რა არის და როგორ მოქმედებს ავტომობილის პასიური უსაფრთხოება?
ავტომობილების უსაფრთხოება ყოველთვის აქტუალური თემაა, მაგრამ კონკრეტულად რა იგულისხმება „უსაფრთხოებაში“ ? ავტოინდუსტრიამ პროდუქციის უსაფრთხოების მხრივ 21-ე საუკუნეში დიდი პროგრესი განიცადა.
კონკრეტულად რა ხდის ავტომობილს უფრო უსაფრთხოს? უსაფრთხოების განსაზღვრებას ძირითადად ორ ნაწილად ყოფენ: პასიური და აქტიური.
- აქტიური უსაფრთხოება არის ავტომობილის უნარი, თავიდან აიცილოს ავარია.
- პასიური უსაფრთხოება არის ავტომობილის უნარი, დაიცვას მგზავრები ავარიის დროს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქტიური უსაფრთხოების სისტემები ავარიის თავიდან აცილებას ცდილობს. ეს შეიძლება მოახერხოს ავტომატური დამუხრუჭების სისტემით, სტაბილურობის კონტროლით, ზოლიდან გადასვლაზე გაფრთხილებით ან სხვა არსებული სისტემებით. თუმცა, დღეს ჩვენ პასიური უსაფრთხოების სისტემებზე ვისაუბრებთ.
ბევრი ადამიანისთვის „ავტომობილის უსაფრთხოება“ პასიურ უსაფრთხოებასთან ასოცირდება. ანუ, როგორ მოიქცევა ავტომობილი უკვე ავარიის შემთხვევაში და არა, როგორ აიცილებს ავარიას თავიდან. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან სამთავრობო მარეგულირებლებიც, მაგალითად, როგორიცაა EuroNCAP ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, როგორ იცავს ავტომობილი ავარიის შემთხვევაში მგზავრებს. ყველაზე მკაცრად უსაფრთხოების ღვედებს და ბალიშებს აკონტროლებენ. ბარიერებთან შეჯახებისას მათ კარგი შედეგები უნდა აჩვენონ.
ის მიღწევები, რაც ბოლო რამდენიმე წელიწადში პასიური უსაფრთხოების მხრივაა, ნამდვილად გასაოცარია. ადამიანების გარკვეულ ნაწილს ჰგონია, რომ უსაფრთოების ბალიში ერთი დიდი რბილი ბალიშია, რომელიც ავარიის დროს გაიხსნება და დაზიანებისგან დასაცავად „ჩაგეხუტებათ“. რა თქმა უნდა, ეს ასე არაა. პირიქით, უსაფრთხოების ბალიშს ზიანის მოყენებაც შეუძლია. შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხოების ბალიში გახსნისას „ფეთქდება“. უსაფრთხოების ღვედებიც და ბალიშებიც პიროტექნიკას იყენებს. ღვედმა მომენტალურად უნდა დაიჭიროს ადამიანის სხეული, ბალიშმა კი გახსნა უნდა მოასწოს. ბალიშმა შესაძლოა ცვირი ან სახის ძვლები ჩაგიმტვრიოთ.
„შეიკარით ღვედი“ მხოლოდ ლოზუნგი არაა!
თანამედროვე უსაფრთხოების ღვედები იმ პირვანდელისგან ძალიან გასნხვავდება, რომლის მოვალეობაც უბრალოდ სავარძელზე დაჭერა იყო. 21-ე საუკუნის ღვედები მოქნილია. მართვისას თავისუფლად მოქმედების საშუალებას იძლევა, შეჯახებისას კი მაქსიმალური სიზუსტით რეაგირებს.
შეჯახებისას უსაფრთხოების ღვედი სხეულს უკან ქაჩავს. მისი მიზანია ზიანის მთავარ ფაზაში თქვენი სხეული ოპტიმალურ პოზიციაში დააფიქსიროს, შემდეგ კი თანდათან მოშვებას იწყებს და თავისუფლად მოძრაობის საშუალებას გაძლევთ. მაღალ სიჩქარეზე შეჯახებისას ღვედი მონაცემთა დაფაზე თავის დარტყმისგან ან საქარე მინის ჩამტვრევისა და გადავარდნისგან გიცავთ.
