ბაგებიდან ქავთარაძის ქუჩაზე მოხვედრა 1 თვეში მოკლე გზით იქნება შესაძლებელი
უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება. აღნიშნულ ობიექტზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების ბოლო ეტაპი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
გვირაბის კონსტრუქციის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად, ხორციელდება გვირაბის შესასვლელ-გასასვლელი პანდუსების, ბეტონის კედლების მოწყობა და ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები. ასევე, მიმდინარეობს სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემის მოწყობა და გვირაბში მონტაჟდება განათების სისტემა. აღნიშნული გვირაბით, ბაგები ახალაშენებული ხიდით ქავთარაძის ქუჩას დაუკავშირდება. პროექტის ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი და გაფართოვდა შავიშვილის ქუჩა. სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება და აღნიშნული გვირაბის გამოყენება შესაძლებელი გახდება.
სამუშაოების ფარგლებში, მშენებარე გვირაბიდან პეტრე ქავთარაძის ქუჩამდე არსებული, შავიშვილის ქუჩის გარკვეული მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება. ტერიტორიაზე ეწყობა სანიაღვრე სისტემა, მიმდინარეობს რკინაბეტონის საყრდენი კედლების მშენებლობა და საჰაერო სადენების მიწისქვეშა კაბელ-არხებში გადატანა. ასევე, დაგეგმილია გარე განათების ქსელის მოწყობა და LED სანათების მონტაჟი.
პროექტს, რომლის დასრულების შემდეგაც, უნივერსიტეტის ქუჩიდან პეტრე ქავთარაძის ქუჩაზე მოხვედრა უმოკლესი გზით იქნება შესაძლებელი, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. ახლად მოწყობილ გვირაბში ავტოტრანსპორტი ორმხრივად, თითო ზოლში თითო მიმართულებით იმოძრავებს.
წყარო - bpn.ge