ჩინეთი, ელექტრომობილები, ბიემვი, ლოტუსი, ბიუიკი, ტოიოტა, ნისანი, ლექსუსი, მერსედეს-ბენცი, ბიუაიდი, შანხაის ავტოშოუ, ჰონგცი
Aa
Aa

მომავლის ავტომობილები ჩინეთის ავტოშოუდან | ის, რაც ჯერ არ გინახავთ

ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ავტომობილების გამოფენა, შანხაის ავტოშოუ გაიხსნა. წლევანდელ ღონისძიებაზე უკვე არაერთი საინტერესო მოდელი ვიხილეთ, რომლებიც ერთგვარი ნაზავია თანამედროვეობასა და დახვეწილობას შორის. მართალია, შანხაის შოუზეც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ხელოვნური ინტელექტი და ინტელექტუალური პროგრამული უზრუნველყოფის სხვა ფორმები გახლდათ, რთულია იმის უარყოფაც, რომ ამ მოდელებმა დამთვალიერებლების ყურადღება თავიანთი უჩვეულო დიზაინითაც დაიმსახურეს.

გაყიდვებით, ჩინეთის ნომერ პირველი ავტომწარმოებელი BYD წლევანდელ ღონისძიებაზე უხვადაა წარმოდგენილი. შესაბამისად, მისთვის კონკურენციის სათანადოდ გაწევა უწევთ ევროპულ კომპანიებსაც. ქვემოთ, შანხაის შოუს გამორჩეულ მონაწილეებს მოვუყარეთ თავი, ფავორიტი კი, თავად აირჩიეთ.

Lotus-ის Theory 1 კონცეფტქარი

Lotus-ის ახალი ჰიპერქარის კონცეფცია, რომლის შესახებაც პირველად გასული წლის ბოლოს გახდა ცნობილი, ღონისძიების მოდელებს შორისაა. Theory 1 ერთ-ერთია იმ მოდელებს შორის, რომელიც სრულად ავტომატიზაციისა და ავტონომიური მართვის ფუნქციებით აღჭურვილ მომავალზეა ორიენტირებული. 

Hongqi-ის „ოფ-როუდ“ კონცეფტქარი

Hongqi-ის პირველი, უგზოობისთვის გათვლილი SUV-ი, შანხაის შოუზეა წარმოდგენილი. Hongqi, როგორც ჩანს, ჩინელი ავტომწარმოებლების იმ ფართო ჯგუფს შეუერთდა, რომლებიც ქუჩების მიღმა არსებული უზარმაზარი ტერიტორიების შესასწავლად სხვადასხვა ტიპის ავტომობილების შექმნაზე მუშაობენ. 

Mercedes-ის Vision V

ეს მოდელი, პირველ რიგში, ყველას ყურადღებას მისი მდიდრული ექსტერიერისა და ინტერიერის გამო იპყრობს. Mercedes EQS-ის თავისუფალი ფორმის შესაბამისად, ავტომწარმოებელმა მსგავსი დიზაინის დანერგვა ახლა უკვე კონცეპტუალურ Vision V-ის ფურგონებშიც გადაწყვიტა. ამ მოდელს Merc-ისთვის დამახასიათებელი ცხაური აქვს, თუმცა წინა ნაწილი მიგვანიშნეს, რომ ის ელექტროა. 

BMW-ის Skytop

BMW-ის ღიასახურავიანი და ორადგილიანი ავტომობილის მხოლოდ 50 ეგზემპლარი დამზადდა და ყველა მათგანი დაახლოებით 500 000 ევროდაც უკვე გაიყიდა. ამ მოდელის ყველა ნაწილი, მათ შორის მაშუქები, სავარძლები და კრისტალები, ხელით არის დამზადებული. კაპოტის ქვეშ კი, როდსტერი 4.4-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 0-დან 100-მდე აჩქარებას 3.3 წამს ანდომებს. 

