მამაკაცმა, რამდენიმე თვის წინ მოპარული, თავისივე მანქანა იყიდა
გაერთიანებულ სამეფოში მამაკაცმა 20 000 ფუნტი სტერლინგის ღირებულების მანქანა მოპარული ავტომობილის სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა აღმოაჩინა, რომ შემთხვევით, კვლავ თავისი მანქანა ჰქონდა ნაყიდი. 36 წლის ევან ვალენტინის შავი Honda Civic-ი თავისივე სახლიდან 28 თებერვლის დილას გაუჩინარდა და მანაც, მალევე მისი შემცვლელის ძებნა დაიწყო.
მანქანის მოპარვის შემდეგ, ვალენტინიმ სამართალდამცველებს მიმართა თავად კი, შესაძენად, 2016 წლის Type-R მოდელის ძებნა დაიწყო. ზუსტად მსგავს მანქანას მალევე გადააწყდა, ერთადერთი განსხვავებით, ამ მოდელს რამდენიმე ათეული კილომეტრით მეტი გარბენი ჰქონდა. სასურველი ავტომობილის პოვნის შემდეგ მისი ყიდვაც გადაწყვიტა.
სინამდვილე მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც ვალენტინიმ, მის „ახლად ნაყიდ მანქანაში“ ნაცნობი ნივთები აღმოაჩინა. სწორედ მაშინ მიხვდა Civic-ის მძღოლი, რომ თანხა თავისივე მანქანაში გადაიხადა. ვალენტინის თქმით, Civic-ი მისთვის „შუახნის ასაკის კრიზისის“ მანქანა იყო და გადაწყვეტილი ჰქონდა მისი მართვა მანამ, სანამ საოჯახო ავტომობილზე არ გადავიდოდა.
„ახალ მანქანაში ყველაფერი ზუსტად ისეთი იყო, რისი პოვნაც ჩემს მოპარულ Civic-ში შემეძლო. Mars-ის შეფუთვით დაწყებული, რომელიც როგორც ჩანს არც გადაუგდიათ, კარვის ჯოხითა და ნაძვის ხის ფიჭვებით დასრულებული“, - განაცხადა მოპარული და თან „ახალი“ Honda-ს მფლობელმა.
მიუხედავად იმისა, რომ მანქანას ახალი სანომრე ნიშანი და შედარებით მეტი გარბენი ჰქონდა, მისტერ ვალენტინის ეჭვები დადასტურდა, როდესაც მან მოგვიანებით სანავიგაციო სისტემის ისტორიაში მისი და მისი მშობლების მისამართიც აღმოაჩინა: „სიმართლის გაგების შემდეგ ხელები მიკანკალებდა და შოკში ვიყავი. ამის გამო, კინაღამ ავარიაშიც მოვყევი“.
მან მანქანა სოლიჰულში, Honda-ს ავტოფარეხში მიიყვანა და მომხდარის შესახებ პოლიციასაც აცნობა, რომელიც, მისი თქმით, ამ ისტორიას ვერ იჯერებდა. მათივე შეფასებით, რომ არა ზუსტი მტკიცებულებები, ალბათ ვერც დაიჯერებდნენ, რომ ვალენტინის ეს ამბავი თავს რეალურად გადახდა.