ლეგენდარული ავტომობილის გაუმჯობესება: 2020 წლის Subaru WRX STI
Aa
Aa

ლეგენდარული ავტომობილის გაუმჯობესება: 2020 წლის Subaru WRX STI

რალის განვითარების ისტორიაში Subaru WRX-ს დიდი წვლილი მიუძღვის. WRX STI კი WRX-ის უფრო ძლიერი, თანამედროვე და ძვირი ვერსიაა. ტურბოდაბერვის 2.5-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა 310 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავა თითქმის იგივეა, რაც 2004 წელს გამოსვლისას იყო, მაგრამ ძალა საკმარისია იმისთვის, რომ სეგმენტში Honda Civic Type R-ისა და Volkswagen Golf-ისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლოს. ეს ჰეaჩბექები ყოველდღიურობისთვის უფრო კომფორტულია, ვიდრე მხოლოდ სედანი STI. სალონში ხმაური შემოდის. მართვადობაც ბევრისთვის უხეშია, მაგრამ ეს გემოვნების საკითხია და, ვიღაცისთვის უხეში, სხვისთვის შესაძლოა სრულყოფილი იყოს. 

რა არის ახალი 2020 წლისთვის?

2020 წლისთვის საბაზისო STI თითქმის არ შეცვლილა. ახლა მანქანის დაძვრა ღილაკის საშუალებით არის შესაძლებელი. ავტომობილს განახლებული, 19-იანი მუქი ნაცრისფერი დისკები აქვს. 

ფასი

  • WRX STI: $37,895
  • WRX STI Limited: $42,595

    ძნელია, Limited ვერსიის $4700-ით ძვირად შეძენა გაამართლო, რადგან ფუნქციები საბაზისო მოდელის თითქმის მსგავსია და ეს ფუნქციები ორივე მოდელზე სტანდარტულია. საბაზისო ვერსია უფრო რაციონალური არჩევანია. მას 7.0-ინჩიანი საინფორმაციო-გასართობი სისტემის ეკრანი აქვს. Android Auto, Apple CarPlay და გათბობადი სავარძლები სტანდარტულია. 19-იანი დისკები ზაფხულის საბურავებითაა შეფუთული.

    ძრავა და მართვადობა

    როგორც უკვე აღვნიშნეთ, WRX STI-ს 2.5-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომელიც 310 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძალა AWD სისტემას 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით მიეწოდება. 0-100კმ/სთ-მდე 5.2 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 280 კმ/სთ. მართალია, ტურბო რეაგირებას აგვიანებს, მაგრამ ხმაურიანი ძრავა ყოველთვის ამაღელვებელია. აჩქარებაზე ავტომობილი ხმაურიანად და სწრაფად რეაგირებს. 

    მოსახვევებში შესვლისას STI, შეიძლება ითქვას, რომ ბაზარზე სეგმენტში საუკეთესოა. ამ ავტომობილის დინამიკურობა მომაჯადოებელია. მაღალ სიჩქარეებზე STI სხეულს საუკეთესოდ აკონტროლებს. მაღალი მოცურების საშიშროება, რაც ძველ მოდელებს ახასიათებდა, შემცირებულია. აირჩიეთ Sport Sharp რეჟიმი და ამ ავტომობილის მართვისგან მაქსიმალურ სიამოვნებას მიიღებთ. სველ და სრიალა ზედაპირზეც STI საოცარ კონტროლს გვთავაზობს. 

    სწრაფ რეაგირებას და მკვეთრ მართვადობას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს: არაკომფორტულია. უსწორმასწორო გზაზე STI უხეშია და ეს ყველაფერი სალონში იგრძნობა. ძრავა ზოგისთვის შესაძლოა ზედმეტად ხმაურიანი იყოს. ხანდახან სალონში შემომავალი ხმა შემაწუხებელია. Brembo-ს მუხრუჭები სიტუაციას აუმჯობესებს. სატერფულზე ფეხის დაჭერაზე ადეკვატურად რეაგირებს. 

    საწვავის მოხმარება

    WRX STI ეკონომიურობით არ გამოირჩევა. ეს გასაკვირი არაა, რადგან, 2.5-ლიტრიანი ძრავა, რომელიც მისი კაპოტის ქვეშ იმალება, უკვე მოძველებულია. 

    EPA-ს შეფასებით, ქალაქში 100კმ-ზე 14.7 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ტრასაზე - 10.7 ლიტრს, შერეულ რეჟიმში კი - 12.4. ლიტრს.  სავსე ავზით, STI-ს 486კმ-ს გავლა შეუძლია. შედარებისთვის, VW Golf R 178კმ-ით მეტს გადის. 

