ჩინური Mercedes-ი ევროპის დასაპყრობად ემზადება
ჩინური ავტომწარმოებლები ევროპის ბაზარზე გაძლიერებას წლებია აქტიურად ცდილობენ, ამჟამად კი, BYD კონტინენტზე თავის პრემიუმ სეგმენტის მოდელს უშვებს. აღნიშნული მოდელს Denza ჰქვია და იგი უკვე ევროპაშია. პირველი მოდელი, რომელიც რეგიონში გამოჩნდება Z9 GT იქნება, მისი გაყიდვები სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლოსკენ დაიწყება.
Denza 2011 წელს, BYD-ისა და Mercedes-Benz-ის საერთო საწარმოდ ჩამოყალიბდა. თუმცა ბრენდს მომხმარებელთა მოზიდვა გაუჭირდა და პირველ ათწლეულში მხოლოდ 23 000-მდე ერთეული ავტომობილის გაყიდვა მოახერხა. Mercedes-Benz-ი კომპანიას 2022 წელს ჩამოშორდა, ჯერ 10%-იანი წილი დაიტოვა, შემდეგ კი, მასზე კონტროლი სრულად ელექტრომობილების მწარმოებელ BYD-ის გადააბარა. ამჟამად Denza ჩინური BYD-ის საკუთრებას წარმოადგენს.
კომპანიამ ევროპაში ახალი ბრენდის გაშვების შესახებ განცხადება მიმდინარე კვირაში, მილანში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა. ევროპაში BYD-ის სპეციალური წარმომადგენლის, ალფრედო ალტალივას განცხადებით, Denza-ს მომხმარებლები პრემიუმ სეგმენტთან ერთად იქნებიან ახალგაზრდები, რომლებსაც ტექნოლოგიები აინტერესებთ.
ჩინეთში, BYD ორ სხვა პრემიუმ ქვებრენდთან, Fang Cheng Bao-სა და Yangwang-თან ერთად ოპერირებს. ArenaEV-ის თანახმად, BYD ევროპის რეგიონში Fang Cheng Bao-თან გაერთიანებასაც გეგმავს და ხაზში, საერთო ახალ მოდელებსაც გამოუშვებს.
Denza-ს ევროპული ხაზის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუსაჯაროებია. არსებული ინფორმაციით, Z9 GT-ის მდიდრული D9-ის ფურგონი მოჰყვება, რომლის გაშვებაც დიდი ალბათობით წლის დასასრულისკენ იგეგმება. ორივე მოდელი ჩინეთში იწარმოება, თუმცა ოქტომბრიდან, კომპანია ავტომობილების წარმოებას უკვე უნგრეთში არსებულ ქარხანაშიც დაიწყებს.
ესკიზიდან ჩანს, რომ Z9 GT-ის დიზაინი Porsche Taycan Sport Turismo-ს წააგავს, თუმცა მასთან შედარებით უფრო დიდი ზომისაა. ავტომობილის სიმძლავრე კი, სამი ელექტროძრავიდან მოდის, რომლებიც 100.1 კვტ/სთ-ის ლითიუმ იონური ბატარეიდან იკვებება და 952 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ჩინეთში კომპანია ამ მოდელის PHEV ვერსიასაც გაუშვებს, რომელიც 2-ლიტრიანი ტურბო ძრავითა და ელექტროძრავითაა აღჭურვილი და მისი სიმძლავრე 858 ცხენის ძალას აღწევს.