რეიტინგი, აჩქარება, ლამბორგინი რევუელტო, ფერარი ესეფ90, ბუგატი ტურბილონი, რიმაც ნევერა, ბუგატი შირონი სუპერ სპორტ 300, კოენიგსეგ ჯესკო აბსოლუტი, ყველაზე სწრაფი მანქანები, ულტიმა არეს ელთი5, ტესლა მოდელ ეს ფლეიდი, ფერარი ეფ80, კოენიგსეგ გემერა, ლუსიდ ეარ საფჰირი, ასპარკ ოული
Aa
Aa

რომელი ავტომობილი ჩქარდება ყველაზე სწრაფად? | ტოპ-10

წლებია ავტომწარმოებლები ერთმანეთს ყველაზე სწრაფი მანქანის შექმნაში ეჯიბრებიან. ავტომობილების მაქსიმალური სიჩქარის დადგენა, გზებზე, საკმაოდ რთული თემაა, თუმცა როდესაც საქმე აჩქარებას ეხება, მაშინ ყველაზე კარგი საზომი 0-დან 100 კმ/სთ-მდე მათი შედეგების შედარებაა.

დროთა განმავლობაში, ყველაზე სწრაფი აჩქარების მქონე ავტომობილებს შორის ელექტრომობილებიც გამოჩნდნენ. ამის მიუხედავად, გამძლე V8-ებისა და დახვეწილი მრავალცილინდრიანი ძრავებისთვის ათეულში ადგილი კვლავ მოიძებნება. დღეს სწორედ 10 ყველაზე სწრაფი აჩქარების ავტომობილს წარმოგიდგენთ, რომელთა ხილვაც დღეს გზებზე შეგიძლიათ:

-           Aspark Owl - 1.72 წამი (0-დან 100-მდე)

დღეს არსებული ავტომობილებიდან, 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებით ყველაზე სწრაფი ავტომობილის ტიტული Aspark Owl-ს ეკუთვნის. 1 984 ცხენის ძალითა და 2 000 ნიუტონ მეტრით, რომელსაც ეს მოდელი ოთხი ელექტროძრავის საშუალებით აწარმოებს, Owl-ის მაქსიმალური სიჩქარე 415 კმ/სთ-ს აღწევს. ეს შედეგი მას გზებზე ლეგალურ ყველაზე სწრაფ ელექტრომობილად აქცევს და შესაძლოა, ყველაზე სწრაფ ავტომობილადაც, რომლის შესახებაც ოდესმე გსმენიათ.

ამ იაპონური ელექტრო სპორტქარის გამოშვებიდან უკვე შვიდ წელზე მეტი გავიდა. მწარმოებელმა თავის დროზე 50 ეგზემპლარის გამოშვება დააანონსა. მიწოდება კი სულ რაღაც ორი წლის წინ დაიწყო. ეს მოდელი 69 კვტ/სთ-ის ლითიუმ იონური ბატარეითაა აღჭურვილი, რომლის საშუალებითაც ერთი დამუხტვით 450 კილომეტრზე მეტს ფარავს.

-           Rimac Nevera - 1.85 წამი (0-დან 100-მდე)

1 888 ცხენის ძალის მქონე Rimac Nevera ხორვატიული კომპანიის უახლესი პიპერქარია, რომელიც 0-დან 100-მდე სულ რაღაც 1.85 წამში ჩქარდება. ეს მოცემულობა, მას მეორე ყველაზე სწრაფი აჩქარების მქონე მოდელად აქცევს. მოდელი პლატფორმასა და ელექტრო ტექნოლოგიებს Pininfarina Battista-სთან იზიარებს, მაქსიმალურ სიჩქარეს კი, Owl-ის მსგავსად 415 კმ/სთ-ზე აღწევს. ავტომობილი ჯამში ოთხი ძრავით იკვებება და სიმძლავრეს ოთხივე ბორბალზე ანაწილებს. დამატებით 120 კვტ/სთ-ის მქონე ბატარეა კი, ერთი დამუხტვით, 550 კილომეტრამდე დაფარვის საშუალებას იძლევა.

