მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი BYD-სთან გაერთიანდა
Saudi Aramco-მ, მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესმა მწარმოებელმა ელექტრომობილების ჩინურ კომპანია BYD-სთან თანამშრომლობა გააფორმა. BYD-ი, რომელიც მსოფლიოში ელექტრომობილების მეორე უმსხვილესი მწარმოებელია, Aramco-თან პარტნიორობით ახალი ენერგეტიკული მანქანების ტექნოლოგიაზე მუშაობას გეგმავს.
Saudi Aramco Technology Company-მ და BYD-მ ერთობლივი განვითარების შეთანხმებას ხელი გასულ კვირაში მოაწერეს. პროექტი მიზნად ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას ისახავს, რომლებიც ეფექტიანობასა და გარემოსდაცვით საქმიანობებს ემსახურება. პარტნიორობის შესახებ, ამჟამად მხოლოდ მწირი ინფორმაციაა ცნობილი, თუმცა ინდუსტრიის ორ ტიტანს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეუძლიათ.
Aramco-ს განცხადებით, ის ტრანსპორტის ეფექტიანობის ოპტიმიზაციაზე მუშაობს, ასევე შეისწავლის მოწინავე ძრავის კონცეფციებსა და დაბალი შემცველობის ნახშირბადის საწვავის წარმოებას. ნავთობის უმსხვილეს მწარმოებელს სჯერა, რომ ენერგეტიკული ტრანზიციის მიღწევისთვის „მრავალჯერადი მიდგომა“ აუცილებელია.
„ტექნოლოგიური ინოვაციებისა და გარემოს დაცვის გზაჯვარედინზე, BYD-ს ყოველთვის სჯერა, რომ ჭეშმარიტი მიღწევები ღიაობისა და თანამშრომლობის შედეგად მოდის“, - განაცხადა კომპანიის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, ლუო ჰონგბინმა.
ჩინეთში ტერმინი ახალი ენერგეტიკული სატრანსპორტო საშუალებები მოიცავს მანქანებს, რომლებიც ნაწილობრივ ან სრულად ელექტროენერგიით და ალტერნატიული საწვავით იკვებება. მათ შორისაა დანამატი ჰიბრიდები, ბატარეის ელექტრომანქანები და საწვავის უჯრედების ელექტრომობილები. Aramco-ს მიზანი BYD-ის პლაგ-ინ ჰიბრიდული მოდელების შენარჩუნებაა, რომლებიც ბენზინზე მომუშავე შიგაწვის ძრავებს ინარჩუნებენ.
ცნობისთვის, Aramco საავტომობილო ინდუსტრიაში უკვე ნაცნობი სახელია. კომპანია ფლობს აქციებს Horse Powertrain-ში, კომპანიაში, რომელიც ახალი წვის ძრავების შემუშავებასა და წარმოებაზე მუშაობს. ამ კვირის დასაწყისში, Horse-მ წარმოადგინა ჰიბრიდული ელექტროგადამცემი კონცეფცია, რომელსაც ელექტრო მანქანების არსებულ პლატფორმებზე წვის ძრავის დამატება შეეძლება.