Mercedes-მა ახალი G-Class-ი წარადგინა | „უფრო ძლიერი ვიდრე 1980-იანები“
გერმანულმა ავტომწარმოებელმა მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელის, G-Class-ის ახალი ვერსია წარადგინა და თანაც, მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობით. თუმცა რაც ამ მოდელში ყველაზე მნიშვნელოვანია ის დეტალებია, რომელიც ყველას 1980-იანი წლების ეპოქას მოაგონებს.
კლასიკური W460 სერიის Geländewagen-ის ფერები და სტილი, ახალ G-Class-ს ოლდ-სქულის ვიზუალს მატებს. აღსანიშნავია ამ მოდელის სახელწოდებაც. გერმანულმა ავტომწარმოებელმა ახალ G-Class-ს ოფიციალურად, Mercedes-Benz G-Class Edition „უფრო ძლიერი ვიდრე 1980-იანები“ უწოდა.
Mercedes-ი ახალ მოდელს მომხმარებელს ორ ვერსიად სთავაზობს: G450d – 3-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ერთრიგა დიზელის ძრავით, რომელიც 362 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და G500, რომელიც ასევე 3-ლიტრიანი, ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავითაა აღჭურვილი, თუმცა ბენზინზე მუშაობს და 440 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თუმცა ორივე მათგანს მსგავსი სტილი აქვს - მწვანე ფერებში, რომელიც 1980-იანი წლების ესთეტიკას უსვამს ხაზს.
G-Class-ი ხუთწახნაგიანი მსუბუქი შენადნობის დისკებითაა აღჭურვილი, რომელიც W460-ის დიზაინითაა შთაგონებული. ისტორიული წარსულის ხაზგასასმელად, ამ მოდელის კორპუსზე 80-იანი წლების ვერცხლის ბრენდირებული სამკერდე ნიშანიცაა დამაგრებული. ხოლო ახალი G-Class-ის ოფიციალური სახელწოდება „უფრო ძლიერი ვიდრე 1980-იანები“ ავტომობილის კარების სახელურზეც გვხვდება.
Mercedes-ი 1980-იანი წლებით შთაგონებული G-Class-ის მხოლოდ 460 ეგზემპლარს გამოუშვებს. თითოეული მათგანის ფასი £152 815-დან იწყება.