კორონავირუსის გამო Lamborghini რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა
Aa
Aa

კორონავირუსის გამო Lamborghini რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა

საკვირველია, რომ ვირუსის პანდემიის პერიოდში Ferrari მარანელოს საწარმოს არ კეტავს.

კორონავირუსის რესურს ცენტრის მაჩვენებლებით ჩინეთის შემდეგ COVID-19 ყველაზე მეტად იტალიაში გავრცელდა. ამ მომენტისთვის იტალიაში 12 462 შემთხვევაა დაფიქსირებული. 1 000-ზე მეტი პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა, თუმცა კორონავირუსი იტალიასა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მზარდი ტემპებით  ვრცელდება.

კორონავირუსისგან ავტოინდუსტრია სერიოზულად დაზარალდა. ავტომობილების გაყიდვები ჩინეთსა და სხვა რეგიონებში, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა, საგრძნობლად დაეცა. ავტომწარმოებლები ნაწილების ნაკლებობას განიცდიან და წარმოების დადგენილ ვადებს ვერ აკმაყოფილებენ. ავტოსპორტში უკვე ძალიან ბევრი შეჯიბრება გადაიდო ან გაუქმდა, მათ შორის 2020 წლის ფორმულა 1-ის სეზონის ავსტრალიის გახსნითი ეტაპი.

 „ლამბორჯინიმ“ Sant’Agata Bolognese-ს ქარხნის დროებით, 25 მარტამდე, დახურვა გადაწყვიტა. Automobili Lamborghini-ს აღმასრულებელი დირექტორი კომპანიის გადაწყვეტილებას შემდეგი სიტყვებით ხსნის:

 „ეს ზომები სოციალური პასუხისმგებლობის აქტის ფარგლებში მივიღეთ. ჩვენ თანამშრომლებზე ვზრუნავთ. იტალიაში კორონავირუსის სიტუაციის გაუარესების გათვალისწინებით ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.“

 „ლამბორჯინის“ ქარხანა ყველაზე რთულ პერიოდშია, რადგან ახლა წარმოების პიკზე არიან და გაჩერება უწევთ. 2019 წელი „ლამბორჯინისთვის“ ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. 2018 წელთან 43%-იანი ზრდა გაყიდვებში URUS-ის წარმატებითაა განპირობებული. 2019 წელს იტალიურმა ავტომწარმოებელმა 4 962 Urus-ი, 2 139 Huracan-ი და 1 104 Aventador-ი გაყიდეს.

საინტერესოა, რომ სხვა იტალიური ავტომწარმოებლებისგან განსხვავებით, Ferrari წარმოებას არ წყვეტს და ვირუსის პერიოდში მარანელოს საწარმოს მაინც ამუშავებს.

მსგავსი სიახლეები