ელექტრომობილი, ტესლა, ტესლა მოდელ უაი, დამუხტვის დიაპაზონი
Aa
Aa

ყველაფერი, რაც Tesla Model Y-ის შესახებ უნდა ვიცოდეთ

2020 წლის დებიუტის შემდეგ, ამერიკული ავტომწარმოებლის, Tesla-ს Model Y ელექტრომობილების გლობალური ბაზრის ერთ-ერთ ფავორიტად იქცა. განსაკუთრებული პოპულარობა კი, შეერთებული შტატების ბაზარზე მოიპოვა, სადაც მომხმარებლის მოზიდვა მისი მაღალტექნოლოგიურობისა და ინოვაციებისკენ მიდრეკილებით მოახერხა. მას შემდეგ, Model Y-ის რამდენიმე ახალი თაობაც ვიხილეთ - გაუმჯობესებული შესაძლებლობებით, ტექნოლოგიური განვითარებით და რაც EV-ებისთვის მთავარია: ერთი დამუხტვით გაზრდილი დაფარვის დიაპაზონით.

კომპაქტური ელექტრო კროსოვერი Tesla-ს ხაზში რიგით მეოთხე მოდელი იყო. Model Y ორ ელექტროძრავის გამოყენებით მუშაობს და სრულად ამძრავია. EPA-ს თანახმად, 2020 წლის მოდელის Long Range ვერსია სრულად ელექტრო მუშაობით, ერთი დამუხტვით, დაახლოებით 510 კილომეტრს გადის, დაახლოებით 500 კილომეტრის დაფარვა შეუძლია მის Performance ვერსიას. Tesla-ს ინფორმაციით, სუპერდამუხტვის სადგურებზე, ელექტრომობილის სრულად დამუხტვას 15 წუთამდე სჭირდება.

რაც შეეხება ავტომობილის შესაძლებლობებს, 2020 წლის Model Y-ის Long Range ვერსია 0-დან 100-მდე 4.8 წამში ჩქარდება და მაქსიმალურ სიჩქარეს 220 კმ/სთ-ზე აღწევს. Performance-ის შემთხვევაში, ეს მონაცემები შესაბამისად 3.5-წამიან აჩქარებასა და მაქსიმალურ სიჩქარეზე 230 კმ/სთ-ს უტოლდება.

სრულად ელექტრო ავტომობილის გაშვებიდან ერთი წლის შემდეგ, Long Range-ს მოდელს უკანა ამძრავი და 7-ადგილიანი ვერსიებიც დაემატა. Long Range AWD-ის 2021 წლის ვერსია 384 ცხენის ძალასა და 510 ნიუტონ მეტრს გვთავაზობს, ხოლო Performance AWD-ის შესაძლებლობები 456 ცხენის ძალასა და დაახლოებით 500 ნიუტონ მეტრს აღწევს. ერთი სრული დამუხტვით დაფარვის დიაპაზონი Long Range მოდელებისთვის 530 კილომეტრს, ხოლო Performance-სთვის 490 კილომეტრს აღწევს.

2022 წლის მოდელში Tesla-მ 4680 სტრუქტურული ბატარეის პაკეტი წარადგინა, ასევე ავტომობილი წინამორბედთან შედარებით ბევრად მსუბუქი და მყარი კორპუსითაც შენიღბა. თუმცა ორძრავიანი კონფიგურაციის სრულად ამძრავი მოდელის დაფარვის დიაპაზონი არცერთი ვერსიისთვის არ შეცვლილა. მსგავსად 2022-2024 წლის მოდელების დაფარვის დიაპაზონი 531-533 კილომეტრამდე მერყეობდა.

გაშვებიდან ხუთი წლის შემდეგ, ახალ მოდელში Tesla Model Y ფართო ინტერიერს და გაუმჯობესებული მართვის დიაპაზონს გვთავაზობს. ავტომობილი საფუძველს Tesla Model 3-ის სედანთან ინარჩუნებს, თუმცა ბარგისთვის უფრო მეტ სივრცეს და სავარძლების მესამე რიგსაც უზრუნველყოფს. შედეგად, 2025 წლის განახლება, ელექტრომობილს ბევრად სასიამოვნო სამოგზაურო მანქანად აქცევს, როგორც თვითონ მძღოლისთვის, ასევე მგზავრებისთვის.

შედეგად, Tesla-ს ყველაზე პოპულარული SUV 2025 წლისთვის უფრო მეტად სტილის მხრივ შეიცვალა. ცვლილებებს ვხედავთ მაშუქებზეც, რომლებიც ერთმანეთს ახლა უკვე სრული სიგანის განათების ზოლით უკავშირდება. 2025 წლის მოდელს, Tesla ძრავის ძირითადი ცვლილებების გარეშე წარადგენს, თუმცა აუმჯობესებს, როგორც ერთი დამუხტვისთვის გათვლილ დიაპაზონს, ასევე ელექტრომობილის აჩქარებას.

2025 წლის მოდელებში სამ ვერსიას ვიხილავთ, ესენია: უკანა ამძრავი 110 (Rear-Wheel Drive 110), უკანა ამძრავი (Rear-Wheel Drive) და გრძელი დიაპაზონის სრულად ამძრავი (Long Range All-Wheel Drive). შედეგად, მათი შესაძლებლობებიც განსხვავებულია.

Rear-Wheel Drive 110 კომპანიამ სინგაპურის ბაზრისთვის წარადგინა. ამ კონკრეტულ ვერსიას უფრო დაბალი სიმძლავრე აქვს, რომელიც 147 ცხ.ძ-ით შემოიფარგლება. შესაბამისად, ეს მას ხაზის ყველაზე ხელმისაწვდომ მოდელადაც აქცევს. ეს ვერსია 0-დან 100-მდე 9.6 წამში ჩქარდება, რაც საკმაოდ ნელია, ვიდრე მისი სტანდარტული ვარიანტი და ერთი დამუხტვით 466 კილომეტრს ფარავს.

რაც შეეხება სტანდარტულ Rear-Wheel Drive-ს, 110-ის ვარიანტთან შედარებით, შეცვლილი აქ მხოლოდ ცხენის ძალები და აჩქარებაა. ეს ვერსია 342 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100-მდე 5.9 წამში ჩქარდება. ერთი დამუხტვით მისი დიაპაზონი კი, სინგაპურისთვის გათვლილი მოდელის მსგავსად, 466 კილომეტრით შემოიფარგლება.

ცვლილებები შესამჩნევია Long Range-ის შემთხვევაში. გრძელი დიაპაზონის მქონე Model Y-ის მაქსიმალური დაფარვა ერთი სრული დამუხტვით 551 კილომეტრს აღწევს. აქვე საინტერესოა, რომ მისი მაქსიმალური დამუხტვის სიმძლავრე 250 კილოვატია და 100%-მდე მიღწევას სულ რაღაც 15 წუთი სჭირდება. Tesla-ს ეს ვერსია 507 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100-მდე დაახლოებით 4.3 წამში ჩქარდება.  არსებული ინფორმაციით, ამ მოდელების ფასი $46 000-დან დაიწყება და $62 000-ს მიაღწევს.

მსგავსი სიახლეები