ამბობენ: ახალი Honda GT-ის ეკრანი ნამდვილი „კოშმარია“
ახალ Honda GT-ს შესაძლოა ძალიან კარგი სახელი და საინტერესო ფორმა ჰქონდეს, თუმცა ბევრისთვის, მისი ინტერიერი მიუღებელი აღმოჩნდა. თუ ძველ კვლევებში ამტკიცებდნენ, რომ სმარტფონები საჭის მართვისას ყურადღების გაფანტვის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რთულია იმის დაჯერებაც კი, რომ Honda-ს სისტემა უსაფრთხოა. რა თქმა უნდა, კარის პანელებზე დამონტაჟებული გვერდითი ეკრანები გარე კამერებს უკავშირდება და საზომ ხელსაწყოთა ბლოკიც აუცილებელია. მაგრამ რაც შეეხება დანარჩენ ეკრანებს?
თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ Honda-მ საინფორმაციო-გასართობ სისტემასა და გადაცემათა კოლოფის გვერდით ვერტიკალურ ეკრანს შორის რამდენიმე ღილაკი დაამატა. როგორც ჩანს, მთავარ ეკრანზეც რამდენიმე ფიქსირებული სენსორული ღილაკია დამატებული, მაგრამ ყველაზე დიდი იმედგაცრუება ბევრისთვის მგზავრის ეკრანი აღმოჩნდა. კრიტიკოსთა შეფასებით, ის 2010-იანი წლების დასაწყისის იაფფასიან პლანშეტს ჰგავს უზარმაზარი ჩარჩოებით, რომელიც ინტერიერში „მოუხერხებლადაა“ ჩასმული.
თვითონ ეს მოდელი, Honda GT-ი, ჩინეთისთვის ახლად შექმნილი Ye ელექტრომობილების სერიის მოდელების მეორე პარტიაა - გასული წლის S7-ისა და P7-ის შემდეგ. შედარებით დახვეწილი კუპეს მსგავსი სახურავით ამ მოდელს უფრო სპორტული იერიც დაჰკრავს. ოფიციალურ სურათებზე ორი ვერსიაა ნაჩვენები: ლურჯი - Dongfeng Honda GT და წითელი GAC Honda GT. ამ ლოგოთი დაპროექტებულ ტყუპ მოდელებს ჩინეთში Honda-ს ერთობლივი საწარმოს პარტნიორები აშენებენ.
მოდელების კონცეფტი გასულ წელს გავრცელდა, ხოლო ახლა GT უკვე წარმოებაშიც ჩაეშვა. თუმცა მის საბოლოო გაშვებამდე Honda მოდელებს შანხაის ავტოშოუზე წარადგენს, სხვა ჩინეთში წარმოებულ მოდელებთან ერთად.