Rimac-ის ვერ გაყიდვის შემდეგ, კოლექციონერი უიშვიათესი McLaren-ის გაყიდვას ცდილობს
2022 წლის McLaren-მა თავისი Vision Gran Turismo Concept-ი წარადგინა, მანქანა, რომელიც სამომავლოდ საგზაო Solus GT-ის შექმნის წინაპირობად იქცეოდა. Solus GT დღეს მხოლოდ 25 ერთეულად არსებობს და ერთ-ერთი ყველაზე თამამი მოდელია, რომელიც ოდესმე McLaren-ს შეუქმნია, ყოველ შემთხვევაში, P1-ის შემდეგ.
მომდევნო თვეში აუქციონზე სწორედ ეს მოდელი გაიყიდება. ეს კონკრეტული Solus GT, დეივ ფრეკას Triple F კოლექციის ნაწილია. ფრეკა აუქციონებზე დამაინტრიგებელი მოდელების განთავსებითაა ცნობილი, რომელთა შორისაც გასულ კვირას Rimac Nevera-ც მოხვდა. ფრეკამ Rimac Nevera, Bring a Trailer-ის აუქციონზე $2.4 მილიონად განათავსა, თუმცა მისმა ფასმა ვაჭრობისას მხოლოდ $1.24 მილიონს მიაღწია. ახლა კი იმედოვნებს, რომ McLaren Solus GT მყიდველებს ბევრად უფრო მოეწონებათ.
ჯამში 25 შექმნილი ეგზემპლარიდან, ეს ავტომობილი მხოლოდ მეექვსეა და Gulf Racing-ისგან ინსპირირებულ ფერშია, რომელშიც ნარინჯისფერი და ნათელი ლურჯი დომინირებს. ავტომობილს ლურჯად შეღებილი სათადარიგო ბორბლების ნაკრებიც მოჰყვება, ხოლო ინტერიერში ყველაზე გამორჩეული ცენტრში მოთავსებული სავარძელია, ცისფერ ალკანტარაში, კონტრასტული ნარინჯისფერი უსაფრთხოების ღვედებით. სავარძელი ფიქსირდება, სატერფულები კი რეგულირდება.
ალბათ ყველაზე საინტერესო Solus GT-ში არის ის, რომ ავტომობილი 5.2-ლიტრიანი ატმოსფერული V10 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც McLaren-ის სხვა არცერთ მოდელში არ გვხვდება. 10-ცილინდრიანი ბლოკი 829 ცხენის ძალას და 650 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს, რაც 200 ცხენის ძალით, მეტია ვიდრე Lamborghini Huracan-ის შემთხვევაში.
სუპერმანქანის მსუბუქი კარბონის კონსტრუქციის წყალობით, მოდელი 0-დან 100-მდე სულ რაღაც 2.5 წამში ჩქარდება და 320 კმ/სთ-ს აღწევს. მიმჭერი ძალა 1 200 კილოგრამს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია მოსახვევები იმაზე სწრაფად გაიაროს, ვიდრე McLaren-ის ნებისმიერ სხვა გზებისთვის ლეგალურ მოდელს. Solus GT-ის საწყისი ფასი $4 მილიონია და თუ რამდენად გაიყიდება ეს მოდელი - საერთოდ თუ გაიყიდა - ამას მომდევნო თვეში გავიგებთ.