ფორმულა 1, რეგულაციები, კარლოს საინსი, ფია, ვილიამსი
Aa
Aa

კარლოს საინზი შესაძლოა ბილწსიტყვაობის გამო დაჯარიმდეს

Williams-ის პილოტი კარლოს საინზი, ბაჰრეინის გრან-პრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ბილწსიტყვაობისთვის შესაძლოა კიდევ ერთხელ დაჯარიმდეს. იაპონიის გრან-პრისას ეროვნული ჰიმნის ცერემონიალზე 5 წამით დაგვიანებისთვის, რაც სამედიცინო პრობლემებით იყო გამოწვეული, საინზი 20 000 ევროთი უკვე დააჯარიმეს.

ბაჰრეინში გამართულ პრესკონფერენციაზე, საინზი ჯარიმის თემას შეეხო და განაცხადა: "Shit happens". ეს წინადადება კი, FIA-ს 2025 წლის შეცვლილი კოდექსის წესებით, ჩემპიონატის ენობრივ პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ახალი წესებით, პილოტებს შეურაცხმყოფელი მიმართვები და ბილწსიტყვაობა ეკრძალებათ. პირველ შემთხვევაზე ჯარიმა 40 000 ევროა, მეორე დარღვევაზე 80 000 ევრო და 1 თვით ჩემპიონატიდან ჩამოშორება, მესამეზე - 120 000 ევრო, კვლავ 1-თვიანი ჯარიმა და პლუს, ჩემპიონატში ქულების დაკლება.

FIA-ს აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. თავის მხრივ, საინზმა ბოდიში უკვე მოიხადა, რამაც შესაძლოა მისი სასჯელის ზომაც შეამციროს.

Williams-ის პილოტის განცხადებითვე, პრესკონფერენციისას და მედიასთან ურთიერთობის პროცესში ბილწსიტყვაობა დაუშვებელია, თუმცა გუნდის რადიოზე FIA-ს მხრიდან კონტროლის დაწესების მცდელობა - გადაჭარბებულია. საინზის თქმით, მსგავსი შეზღუდვები რბოლების დროს პილოტებზე ზეწოლას ახდენს და მათი რეალური ემოციების გამოვლინებას თრგუნავს.

მსგავსი სიახლეები