Tesla-ს მარკეტინგული ხრიკი | კომპანიამ გაუყიდავ Cybertruck-ებს ახალი გამოყენება მოუძებნა
Tesla-ს Cybertruck-ის გაყიდვებზე ჯერ არ დაუწუწუნია, თუმცა ციფრები სულ სხვა რეალობაზე მეტყველებს. ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი ამტკიცებდა, რომ Cybertruck-ის შესყიდვაზე მან სულ მცირე 2 მილიონი დაჯავშნა მიიღო, მაგრამ მარტის მდგომარეობით, კომპანიამ მხოლოდ 46 000 ელექტროპიკაპი აწარმოვა და გაყიდა.
ეს მონაცემები შორს არის თავდაპირველი გეგმისგან, რომელიც წელიწადში 250 000 ერთეული Cybertruck-ის წარმოებას გულისხმობდა. და უფრო მეტიც, Tesla-ს დირექტორი იმასაც ამტკიცებდა, რომ კომპანიას ყოველწლიურად 500 000 ერთეული Cybertruck-ის გაყიდვა შეეძლო.
ამ დაპირებებიდან გამომდინარე, გაჩნდა კითხვების იმის შესახებ, თუ სადაა ის ათასობით ელექტროპიკაპი, რომელსაც არავინ ყიდულობს. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ფოტოები კი, ამ კითხვებს ნაწილობრივ პასუხობს: Tesla ამ Cybertruck-ებს თავისი ახალი გამოშვების Tesla Model Y-ის მარკეტინგისთვის იყენებს.
ამ კვირაში, ტეხასის შტატში, Cybertruck-ების ჯგუფი შენიშნეს, თუმცა მათგან ერთი ყველასგან გამოირჩეოდა. ამ Cybertruck-ს შუშის კაფსულით Model Y ჰყავდა მობმული, წარწერით: „დამზადებულია ტეხასში“. კაფსულში მოთავსებული Model Y წითელი ფერისაა, რაც Tesla-ს ყველაზე შესამჩნევი ფერია. ფაქტია, მარკეტინგული კამპანია შეუმჩნეველი არავის დარჩენია, რადგან სოციალურ ქსელში ახლა ყველა მხოლოდ Cybertruck-ზე მობმულ Model Y-ზე ლაპარაკობს.
ეს მიდგომა რეკლამირების შედარებით უცნაური, თუმცა ჭკვიანური ფორმაა. იმის ნაცვლად, რომ ბილბორდებზე ადგილი იყიდოს, Tesla რეალურ მანქანას იყენებს, თავისი მოდელებით საჯარო გზებზე ჩნდება და გამვლელების ყურადღებასაც იპყრობს. Tesla ტრადიციული რეკლამების მოყვარული არც აქამდე ყოფილა. ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი უპირატესობას ვირუსულ მარკეტინგს ანიჭებს, რათა მისი პროდუქტი მომხმარებლის მთავარ სალაპარაკო თემად იქცეს.
ჯერ რთულია იმის თქმა, გაზრდის თუ არა მსგავსი რეკლამა Model Y-ის გაყიდვებს. თუმცა ფაქტია, რომ Tesla-ს მიდგომამ პოტენციურ მომხმარებელთა ყურადღება დაიმსახურა. ეს კი Tesla-ს სამყაროში საქმის ნახევარია.