ცნობისთვის, Nevera-ს გაუმჯობესებული ვერსია, Nevera R-ი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 1.74 წამს ანდომებს. საბაზისო მოდელისგან განსხვავებით, ეს მოდელი შედარებით მეტ, 2 100 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

-           Lucid Air Sapphire - 1.89 წამი (0-დან 100-მდე)

მაღალი წარმადობის მქონე ელექტრომობილებს შორის Lucid-ის დასახელება ალბათ გაგვიჭირდება, თუმცა ეს კონკრეტული მოდელი ყველაზე სწრაფი აჩქარების მქონე მანქანებს შორის საპატიო მესამე ადგილს იკავებს. Air Sapphire 0-დან 100-მდე სულ რაღაც 1.89 წამში ჩქარდება და Nevera-ს სულ მცირედით ჩამოუვარდება. ეს შედეგი კი ავტომობილისთვის, რომელიც იდეალურია ოჯახის კომფორტული მოგზაურობისთვის, საკმაოდ კარგია.

Air Sapphire მაქსიმალურ სიჩქარეს 330 კმ/სთ-ზე აღწევს, სულ სამი ძრავითაა აღჭურვილი და 1 234 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. EPA-ს შეფასებით, ერთი სრული დამუხტვით, Lucid-ის ამ მოდელს 690 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია.

-           Pininfarina B95, Koenigsegg Gemera და Pininfarina Battista – 1.9 წამი (0-დან 100-მდე)

Pininfarina-ს ჰიპერქარის დიზაინი ბევრად უფრო დამამახსოვრებელია, თუმცა ალბათ Battista-ს მოდელი შედარებით უფრო „გონივრულია“. ყოველ შემთხვევაში, აჩქარებით ორივე მათგანი ერთი სისწრაფით ჩქარდება. B95 თითქმის ყველა „არასაჭირო“ დეტალი ჩამოშორებული აქვს, მათ შორის საქარე მინაც. ელექტროძრავების კვარტეტის საშუალებით კი, 1 876 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს საკმარისია, რომ 0-დან 100-მდე სულ რაღაც 1.9 წამში აჩქარდეს, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს 360 კმ/სთ-ზე მიაღწიოს. B95 ერთი სრული დამუხტვით დაახლოებით 480 კილომეტრს გადის, ხოლო 20-80%-მდე სულ რაღაც 25 წუთში იმუხტება.

3-ცილინდრიანი ძრავა, 1 400 ცხენის ძალითა და 1 850 ნიუტონ მეტრით შესაძლოა შეუძლებლად ჟღერდეს, თუმცა Koenigsegg-მა, Gemera-სთან ერთად, ეს რეალობად აქცია. 2-ლიტრიანი PHEV ბრენდის მიერ მოხსენიებულია, როგორც „პატარა მეგობრული გიგანტი (TFG)“ და ის ნამდვილად შეესაბამება მის სახელს. ხოლო დამატებით სამი ელექტროძრავის საშუალებით, სიმძლავრე ოთხივე ბორბალზე ნაწილდება. და მათთვის, ვინც თანამედროვეობას კვლავ არ სწყალობს, Koenigsegg Gemera-s V8 ჰიბრიდიც ხელმისაწვდომია - 2 269 ცხენის ძალითა და 2 750 ნიუტონ მეტრით.

მიუხედავად იმისა, რომ Model S Plaid-ს მხოლოდ ოთხნიშნა სიმძლავრე აქვს, Pininfarina Battista, 1 873 ცხენის ძალის სიმძლავრით (რასაც 2 300 ნიუტონ მეტრიც ემატება) მის შედეგებს თითქმის აორმაგებს. 3-ძრავიანი Tesla-სგან განსხვავებით, Battista-ს სულ ოთხი ძრავა აქვს: ორი 335 ცხ.ძ-ის მქონე წინა ძრავა და ორიც უკანა - 603 ცხ.ძ-ის გამომუშავებით.