    ექსტერიერი და ინტერიერი

    WRX STI-ის ექსტერიერი ყველა მხრიდან ავტომობილის მაღალ შესაძლებლობებზე მიუთითებს. კაპოტზე ჰაერის მასიური ამღები, უფრო დიდი უკანა ფრთა, LED წინა მაშუქები, 19-იანი ალუმინის შენადნობი დისკები. შეზღუდული გამოშვების STI-ს 19-იანი დისკები ბრინჯაოს დაბოლოებებით აქვს. Brembo-ს მუხრუჭების სუპორტები ვერცხლისფერია. ექსტერიერის ლოგოები - შავი. 

    ამ მანქანის ინტერიერიც იმაზე უსვამს ხაზს, რომ ავტომობილი მართვადობაზეა ორიენტირებული. სალონში ფუფუნების საგნები არ დაგხვდებათ. საინტერესოც არაფერია. ინტერიერი ლოგიკურია. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ავტომობილი სპორტულია. საინფორმაციო-გასართობი სისტემის ეკრანი პატარაა. მთლიანობაში სალონი ბნელია. ტყავის სპორტული სავარძლები კარგად გამოიყურება და კომპაქტური სედანისთვის კარგი ზომისაა. საჭე ტყავშია შეფუთული. 

    WRX-ის სედანს ჰეჩბექებთან შედარებით სივრცის მხრივ უპირატესობა აქვს. ფეხების და თავს ზემოთ სივრცეც საკმარისზე მეტია. მაღალ ადამიანს ჩაჯდომა არ გაუჭირდება. ამ ავტომობილში 5 ადამიანი თავისუფლად ეტევა. Limited ვერსიას თუ აირჩევთ, მაშინ თქვენ მძღოლის ადაპტირებად სავარძელს მიიღებთ.

    გვერდითა სარკეები კარგი ზომისაა. უკანა დიდი ფრთა კი ცოტათი მოსაბეზრებელია, რადგან მხედველობის არეს ზღუდავს. საბარგულში მხოლოდ სამი ჩემოდანი ეტევა. მანქანის დაბალი კლირენსი კი მის დატვირთვას ართულებს.

    მულტიმედია სისტემა

    მონაცემების 5.9-ინჩიან ეკრანთან ერთად, ავტომობილს 7.0-ინჩიანი მულტიმედია სისტემის ეკრანი აქვს. სისტემას Starlink ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ ეკრანების ზომა მცირეა და სეგმენტში ჩამორჩება, ბრძანებებზე სწრაფად რეაგირებს და გამოყენებაც ადვილია. Apple CarPlay, Android Auto, Pandora და HD რადიო სტანდარტულია. სტანდარტულია ასევე ბლუთუზი და USB პორტები. ნავიგაცია ინტეგრირებულია. სტანდარტულ მოდელს 6-დინამიკიანი აუდიო სისტემა აქვს. Limited ვერსიას 9-დინამიკიანი Harman Kardon სისტემა აქვს.

    უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე ფუნქციები

    WRX STI ჯერ National Highway Traffic Safety Administration-ს არ შეუმოწმებია (NHTSA). სამაგიეროდ, ამ ავტომობილმა Insurance Institute for Highway Safety-სგან კარგი შეფასება დაიმსახურა. მძღოლის დამხმარე სისტემები რალის ავტომობილებს არ სჭირდებათ, ამიტომ Subaru STI-ზე კონტროლს მთლიანად მძღოლს უთმობს. ავტომობილს უკანა ხედვის კამერა აქვს. დამატებითი ფუნქცია კი უხილავი წერტილის მონიტორინგს და უკანა გადამკვეთ მოძრაობაზე გაფრთხილებას მოიცავს.

    დასკვნა

    Subaru WRX-ს რალის მოყვარულების გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ავტომოყვარულების უმეტესობასთან ეს სახელი კოლინ მაკრეისა და მის დიდებულ გამარჯვებებთან ასოცირდება. STI-ს ექსტერიერი უფრო დახვეწილია, ინტერიერი ტევადი. ამ ავტომობილს დადებითთან ერთად, ბევრი უარყოფითი მხარეც აქვს. ეს სპორტული სედანი, აღჭურვილობის მხრივ, კონკურენტებს ჩამორჩება. მართალია, თავს ვერც საწვავის ეკონომიით და ვერც ინტერიერის მრავალფეროვნებით იწონებს, მაგრამ, მისი მთავარი მისია სულ სხვაა: რალის სულის გაცოცხლება, რაც ამ ავტომობილს კარგად გამოსდის.

    მსგავსი სიახლეები