ილონ მასკი, გაყიდვები, ტესლა, ტესლა მოდელ უაი
Aa
Aa

Tesla-ს მოგება 71%-ით დაეცა | რა ხდება კომპანიაში?

Tesla-ს მოგებამ იმედები ვერ გაამართლა - ვერც ანალიტიკოსებისთვის და დიდი შანსია, რომ ვერც კომპანიის გუნდისა და ხელმძღვანელობისთვის. ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის კვარტალური წმინდა შემოსავალი 71%-ით დაეცა, რაც უცხოური ბრენდების კონკურენციასთან ერთად, რამდენიმე სხვა ძირითადი ფაქტორის დამსახურებაცაა.

„არის გარკვეული გამოწვევები და მე ველოდები, რომ წელს რამდენიმე მოულოდნელ გამოწვევასაც გადავაწყდებით. თუმცა მე, კომპანიის მომავალთან დაკავშირებით, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - განაცხადა Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მოგების გამოქვეყნების შემდეგ და კომპანიაში უფრო მეტი დროის გატარების პირობაც დადო. 

შედეგად, Tesla-ს მოგება 2025 წლის პირველი კვარტლისთვის, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 71%-ითაა დავარდნილი, ხოლო შემოსავლების ვარდნამ 7%-ს მიაღწია. ანალიტიკოსები მოგების ვარდნას აშშ-ის სავაჭრო რეგულაციებს, ტარიფებსა და კომპანიის დირექტორის თანამდებობას უკავშირებენ.

ამას ემატება Tesla-ს სადილეროებსა და ელექტრომობილებზე გახშირებული თავდასხმები, მათ შორის ვანდალიზმისა და მანქანების დაწვის მცდელობები. შედეგად, Tesla-ს მფლობელები მათი მეორადი ავტომობილების გაყიდვებს იწყებენ, კომპანიის აქციების ღირებულება კი ეცემა. 

ამავდროულად, ერთი წლის წინანდელთან შედარებით, პირველ კვარტალში მიწოდება 13%-ით შემცირდა. მაგრამ, ამ უკანასკნელს კომპანია წარმოების დროის დაკარგვას უკავშირებს, რადგან Tesla-მ ახალი Model Y-ის წარმოებისთვის, ცოტა ხნის წინ, ქარხნები განაახლა.

 

მსგავსი სიახლეები