-           Bugatti Tourbillon – 2.0 წამი (0-დან 100-მდე)

Bugatti-ის მოდელები რეკორდების დასამყარებლადაა შექმნილი. და რა გასაკვირია, რომ Bugatti Tourbillon-იც მსოფლიოში ერთ-ერთ უსწრაფეს ავტომობილად ითვლება. 446 კმ/სთ-ის მაქსიმალური სიჩქარით, ეს მოდელი 0-დან 100-მდე სულ რაღაც 2 წამში ჩქარდება . Chiron Supersport 300+-სავით სწრაფი ნამდვილად არაა, თუმცა ამ მოდელის შესაძლებლობებიც დასაფასებელია. ცნობისთვის, Tourbillon-ი ავტომწარმოებელმა ჰიბრიდული V16 ძრავით აღჭურვა, რომელიც მას 1 800 ცხენის ძალის გამომუშავებაში ეხმარება.

-           Ferrari F80 – 2.15 წამი (0-დან 100-მდე)

LaFerrari-სა და Enzo-ს მოდელებთან ერთად, Ferrari-ს ცნობილი ჰიპერქარების სიაში F80-იც გვხვდება. ეს უკანასკნელი კი, 3-ლიტრიანი V6 ტვინ-ტურბო ძრავითაა აღჭურვილი და Formula 1-ით ინსპირირებული ჰიბრიდული წყობით, სიმძლავრეს 1 183 ცხენის ძალამდე ზრდის. ეს საკმარისია, რომ ავტომობილმა 0-დან 100 კმ/სთ-ს სულ რაღაც 2.15 წამში მიაღწიოს. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, ის F80-ის შემთხვევაში 350 კმ/სთ-ს აღწევს. ცნობისთვის, ეს მოდელი Ferrari-მ სულ 799 ეგზემპლარად დაამზადა, მათი ღირებულება კი, 3.1 მილიონ ფუნტ სტერლინგს უტოლდება.

-           Tesla Model S Plaid - 1.98 – 2.3 წამი (0-დან 100-მდე)

ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი, მის ხელმძღვანელთან ერთად, ამტკიცებდა, რომ Tesla Model S Plaid-ი პირველი მასობრივი წარმოების ავტომობილი გახლდათ, რომელიც 0-დან 100-მდე სულ რაღაც 1.98 წამში ჩქარდებოდა. ეს ერთი მხრივ დამტკიცდა მაშინ, როდესაც ამ EV-ის შესაძლებლობები სპეციალურ პირობებში გამოცადეს - შესაბამის დრაგზე, მომზადებული ზედაპირით. თუმცა ეს ტესტირება „ერთი ფუტის პრინციპით ჩატარდა“, როდესაც დროის ათვლა მანქანის მიერ 1 ფუტის გავლის შემდეგ იწყება.

რეალურად კი, სტანდარტული გათვლებით, S Plaid-ს 0-დან 100 კმ/სთ-ის განსავითარებლად 2.3 წამი სჭირდება. ეს კი საკმაოდ კარგი შედეგია, განსაკუთრებით კი 4-კარიანი საოჯახო სედანისთვის. ცნობისთვის, სრულად ამძრავი S Plaid-ი 1 020 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ერთი დამუხტვით 637 კილომეტრს გადის.

-           Ultima RS LT5 - 2.3 წამი (0-დან 100-მდე)

მცირე ზომის ბრიტანული ფირმის ავტომობილები Chevrolet-ის LS V8-ითაა აღჭურვილი და 1 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამჯერად ეს ძრავა იმ მოდელშია მოთავსებული, რომლის წონაც სულ რაღაც 930 კილოგრამს შეადგენს. ამ მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 400 კმ/სთ-ს აღემატება და ისიც უნდა ითქვას, რომ ავტომობილი უკანა ამძრავია.

