რუსეთში ახალ მანქანებს არავინ ყიდულობს
რუსეთში ახალი მანქანების გაყიდვები მკვეთრად ეცემა. ევროპული ბიზნეს ასოციაციის (AEB) მონაცემებით, 2025 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ახალი ავტომობილების გაყიდვები 45%-ით დაეცა. ქვეყნის მასშტაბით, ავტომწარმოებლებმა გასულ თვეში მხოლოდ 83 000 მანქანა გაყიდეს. რაც შეეხება კვარტალურ მაჩვენებელს, გაყიდვები კვარტალში 26%-ით, 254 000 ერთეულამდეა დავარდნილი.
AEB-ის, რუსეთში უცხოელი ინვესტორების ლობირების ჯგუფის თანახმად, ქვეყანაში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ავტომობილების გაყიდვების მესამე ყველაზე მაღალი ვარდნა დაფიქსირდა. მანამდე, 2022 წლის მარტში, გაყიდვები 59%-ით დავარდა - უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვის თავზე, ხოლო 2015 წლის დასაწყისში, ქვეყნის ფინანსური კრიზისის დროს, გაყიდვების ვარდნამ 36% შეადგინა.
თუმცა, ასოციაციის ანალიტიკოსების თანახმად, ამჟამინდელი სიტუაცია ბევრად რთულია. AEB-ის თავმჯდომარის ალექსეი კალიტსევის განცხადებით, „ამჟამინდელი ტენდენციის გაგრძელებამ შესაძლოა ინდუსტრიაში კრიზისი გამოიწვიოს, რაც სახელმწიფოსგან სასწრაფო დახმარებას საჭიროებს“.
ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებითვე, მყიდველებს სწამდათ, რომ „რუსეთის ბაზრიდან გასული ავტომწარმოებლების ნაწილი უკან დაბრუნდებოდა“, რაც ასე არ მომხდარა. მხოლოდ მოთხოვნა გაიზარდა, რამაც შესაძლოა მომავალში ზრდა გამოიწვიოს, თუმცა მსგავსი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში ინდუსტრია ვერ გადარჩება.
2022 წლის თებერვლის შემდეგ, უცხოური ავტომწარმოებლების გარკვეულმა რაოდენობამ რუსეთის ბაზარი დატოვა. მათ შორის Ford-მა, BMW-მ, Lamborghini-მა, Toyota-მ, Mercedes-Benz-მა და სხვებმა ქვეყნიდან დისტანცირების მიზნით, რიგ ქმედებებს მიმართეს, მაგალითად დახურეს წარმოება და გაყიდეს აქტივები.