Tesla-ზე თავდამსხმელს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Tesla-ს სადილეროზე შეიარაღებული თავდასხმისთვის ამერიკაში 40 წლის პირი დააკავეს, რომელსაც პოლიცია რესპუბლიკელების შტაბ-ბინაზე განხორციელებულ შეტევასაც ედავება. ელექტრომობილების ამერიკულ მწარმოებელს მამაკაცი თავს 6 თებერვალს დაესხა და ორი ავტომობილი დაწვა.
თავდასხმისას პირებმა Tesla-ს ექვს ელექტრომობილზე წითელი და შავი საღებავით წარწერებიც დატოვეს, მათ შორის ისეთი შინაარსის, როგორიცაა: „მოკვდი ილონ“ და „მოკვდი Tesla“. უსაფრთხოების კამერებმა შავებში ჩაცმული და ნიღბიანი პირი დააფიქსირეს, რამაც გამომძიებლებს თავდამსხმელის იდენტიფიცირებაში ხელი შეუშალა.
ერთი თვის თავზე, მსგავსი თავდასხმა განხორციელდა ნიუ-მექსიკოში მდებარე შტაბ-ბინაზეც. ამ შემთხვევაში ცეცხლი შესასვლელ კარებს წაუკიდეს. თუმცა ამ ინციდენტმა პოლიციელებს დამნაშავის პოვნა გაუადვილა, რადგან სათვალთვალო კამერებმა თეთრი სედანი გადაღება მოახერხეს. კამერებში მისი მძღოლი არ ჩანდა, რადგან ის სავარაუდოდ, ადგილიდან მიიმალა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ავტომობილი 2012-2015 წლების Hyundai Accent-ი იყო, რომელიც 40 წლის ჯემისონ ვაგნერს უკავშირდებოდა. ვაგნერი არა მხოლოდ ჰგავდა იმ ადამიანს, რომელიც Tesla-ს თავდასხმისას კამერებმა დააფიქსირა, ის ასევე მართავდა 2015 წლის თეთრ Hyundai Accent-ს.
ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ რვა საეჭვო ცეცხლგამჩენი მოწყობილობა ამოიღო, ასევე მასალები და ქილები, როგორიც თავდასხმებში იყო გამოყენებული.
ვაგნერს ახლა ორი ბრალდება აქვს წარდგენილი. მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერებით ან ხანძრის გამოწვევით სხვისი ქონების განადგურებისთვის. თითოეული დანაშაული 5-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, რაც ნიშნავს, რომ ბრალდებულს შესაძლოა ციხეში 40 წლის გატარება მოუწიოს. აშშ-ის გენერლის განცხადებით, ეს ბოლო გაკვეთილი უნდა იყოს მათთვის, ვინც მსგავსი დანაშაულის ჩადენას კვლავ დააპირებს.