საქართველო, თბილისი, თბილისის მერია, გზის აღდგენითი სამუშაოები
Aa
Aa

მარცხენა სანაპიროზე ჩამონგრეული გზის აღდგენა 5 მლნ ლარი დაჯდება

მარცხენა სანაპიროზე ჩამონგრეული გზის აღდგენა 5 მლნ ლარი დაჯდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ორი გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა. 

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე რესტორან „გაგრა“-ს მიმდებარედ გააქტიურებული გეოდინამიკური პროცესების შედეგებით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოების შესყიდვისთვის გამოყოფილია 4 700 000 ლარი. ხოლო, გააქტიურებული გეოდინამიკური პროცესების შედეგებით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოების საპროექტო მომსახურებისთვის 300 000 ლარი.

შესყიდვის დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მომხდარის შედეგად დაზიანდა გზის დამჭერი საყრდენი კედელი, გზის სავალი ნაწილის პირველი ზოლი და დეფორმირებულია ფეხით მოსიარულეთა ტროტუარი. შესაბამისად, დოკუმენტში განმარტებულია, რომ საავტომობილო გზის და არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მოსალოდნელი დეფორმაციის ხარისხის ზრდის აღკვეთის და შემდგომი მდგრადი ფუნქციონირების მიზნით, აუცილებელია გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელება.

შეგახსენებთ, 7 აპრილს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა, გზაზე გაჩენილი ბზარების მიზეზით შეიზღუდა. როგორც მაშინ განიმარტა, რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საჭირო იყო გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება. თუმცა, რამდენიმე საათში, აღნიშნული გზის მონაკვეთი ჩამოინგრა. ოფიციალური განმარტებით, მტკვარმა, საყრდენ კედელს ძირი გამოურეცხა, რამაც გზის ჩავარდნა გამოიწვია.

 

წყარო - bpn.ge

მსგავსი სიახლეები