ჩინეთში ავტონომიური მანქანების რეკლამირება იკრძალება
წარმოიდგინეთ, რომ აჩქარების სისწრაფის დასადგენად, ყველა ავტომწარმოებელი განსხვავებულ მეტრიკას იყენებდეს. მაგალითისთვის, ზოგი 0-დან 100-მდე მაჩვენებელს ზომავდეს, ზოგიც - 0-დან 200-მდე. აჩქარების თვითნებური გამოთვლა, თითქმის შეუძლებელს გახდიდა მოდელების შედარებას და იმის დადგენას, თუ რომელი ავტომობილი უფრო სწრაფია. სწორედ მსგავსი სიტუაციაა ამჟამად ავტონომიური და თვითმართვადი ავტომობილების მხრივ, რისთვისაც ჩინეთი გარკვეული ზომების შემოღებას განიხილავს.
ჩინეთის მრეწველობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ორგანომ (MIIT) წესების მთელი რიგი შემიღო, რომლებიც მძღოლების დამხმარე ტექნოლოგიების ბრენდებს უზღუდავს იმას, რისი გაყიდვა შეუძლიათ და როგორ უნდა გაარეკლამონ თავიანთი პროდუქტი. ეს მოიცავს მათ შორის ისეთი პოპულარული ტერმინების აკრძალვას, როგორიცაა „ჭკვიანი მართვა“, „ავტონომიური მართვა“ და „ინტელექტუალური მართვა“, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება მძღოლის დამხმარე მოწინავე სისტემების (ADAS) პოპულარიზაციაში.
ამის ნაცვლად, ბრენდებმა SAE-ის ავტონომიური მართვის ექვს დონეს უნდა მიმართონ, შესაბამისი L-კოდის გამოყენებით. დონე 0 ნიშნავს, რომ ავტომობილს მძღოლის დამხმარე ტექნოლოგიები არ აქვს, ხოლო დონე 5 არის სრულად ავტონომიური მანქანა. Mercedes-Benz-ის Drive Pilot-ის გარდა, რომელიც არის მე-3 დონის სისტემა, თითქმის ყველა სხვა ხელმისაწვდომი ტექნოლოგია ამჟამად მე-2 დონეს განეკუთვნება - მათ შორის, Tesla-ს სრულად თვითმართვა.
Car News China-ის თანახმად, ჩინეთში გამოცხადებული სხვა დიდი ცვლილებები მოიცავს დისტანციური გამოძახების ფუნქციების აკრძალვას, როგორიცაა Tesla-ს Actually Smart Summon-ი. ეს უკანასკნელი მანქანებს საშუალებას აძლევს მძღოლის საჭესთან ყოფნის გარეშე გადაადგილდნენ და ამჯერად, აშშ-ში გამოძიების ქვეშაა.
MIIT-ის რეგულაციებით იკრძალება მძღოლის მონიტორინგის სისტემების გამორთულ მდგომარეობაშიც ყოფნა. ასევე, წესები მოითხოვს, რომ მანქანები შენელდეს და გამაფრთხილებელი მაშუქები ჩაირთოს, თუ მძღოლს 60 წამის განმავლობაში საჭესთან კონტაქტი არ ექნება.
გარდა ამისა, ჩინეთი ახლა მძღოლის დამხმარე ფუნქციების საჯარო ტესტირებასაც კრძალავს და კომპანიებს ავტომობილების პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების შენელებისკენ მოუწოდებს. ეს ცვლილებები Xiaomi SU7-ის რამდენიმე დღის წინ მომხდარ პირველ ფატალურ ავარიას უკავშირდება, რომელსაც სამი კაცი ემსხვერპლა.