-           Bugatti Chiron Super Sport - 2.4 წამი (0-დან 100-მდე)

სრულად ელექტრო ჰიპერქარების კონკურენტებისგან თავის დასაცავად, Bugatti თავისი W16-ის შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებს. 8-ლიტრიანი W16 ძრავა Chiron Super Sport-ს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ავტომობილად აქცევს, რომელიც ოდესმე შექმნილა. Bugatti Super Sport Chiron  300+-ის შემთხვევაში კი, ამ მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 489 ცხენის ძალას კი აღწევს. ამ კონკრეტული მოდელის 8-ლიტრიანი ოთხმაგი ტურბოდაბერვის W16 ძრავა 1 577 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ თითქმის 4-ტონიანი ავტომობილი, ოთხივე წამყვანი სისტემის დახმარებით, 0-დან 100-მდე აჩქარებას სულ რაღაც 2.4 წამამდე დროს ანდომებს.

-           Lamborghini Revuelto, Koenigsegg Jesko, Ferrari SF90 Stradale - 2.5 წამი (0-დან 100-მდე)

Revuelto პირველი Lamborghini-ია, რომელსაც დასამუხტი პორტი მოჰყვება. თუმცა ამ მოდელს სამ ელექტროძრავასთან ერთად 6.5-ლიტრიანი V12-იც აქვს. 1 001 ცხენის ძალითა და კომბინირებული სიმძლავრით, Revuelto ამასთან ერთად Lamborghini-ის ყველაზე ძლევამოსილი მოდელიცაა. ამ ჰიპერქარს 0-დან 100-მდე მისაღწევად სულ რაღაც 2.5 წამი სჭირდება და წარმოუდგენლად სწრაფია. Lamborghini მაქსიმალურ სიჩქარეს 350 კმ/სთ-ზე ავითარებს და სრულად ამძრავია.

0-დან 100 კმ/სთ-მდე მიღწევას, Lamborghini-ის მსგავსად 2.5 წამს ანდომებს Koenigsegg Jesko-ც. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის ივნისში, აეროდინამიკურმა უკანა ამძრავიანმა Jesko-მ აჩქარების რეკორდიც მოხსნა, 0-400კმ/სთ-0, სულ რაღაც 27.83-წამიანი შედეგით. აჩქარების რეკორდი ტესტდრაივერმა მარკუს ლუნდჰმა Örebro-ს აეროპორტის ტერიტორიაზე დაამყარა. საინტერესოა ისიც, რომ Koenigsegg Jesko Absolut-ის მაქსიმალური სიჩქარე ჯერ კვლავ არ შეუმოწმებიათ. თუმცა კომპიუტერული სიმულატორების გამოთვლებით, ამ ავტომობილს 531 კმ/სთ-ის განვითარება შეეძლება, ხოლო 0-დან 100-მდე 2.6 წამში ჩქარდება.

Jesko Absolut-ს ორმაგი ტურბოდაბერვის V8 ძრავა აქვს, რომელიც ჩვეულებრივ საწვავზე 1 280 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო ეთანოლზე - 1 600 ცხ.ძ-ს.

Ferrari SF90 არის ერთ-ერთი იმ სუპერმანქანიდან, რომელიც V8 ძრავამდე შეამცირეს. LaFerrari-ის V12-სგან განსხვავებით, მის ადგილას 4-ლიტრიანი 8-ცილინდრიანი ძრავა მოათავსეს, რომელიც რამდენიმე ტურბოჩარჯერითა და სამი ელექტროძრავით აღჭურვეს. Plug-in Hybrid Ferrari არის წვის და ელექტროენერგიის ბრწყინვალე მიქსი. SF90-ს 0-დან 100-მდე ასაჩქარებლად სულ რაღაც 2.5 წამი სჭირდება და 0.4 წამით უფრო სწრაფია, ვიდრე 812 Superfast-ი.

მსგავსი სიახლეები