Honda-ს ორ მილიონზე მეტი ავტომობილი გამოძიების პროცესშია
საავტომობილო გზების უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) ინფორმაციით, Honda-ს ძრავების გაუმართაობის შესახებ, მომხმარებელთა მიმართვიანობის საფუძველზე, გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება 2 მილიონზე მეტ ავტომობილს მოიცავს და შუქნიშანზე ან გზების კვეთაზე მანქანის სრულად გაჩერების შემდეგ, ძრავის დამოუკიდებლად გადატვირთვის პრობლემაზე მიუთითებს.
ავტომობილების გაუმართაობაზე NHTSA-ს გამოძიების ოფისმა (ODI) საკითხთან დაკავშირებით, 1 000-დე მეტი საჩივრის მიღების შესახებ გააკეთა განცხადება. გამოძიება, ამ ეტაპზე, რამდენიმე ძირითად მოდელზეა კონცენტრირებული, მათ შორისაა 2016-2025 წლის Honda Pilot-ი, 2018-2025 წლის Honda Odyssey, 2019-2025 წლის Honda Passport-ი, 2020-2025 წლის Honda Ridgeline, 2015-2025 წლის Acura TLX-ი და 2016-2025 Acura MDX-ი. გამოძიება 26 მარტს დაიწყო.
პოტენციური დეფექტი Honda-ს Auto Idle Stop-ის (AIS) სისტემაშია აღმოჩენილი. სისტემა, საწვავის წვის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, ავტომობილის სრულად გაჩერების შემთხვევაში, ძრავას ავტომატურად თიშავს, შემდეგ კი გადაიტვირთება და მოძრაობას აგრძელებს.
თუმცა, მომხმარებელთა მიმართვიანობით, შუქნიშანზე ან გზების კვეთაზე შეჩერებისას, ჩართული Auto Start/Stop-ით, ძრავა ავტომატურად გადატვირთვას ვერ ახერხებს. ამ თემაზე ODI-მ სულ მცირე 1 384 შეტყობინება მიიღო და აქედან ოთხ შემთხვევაში, მძღოლთა მტკიცებით, სისტემის გაუმართაობამ ხანძარი და ავარია გამოიწვია. შედეგად, გამოძიების ფარგლებში Honda დაახლოებით 2 209 466 ერთეული ავტომობილის გამოკვლევას გეგმავს.
NHTSA-ს განცხადებაში ნათქვამია, ავტომობილები „უსაფრთხოების პოტენციური დეფექტის შემდგომი განხილვის მიზნითა და პრობლემის შესახებ დამატებით ინფორმაციის მისაღებად“ საინჟინრო ანალიზს დაექვემდებარებიან. სააგენტოს ცნობით, მსგავსი ანალიზის საბოლოოდ შედეგების მიღებას 18 თვე სჭირდება. ამის შემდგომ დადგინდება, არის თუ არა გაწვევა გამართლებული.