აუქციონი, ფორმულა 1, მიხაელ შუმახერი, ფერარი, ფერარი ეფ2001
Aa
Aa

შუმახერის ყველაზე ლამაზი Ferrari ახალი რეკორდის დასამყარებლად ემზადება

ბოლო წლებში, აუქციონებზე Formula 1-ის არაერთი ბოლიდი ვიხილეთ, რომელთაც წარსულში ლეგენდარული გერმანელი პილოტი, მიხაელ შუმახერი მართავდა. გასაკვირი არცაა, რომ თითოეული ეს მოდელი თვალისმომჭრელ ფასადაც გაიყიდა. რამდენიმე დღის წინ, აუქციონზე შუმახერის F1-ის კიდევ ერთი საკულტო მოდელი გამოჩნდა, რომელიც საკოლექციო მოდელთან ერთად, ისტორიულიცაა. ამ ბოლიდს გერმანელი 2001 წლის მონაკოს გრანპრიზე მართავდა - ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რბოლაზე Formula-ს კალენდარში.

Ferrari F2001 იმავე წლის F1 მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში გამოიყენებოდა და მის საჭესთან შუმახერის გარდა, რუბენს ბარიჩელოც გვხვდებოდა. თუმცა შუმახერმა იმავე წელს ცხრა ბრძოლა მოიგო და თავისი მეოთხე ჩემპიონატიც დაისაკუთრა. შედეგად, F2001 გერმანელის დომინაციის პერიოდში ერთ-ერთი მთავარ ფიგურად იქცა.

ამ მანქანით, შუმახერმა არა მხოლოდ მონაკოს გრან-პრი მოიგო, არამედ გამარჯვება უნგრეთის გრან-პრიზეც მოიპოვა. ეს სწორედ ის რბოლაა, რომელშიც შუმახერმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც დაიმსახურა.

F2001 „ფორმულა 1“-ის სხვა მნიშვნელოვან ფიგურებთან ერთად, როს ბრაუნმა დააპროექტა. ეს მოდელი 3-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავით იკვებებოდა და 7-სიჩქარიან  ნახევრად ავტომატურ თანმიმდევრულ გადაცემათა კოლოფთან იყო დაკავშირებული. იმ დროისთვის, F1-ის ავტომობილები დაახლოებით 825 ცხენის ძალას გამოიმუშავებდნენ და მხოლოდ 600 კილოგრამს იწონიდნენ.

ამჟამად, შუმახერის ავტომობილი Sotheby's-ის აუქციონის სახლის მეშვეობით იყიდება.  ეს მოდელი 2024 წელს და ამ წლის დასაწყისშიც, თავად Ferrari-ის მიერ გადაკეთდა და იდეალურ მდგომარეობაშია. და რაც მთავარია  F2001 მუშაობს, რასაც ვერ ვიტყვით ბევრი სხვა F1-ის მოდელისგან, რომელიც ამ დრომდე აუქციონზე გასაყიდად გამოუტანიათ.

გამომდინარე იქიდან, რომ აუქციონი საჯარო არაა, ბევრი დეტალი სავარაუდოდ კონფიდენციალური დარჩება. მათ შორის ავტომობილის ფასიც. თუმცა წინასწარი შეფასებებით, ბოლიდი სულ მცირე 10 მილიონ დოლარად უნდა გაიყიდოს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ F1-ის მანქანადაც აქცევს.

 

მსგავსი სიახლეები