხადოთ F1-ის რბოლები უფრო საინტერესო. ნუ გამოიყენებთ ტრასებს, რომლებზეც გადასწრება რთულია“, - განაცხადა კლარკსონმა. ეს შესაძლოა ერთგვარი მოწოდება იყოს „ფორმულას“ ორგანიზატორებისთვის, რომ თუ ტრასები, როგორებიცაა სუზუკა, მონაკო და სხვები, აღარ არის შესაფერისი დღევანდელი მანქანებისთვის და მათი მძღოლებისთვის, უნდა შეიცვალოს. თეორიულად მარტივია, თუმცა F1 მრავალმილიარდიანი ბიზნესია და ცვლილებებიც ასე მარტივად არ ხდება.

კლარკსონის ერთ-ერთმა მიმდევარმა მისი განცხადების პასუხად საკუთარი აზრიც დააფიქსირა, აღნიშნა, რომ შესაძლოა პრობლემა მანქანები იყოს და არა ტრასები და ამ ყველაფერში, F1-ის კორპორაციულ მფლობელები და მეგაგადასახადებიც დაადანაშაულა. კომენტარს კლარკსონმა მალევე უპასუხა: „რა თქმა უნდა. ბოლიდები უფრო დიდია, ასე რომ მიიღეთ ეს მოცემულობა და გამოიყენეთ შესაბამისი ტრასები. საბოლოო ჯამში, შემოსავალი გულშემატკივრიდან მოდის, ყოველთვის“.

სრულად ნათელი არაა, რისი თქმა სურს კლარკსონს, თუმცა ის ალბათ გულისხმობს, რომ შემოსავლის დიდი ნაწილი გულშემატკივრების დასწრებიდან მოდის. რეალურად, რაც უფრო საინტერესოა რბოლა, მით უკეთესია ეს ყველასთვის - გულშემატკივრებისთვის, სპონსორებისთვის და ორგანიზატორებისთვის. ემოციებით დატვირთული რბოლები უამრავი ადამიანის ყურადღებას იპყრობს და განხილვის მთავარ თემადაც მარტივად ექცევა. ეს სპონსორების დაინტერესებას და შესაბამისად, მრბოლელების ანაზღაურებასაც ზრდის. გამოდის, რომ რბოლაც ერთგვარი ბიზნესია, რომელსაც თავისი მუშაობის სპეციფიკა აქვს.

მსგავსი სიახლეები