„თუ ძველი ფასებით გაიყიდა, შესაძლოა, ადგილზე არსებული ავტომობილები ამოიყიდოს“ - რა გავლენა ექნება ტარიფებს ავტობიზნესზე
„ავტომობილების გაძვირება მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს“ - ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე აშშ-ში უცხოური ავტომობილების იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესებას.
როგორც ნონიაძე აღნიშნავს, ფასის გაძვირების ფონზე შესაძლოა, ამერიკაში გარკვეულწილად ავტომობილების დეფიციტი შეიქმნას, რასაც შესაძლოა, მოკლე - 2-3-თვიანი დადებითი ეფექტი ჰქონდეს საქართველოზე.
კერძოდ, ავტოიმპორტიორი ამბობს, რომ შექმნილი დეფიციტის პარალელურად შესაძლოა, საქართველოში ის ავტომობილები, რომელიც ჩამოყვანილია გასული 1 წლის განმავლობაში და არსებული ფასი შენარჩუნდება, შესაძლოა, ამოიყიდოს.
„რთულია ამის თქმა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ფასის ზრდა ყოველთვის იწვევს მოთხოვნის შემცირებას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ორმხრივი პროცესია. ერთი - გაძვირება მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს, მეორეს მხრივ კი გვაქვს დეფიციტური ბაზარი. შეიძლება ამან გამოიწვიოს ის, რომ ადგილზე არსებული ავტომობილების ამოყიდვა მოხდეს, თუ რა თქმა უნდა, ძველი ფასებით გაიყიდა. ამან შეიძლება რამდენიმეთვიან პერიოდში დადებითი შედეგი მოიტანოს. მაგრამ, ხაზი მინდა გავუსვა, რომ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ მოკლევადიან პერიოდზე, ისიც იმ კატეგორია ავტომობილებზე, რომელიც 1 წელია საქართველოში ადგილზე ჩამოსული უკვე.
ბევრი პრობლემა აქვთ ავტომოიმპორტიორებს გაყიდვასთან დაკავშირებით, ამიტომ არ მინდა არასწორად იყოს აღქმული. რომ დავაზუსტოთ, რაღაც მომენტში, თუ ამერიკაში ფასის ზრდის გამო გაჩნდა დეფიციტი, ეს შეიძლება კარგი იყოს ჩვენთვის მხოლოდ 2-3 თვის განმავლობაში, სანამ არსებული ავტომობილები ამოიყიდება, მაგრამ ვიმეორებ, ეს იქნება მოკლევადიანი ეფექტი“, - ამბობს ნონიაძე.
ინფორმაციისთვის, გასულ კვირას აშშ-მა ამერიკაში იმპორტირებულ ყველა ახალ ავტომობილზე 25%-იანი ტარიფები დააწესა.
ცნობისთვის, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში შემოვიდა 19 765 ავტომობილი, რომლის ღირებულებამაც 326.8 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
ავტომობილების უდიდესი ნაწილი ქვეყანაში შემოვიდა ამერიკიდან. უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში აშშ-დან იმპორტირებულია 193 495 530 დოლარის ღირებულების 15 301 ერთეული ავტომობილი.
საანგარიშო პერიოდში ერთი ავტომობილის იმპორტი ქვეყანას გადასახადების გარეშე საშუალოდ 12 645 დოლარი უჯდებოდა, თუმცა ფასი მოდელისა და წლოვანების მიხედვით შესაძლოა უფრო მეტი ან ნაკლები ყოფილიყო.
წყარო - bpn.ge