მაიკლ ჯორდანის 15 წლის წინ გაუჩინარებული ლეგენდარული Ferrari იპოვეს
1992 წელს, ლეგენდარული კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი ჩიკაგოში, NBA-ს Game 5-ის პლეი-ოფის მატჩზე Ferrari 512 TR Testarossa-ით მივიდა. თუმცა 1995 წელს კალათბურთელმა მისი საყვარელი Ferrari გაყიდა, ხელმეორედ კი, ეს მოდელი 2010 წელს გაიყიდა. მას შემდეგ, ჯორდანის ავტომობილი უკვალოდ გაქრა.
1995 წელს, ჯორდანის Ferrari ამერიკელმა ბიზნესმენმა კრის გარდნერმა შეიძინა, რომელიც ჩიკაგოში ავტომობილს თავისი პერსონალური სანომრე ნიშნით - Not MJ მართავდა. ეს ერთგვარი მინიშნება იყო იმ ფაქტზე, რომ ის კალათბურთელი არ იყო და თან, ყურადღებასაც იქცევდა. თუმცა გარდნერმა Ferrari ხელახლა აუქციონზე $100 000-ად გაყიდა და ლეგენდარული მოდელიც „უკვალოდ“ დაიკარგა.
წლების განმავლობაში Ferrari-ის საიდუმლოს ამოხსნას ბევრი ეცადა, საბოლოოდ კი ის 15 წლის შემდეგ აღმოაჩინეს. მაიკლ ჯორდანის 512 TR-ის ახლანდელი ადგილსამყოფელი Curated-მა იპოვა და მის ახალ მფლობელსაც დაუკავშირდა, რომელიც მანქანას თითქმის უცვლელ მდგომარეობაში ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ინახავდა.
Ferrari-ის აღმოჩენის შესახებ Curated-ის თანადამფუძნებელმა ისაუბრა: „ამ ბიზნესში არის მომენტები, რომლებიც ჩვენს გაოცებას იწვევს. ამ მანქანის პოვნას საიდუმლოს ამოხსნას ჰგავს, რომელიც წლების განმავლობაში გვაწუხებდა. ყველამ იცოდა სანომრე ნიშანი. ყველამ იცოდა ლეგენდა. მაგრამ არავინ იცოდა სად იყო ის ამ დრომდე“.
შავი ფერის Ferrari 4.9-ლიტრიანი 12-ცილინდრიანი ძრავა იყო აღჭურვილი, რომელიც მას 0-დან 100-მდე 5 წამში აჩქარების საშუალებას აძლევდა. მაქსიმალურ სიჩქარეს კი, ეს მოდელი 310 კმ/სთ-ზე აღწევდა. ლეგენდარულ კალათბურთელს სრულად ახალი Ferrari 1992 წლის თებერვალში გადასცეს და დაახლოებით სამი წელი მის პირად კოლექციაშიც ინახებოდა.
რიგით მესამე მფლობელის ხელში Ferrari 2010 წელს გადავიდა. თუმცა იმავე წელს, Ferrari-ის ახალ მძღოლს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც მას ავტომობილი ფაქტობრივად აღარც გამოუყენებია.