8-ცილინდრიანი მოტოციკლის შემდეგ, ჩინურმა GWM-მა ავტომობილებისთვის ახალი V8 ძრავა შექმნა
Ford-მა, Stellantis-მა, Mercedes-მა და Ferrari-მაც კი, ბოლო რამედენიმე წლის განმავლობაში, V8 ძრავებზე ხელმისაწვდომობა შეამცირეს. ახლა კი, სადავეები, ალბათ ბევრს არ გაუკვირდება და ჩინელებმა გადაიბარეს, კონრეტულად კი GWM-მა, რომელმაც 8-ცილინდრიანი მოტოციკლის შემდეგ, ავტომობილებისთვის ახალი V8 ძრავაც შეიმუშავა.
არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს, რომ ჩინური ავტომწარმოებლები ელექტრომობილების ტექნოლოგიების მიმართულებით წლებია სათავეში არიან მოქცეულნი. თუმცა გასულ კვირაში, შანხაის ავტოშოუზე Great Wall Motor-მა დაამტკიცა, რომ ისინი ძველ და მასიურ შიგაწვის ძრავებში სიდიადესა და ღირებულებას კვლავ აფასებენ.
GWM-მა სრულიად ახალი ტვინტურბო V8 ძრავა წარმოადგინა, რომელიც შეიძლება დასავლურ ფუფუნების ბრენდებზე „თავდასხმისთვის“ გამოიყენონ. ცნობისთვის, ეს იგივე კომპანიაა, რომელმაც გასულ წელს 8-ცილინდრიანი ძრავის მოტოციკლში მოთავსება მოახერხა.
ძრავა მთლიანად ალუმინის DOHC V8-ია, ცხელი V-ით, ანუ მისი ორი ტურბო 90 გრადუსიან V-ში არის მოთავსებული, რათა ისინი შემშვებ პორტებთან უფრო ახლოს განთავსდეს. შედეგად, ძრავა აქსელერაციის სატერფულზე ფეხის დაჭერისას უფრო სწრაფადაც რეაგირებს. Drive-ის ცნობით, V8 ძრავა GWM-ის ახალი მდიდრუოი ბრენდისთვის, Confidence-ისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, ძრავა სავარაუდოდ GWM-ის ზოგიერთ Tank SUV-შიც იქნება გამოყენებული, რომელსაც ზედა ფოტოზე ხედავთ.
GWM-მა, რომელმაც ძრავას „ჩინური დიდი მოცულობის ძრავების შედევრი“ და „ფუფუნების ბაზრის საიდუმლო იარაღი“ უწოდა, გაამხილა, რომ თავისი ძრავის მოცულობა 4 ლიტრს აღწევს. თუმცა უცნობია, რა სიმძლავრისა და მაბრუნი მომენტის მქონეა მისი ახალი შედევრი. ერთადერთი, რაც ავტომწარმოებლის ერთ-ერთმა აღმასრულებელმა გამოცემებთან დაადასტურა არის ის, რომ ის plug-in ჰიბრიდული გამოყენებისთვის იყო შექმნილი.