ავტოდილერს გარბენის 160 000 კმ-ით შემცირებაში ადანაშაულებენ
მეორადი ავტომობილის ყიდვა ხშირ შემთხვევაში იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ახალი მანქანის. ამ დროს სჯობს ყურადღება ბევრ ნიუანსს მიაქციოთ, დაწყებული მანქანის გარეგნული მდგომარეობით, დასრულებული ძრავითა და გარბენით. ამ უკანასკნელს კი, იმაზე ხშირად იტყუებიან, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ.
სწორედ ამ ბრალდებით, აშშ-ის ერთ-ერთ შტატში პირი დააკავეს, რომელმაც ოდომეტრის ინდექსი არა ერთი, არამედ სავარაუდოდ რამდენიმე ავტომობილისთვის შეცვალა. ოჰაიოს სამხრეთ ოლქის პროკურატურის ცნობით, საიმონ ნვარუ Automotive Ltd-ს მფლობელია. გამოძიების თანახმად, მან 2020 წლის ნოემბრიდან 2022 წლის მაისამდე, „ავტომობილების ოდომეტრის მიერ რეგისტრირებული გარბენი შეგნებულად გათიშა, გადატვირთა და შეცვალა“, რის შედეგადაც, ავტომობილები შედარებით დაბალი და შესაბამისად, „გაყალბებული“ კილომეტრაჟით გაყიდა.
არსებული ინფორმაციით, გამოძიება ნვარუს ჯამში რვა სხვადასხვა ავტომობილის შემთხვევაში ედავება გარბენის განზრახ ცვლილებას. ბრალდებულმა, ავტომობილებისთვის კილომეტრაჟი, სავარაუდოდ, 128 748-160 934 კმ-ით შეამცირა. გამოდის, რომ საერთო ჯამში ნვარუმ 1.3 მილიონ კილომეტრამდე გარბენი მოიტყუა.
ნვარუს ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალი უკვე წაიყენეს. ცნობისთვის, ოდომეტრის მაჩვენებლის გაყალბება ფედერალური დანაშაულია, რომელიც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ეროვნული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციის შეფასებით, გარბენის გაყალბება მომხმარებლებს ყოველწლიურად 1 მილიარდ დოლარზე მეტი უჯდებათ.