Mercedes-ი Tesla-ს ჰბაძავს? - შტურვალი და „საჭე-მავთულის“ სისტემა
Mercedes-Benz-ი პირველი გერმანული ავტომწარმოებელია, რომელიც თავის მასობრივი წარმოების ავტომობილებში სრულად ელექტროსაჭის სისტემას წარმოგვიდგენს, რომელსაც „Steer-By-Wire“ ეწოდება. ამასთან ერთად კი, კომპანია მომდევნო თაობის მოდელებში უკვე სარბოლო მანქანებით ინსპირირებულ „უღლის“ ფორმის საჭესაც დანერგავს.
Steer-by-wire ზუსტად ისე ჟღერს, როგორც Mercedes-ის ახალი სისტემა. საჭესა და წინა ბორბლებს შორის ფიზიკური კავშირის ნაცვლად, საჭე-მავთულის სისტემა მძღოლის საჭეს ელექტროკავშირისა და კომპიუტერის საშუალებით ამუშავებს. ორ ახალ და ამავდროულად საკამათო ტექნოლოგიას, გერმანული კომპანია მოდელებში 2026 წლიდან შემოიღებს.
Steer-by-wire სისტემა საჭესა და ბორბლებს შორის ტრადიციულ მექანიკურ კავშირს ელექტრონული კონტროლით ცვლის, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს მართვას სხვადასხვა სიტუაციებში. „საჭე-მავთულის“ სისტემას რამდენიმე მთავარი უპირატესობა აქვს. მაგალითად, მას საჭის კოეფიციენტის ავტომატურად დარეგულირება შეუძლია, თუნდაც პარკირების დროს, შემობრუნება საჭის ნაკლები მოძრაობით ხდება. ეს მჭიდრო მანევრებს უფრო სწრაფს და ნაკლებად დამღლელს ხდის.
Mercedes-ის განცხადებით, „საჭე-მავთულის“ სისტემა ავტომობილის სტაბილურობასა და სისწრაფეს აუმჯობესებს. სისტემა კომპანიის „უკანა ბორბლების საჭის მართვის სისტემასთან“ ერთად მუშაობს, რომელიც 10 გრადუსამდე კუთხით უხვევს. სისტემა მართვაზე მორგებულ რეჟიმებს უზრუნველყოფს და გზის ზედაპირიდან ვიბრაციების აღმოფხვრაც კი შეუძლია, რადგან წინა ბორბალსა და მძღოლის ხელებს შორის ხსნის კავშირს.
Steer-by-wire საჭის მართვას ისე აადვილებს, რომ მძღოლებს საჭის ბოლომდე მოტრიალება აღარ სჭირდებათ და ეს ავტომწარმოებელს ე.წ. YOKE-ს დაყენების საშუალებასაც აძლევს. მსგავსი, „უღლის“ სტილის საჭე ჩვენ Tesla Cybertruck-იც გვხვდება. ზოგს შესაძლოა ახალი საჭის სარბოლო გარეგნობა არ მოსწონდეს, თუმცა Mercedes-ის თქმით, ის მძღოლებს ინსტრუმენტთა დაფის უკეთ დანახვაში ეხმარება და მანქანიდან გადმოსვლასაც აადვილებს. კომპანიის შეფასებითვე, ახალი საჭე ინტერიერის დიზაინში ცვლილებების შეტანის წინაპირობაც შეიძლება გახდეს.
ახალი სისტემის მთავარი საზრუნავი მისი გამართულობაა - რამდენად შეძლებს სისტემა მძღოლის ყველა მოთხოვნის გაგებასა და შესრულებას. თანაც იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საჭეს ბორბლებთან ფიზიკური კავშირი არ აქვს. თუმცა Mercedes-ის ინფორმაციით, 1 მილიონ კილომეტრზე სისტემა უკვე გამოცადეს და საჭირო ფუნქციებიც დაუმატეს, მათ შორისაა: დამატებითი აქტივატორები, კვების წყაროები და მონაცემთა სისტემები.