როგორ დაგაზიანებთ „მაწანწალა“ საბურავი, თუ ის თქვენს მანქანაში მოხვდება
ავტომობილის მართვა, საჯარო გზებზეც კი, შესაძლოა ერთი ჩვეულებრივი დღიდან სახიფათო გამოცდილებად იქცეს. ხშირ შემთხვევაში ეს საფრთხე სხვა მძღოლებიდან მოდის, საკმაოდ იშვიათ გარემოებებში კი, მხოლოდ საბურავსაც შეუძლია დიდი პრობლემები შეგიქმნათ. ყოველ შემთხვევაში, კონექტიკუტში მცხოვრები ერთ-ერთი მძღოლის მთავარ დაბრკოლებად სწორედ საბურავი იქცა.
დაახლოებით დილის 8:30 საათზე, დაზარალებული მძღოლი გზატკეცილზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მის მანქანას გზაზე არსაიდან გამოჩენილი საბურავი დაეჯახა და მისი საქარე მინაც შეიწირა. უვნებელი საბურავს ვერც მანქანის მძღოლი ქალი გადაურჩა, რომელიც ტრავმული დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. რაც შეეხება მანქანას, წინასწარი შეფასებებით, ის შესაძლოა გზებზე ვეღარასდროს დაბრუნდეს.
დაზიანების უკეთ შესაფასებლად გეტყვით, რომ ალუმინის დისკოების უმეტესობა, რომელიც მანქანას მოხვდა, დაახლოებით 10-14 კილოს იწონის. ამას ემატება საბურავის წონაც, რისი გათვალისწინებითაც შეიძლება ითქვას, რომ მანქანას 25 კილომდე „ჭურვი“ დაეჯახა და თანაც გზატკეცილზე, საკმაოდ სოლიდური სიჩქარით.
25-კილოიანი საბურავი, რომელიც საშუალოდ 80-100 კმ/სთ-ის სიჩქარით მოძრაობს, დაახლოებით 6800-დან 9800 ჯოულამდე კინეტიკურ ენერგიას ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის იგივე, რაც მოძრავი მანქანის ენერგია, ის მაინც საკმარისია შესამჩნევი ზიანის მისაყენებლად. ზემოქმედებამ ნამდვილად შეიძლება გამოიწვიოს ისეთი მძიმე დაზიანებაც, როგორც ამ ინციდენტში ვნახეთ. შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ჯერ არ დაუდგენიათ, როგორ მოხვდა „მაწანწალა“ საბურავი გზატკეცილზე.