უსაფრთხოების ღვედებმა და ბალიშებმა ერთად ზუსტად უნდა იმოქმედოს. ბალიში დროულად და სწორი მიმართულებით უნდა გაიშალოს, ამ დროისთვის კი ღვედი თქვენს საჭირო პოზიციაში ყოფნას უზრუნველყოფს. ბალიშის გახსნას აზრი არ აქვს, თუ თქვენ ღვედის გარეშე ხართ და სალონში სხვა მხარეს გადავარდით. ამერიკულ ავტომობილებში უსაფრთხოების ბალიში, როგორც წესი, უფრო დიდი და ძლიერია, ვიდრე ევროპულებში. ეს იმის გამო, რომ ამერიკელები ღვედების გამოყენებას სერიოზულად არ ეკიდებიან. საბედნიეროდ, ბოლო რამდენიმე წელიწადში ამ მხრივ მდგომარეობა გაუმობესდა.
თანამედროვე ავტომობილების დიზაინი შექმნილია ისე, რომ შეჯახებისას ძალა სალონს აარიდოს, ამიტომ, ისინი იჭეჭყება. სალონს კი ეს არ ემუქრება. სწორედ ამის გამო, საყრდენი ბოძები ავტომობილებში სულ უფრო სქელია. თუ 1960-იანების ან 70-იანების ავტომობილებს დააკვირდებით, საყრდენი ბოძები თხელია და უფრო დიდი შუშები აქვს. ეს ხილვადობისთვის კარგია, მაგრამ სალონს არ იცავს. შესაძლოა ამ სქელი ბოძების გამო თანამედროვე ავტომობილები იმდენად კარგად არ გამოიყურება და ხილვადობაც შედარებით შეზღუდულია, მაგრამ უფრო უსაფრთხოა. საწვავის ავზი ისეა განლაგებული, რომ ავარიის შემთხვევაში საწვავმა ჟონვა არ დაიწყოს. თავის დასადებები კისერს მაქსიმალურად იცავს. ძრავა მანქანის ქვემოთ ჩაცურდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა ნაწილის გაფუჭება ისეა გათვლილი, რომ კაბინაში მყოფი მგზავრები მაქსიმალურად დაიცვას,
მანქანის დაჭმუჭნა და ენერგიის გამოყოფაა მიზეზი, რის გამოც ამბობენ, რომ თანამედროვე ავტომობილები ავარიისას მარტივად იშლება. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ძველი ავტომობილები ავარიის შემთხვევაში ნაკლებად უსაფრთხოა და სწორედ იმიტომ, რომ ისინი წინასწარ გათვლილი სახით არ იჭმუჭნება. თუ ძველი მანქანა რამე მყარს შეეჯახება, მაგალითად, 65 კმ/სთ სიჩქარით, მთელი ენერგია მანქანის სალონში გადადის და თქვენი სხეული 65კმ/სთ სიჩქარით მონაცემთა დაფას ან საქარე მინას ეჯახება.
უსაფრთხოების ტესტები სულ უფრო მკაცრი ხდება. მაგალითად, EuroNCAP-მა 2015 წელს თავისი შეფასების სისტემა გაამკაცრა. როცა მანქანის უსაფრთხოების მონაცემებს ამოწმებთ, აუცილებლად მიაქციეთ ყყრადღება, თუ რომელი პროტოკილით აქვს ტესტი გავლილი. ახალ პროტოკოლში რეიტინგები მოზარდის, ბავშვის და ფეხის მოსიარულეთა უსაფრთხოების შეფასებას გვთავაზობს.
როგორც უკვე ვახსენეთ, ეს მხოლოდ პასიური უსაფრთხოებაა. სხვა მრავალი სისტემაც არსებობს, რომლებიც უკვე აქტიური უსაფრთხოების სისტემებს მიეკუთვნება, ანუ ავარიის თავიდან აცილებაზე ზრუნავენ.
და ბოლოს.. შეიკარით ღვედი! ეს 40 ლარსაც დაგიზოგავთ და, რაც მთავარია თქვენს უსაფრთხოებაზე იზრუნებს.