BMW-ის ახალი ტექნოლოგია ჰიბრიდულ სარბოლო მანქანებს ერთ წუთში დამუხტავს
BMW-ი დამუხტვის სიჩქარის გასაუმჯობესებლად, ჰიბრიდულ სისტემაში სუპერკონდენსატორის დამატების შესაძლებლობას იკვლევს. ისევე, როგორც Lamborghini Sian-ის შემთხვევაში, გერმანულ ავტომწარმოებელს სჯერა, რომ ავტოსპორტში გამოყენებულ ჰიბრიდულ მანქანებზე დამუხტვის დროის სულ რაღაც ერთ წუთამდე შემცირება შესაძლებელია.
გერმანიის საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისში შეტანილ განაცხადში BMW-ი განმარტავს, რომ 20 კვტ/სთ-ზე მეტი სიმძლავრის ჰიბრიდული სუპერკონდენსატორის დაკავშირება, არსებულ ბატარეაზე დაფუძნებულ სისტემასთან, ორივე სისტემის ძირითად ნაკლოვანებებს გამორიცხავს. რეალურად, სუპერკონდენსატორი უფრო სწრაფად იმუხტება, ვიდრე ბატარეის ელემენტები და მოწყობილობაში წარმოუდგენლად მაღალ, 300 კვტ-ის სიმძლავრეს გზავნის.
ეს მიდგომა ერთი მხრივ პირდაპირი კონკურენტია ჩინური BYD-ისთვის, რომელმაც ცოტა ხნის წინ ელექტრომობილების სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია წარადგინა. BYD-ის სუპერპლატფორმით, ელექტრომობილების დამუხტვას იმაზე ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე ტრადიციული ავტომობილების ბენზინით შევსებას.
BMW-ის საპატენტო განაცხადის თანახმად, სუპერკონდენსატორი ბევრად ნაკლებს იწონის, ამასთან ერთად კი, მეტ ენერგიასაც იღებს. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ხშირი დამუხტვის მიუხედავადაც ის შედარებით ნაკლებად ირღვევა და ზიანდება, ვიდრე ბატარეები.
მიუხედავად ამისა, სუპერკონდენსატორის მთავარი მინუსი ისაა, რომ რამდენადაც სწრაფად იმუხტება ისინი, იმდენად სწრაფად იცლება. აქედან გამომდინარე, თუ მანქანა დაუყოვნებლივ არ იყენებს მიღებულ ენერგიას, სჯობს ის ბატარეების დამუხტვას მოხმარდეს.
BMW-ის გათვლებით, იმ მომხმარებლისთვის, რომელთაც ავტომობილების სარბოლო ტრასებზე მართვა სურთ, ეს მიდგომა საკმაოდ ლოგიკური გადაწყვეტაა. ამ გათვლებით, დაახლოებით 1-წუთიანი დამუხტვა საჭირო იქნება სარბოლო ტრასაზე 5-7 წუთის გასატარებლად, რაც დაახლოებით ყოველ მეოთხე წრეს გულისხმობს.