Zeekr-ის 9X

Geely-ის პრემიუმ კლასის ელექტრომობილების ბრენდმა Zeekr-მა თავისი პირველი ჰიბრიდული ფლაგმანი SUV-ი, სახელწოდებით 9X, წარადგინა. გამორჩეული ცხაურის მქონე მოდელი ბაზარზე მესამე კვარტალში გამოჩნდება და მისმა ფასმა შესაძლოა $140 000-ს მიაღწიოს. 9X-ს სახურავზე Lidar-ის მძღოლის დამხმარე სისტემა აქვს დამაგრებული, მისი ბატარეა კი, დაახლოებით 380 კილომეტრის გავლის საშუალებას უზრუნველყოფს. 

Buick-ის Electra-GS კონცეფტქარი

GM-ის Buick-ი ჩინეთის ბაზარზე კლასიკური GS-ისთვის დიდების დაბრუნებას შეეცდება, რისთვისაც ახალი ავტომობილების - ელექტრომობილების - პრეზენტაციას იწყებს. წარმოგიდგენთ შთამბეჭდავ სპორტულ Electra-GS სედანს, რომელიც ჯერჯერობით კონცეფციაა, თუმცა ის მომავალ თაობებზე წარმოდგენას უკვე გვიქმნის. 

Toyota-ს bZ7

იაპონურმა გიგანტმა მასიური ელექტროსედანი bZ7 სპეციალურად ჩინეთის ბაზრისთვის წარადგინა. მიზეზი, ქვეყანაში ადგილობრივი მწარმოებლებისგან გაზრდილი კონკურენციის მიუხედავად, ადგილის შენარჩუნებაა. ახალ მოდელს ბაზარზე სავარაუდოდ წელს ვიხილავთ. მანქანა კი მეორე დონის დამხმარე მართვის სისტემას გამოიყენებს და BYD-ისა და ამერიკული Tesla-სთვის კონკურენციის გაწევას შეეცდება. 

BYD-ის Dynasty-D

ჩინური კომპანიის ახალი SUV-ი BYD-ის პრემიუმ კლასის ტენდენციების გაგრძელებაა. 5.3 მეტრის კორპუსისა და იმპერიული ჩინური არქიტექტურით შთაგონებული სალონის მქონე SUV-ის შეძენა მსურველებს $55 000 დაუჯდებათ. 

Lexus-ის ES

Toyota-ს მდიდრულმა ბრენდმა ES სედანის განახლება კუთხოვანი იერითა და ორი ვერსიით გადაწყვიტა: ჰიბრიდული და სრულად ელექტრო. სალონში რამდენიმე ღილაკია, მაგრამ 12.3-ინჩიანი ციფრული ინსტრუმენტების პანელი და 14-ინჩიანი საინფორმაციო-გასართობი სენსორული ეკრანია წარმოდგენილი. ჯერ უცნობია, სად და როდის გაიყიდება Lexus-ის ახლი მოდელი, თუმცა ერთი რამ რაც ვიცით ისაა, რომ კომპანია მომხმარებლის მოსაზიდად, შანხაის ქარხანაში წარმოებას ემხრობა. 

Nissan-ის Frontier Pro

თქვენ წინაშე Nissan-ის პირველი, plug-in ჰიბრიდის პიკაპია. ეს კონკრეტული მოდელის სპეციალურად ჩინეთის ბაზრისთვისაა შექმნილი. მთავარ კონკურენტად კი, BYD-ის Shark 6-ს განიხილავს. Nissan-ის გადაწყვეტილება იაპონური მწარმოებლების უფრო ფართო გეგმის ნაწილია, რომელიც ჩინეთში 2027 წლამდე ათეულობით მანქანის წარმოებასა და სულ მცირე $1.4 მილიარდის ინვესტირებას ითვალისწინებს. 

 

საინტერესოა, რომ წლევანდელ ღონისძიებაზე უხვად იყო წარმოდგენილი მფრინავი მანქანებიც, მთავარი თემით - Embracing Innovation, Empowering the Future. ერთ-ერთი გამორჩეული ამ მხრივ Hongqi-ის მოდელი გახლდათ, თუმცა არანაკლებ საინტერესო დიზაინით Chery-ის მფრინავი მანქანა გამოირჩეოდა. 

.

მსგავსი სიახლეები