ფორმულა 1, პილოტი, Formula 1, Formula E
Aa
Aa

სიცოცხლე ავტოსპორტიდან წასვლის შემდეგ: რას საქმიანობენ ყოფილი პილოტები

როცა მრბოლელი ხარ და შენთვის ადრენალინი ყველაფერია, ძნელია  ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნება. რა შეიძლება იყოს რბოლაზე ამაღელვებელი?

თუ წარმატებული მრბოლელი ხარ, კარიერის მანძილზე დიდ ფულს დააგროვებ. 35 წლის ასაკში სპორტს თავს დაანებებ და ეს მოგროვილი ფული სიცოცხლის ბოლომე უნდა გამოიზოგო. ან მოიქცე ისე, როგორც ამ სიაში ჩამოთვლილი პილოტები მოიქცნენ:

გახდე დილერი

ხუან მანუელ ფანხიო სწორედ მაშინ იყო ფორმულა 1-ის სუპერვარსკვლავი, როცა თითოეული რბოლის დაწყება სიკვდილთან თამაში იყო. იმ დროს კარიერის საკუთარი სურვილით დასრულება იშვიათობა იყო. თანაც, თუ ამას სერიოზული ტრავმების გარეშე მოახერხებდი, ე.ი. ძალიან გაგიმართლა.

ფანხიო არგენტინაში მსოფლიო ჩემპიონის 5 ტიტულით დაბრუნდა. მან „მერსედესის“ საკუთარი სადილერო გახსა და 1974 წელს Mercedes Argentina-ს დირექტორიც გახდა.

მას შემდეგ, რაც ნაიჯელ მანსელმა სარბოლო ხელთათმანები და ულვაშები კედელზე ჩამოკიდა, ისიც ამ გზას გაჰყვა. 90-იანებში Ferrari-ს და TVR-ის სადილერო ჰქონდა. 2012-ში ჯერსიში Mitsubishi-სა და Hyundai-ს ავტოფარეხიც გახსნა, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.   .

წახვიდე პოლიტიკაში

როცა წითელსისხლიანი პილოტი ხარ, ოპონენტის განადგურების სურვილიც სისხლში გაქვს. 150-დან 12 გამარჯვების შემდეგ კარლოს როიტმანი არგენტინაში დაბრუნდა. 2003 წლის არჩევნებში ნაციონალურ სენატში ადგილი მოიპოვა და მას შემდეგ იქ არის. მან კონსერვატიული მიდგომა ალბათ ბერნი ეკლსტოუნისგან Brabham-ში ისწავლა.

რალის 1981 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა არი ვატანენმა საფრანგეთში საკუთარ ვენახებში მოიწყინა და გადაწყვიტა ევროპარლამენტში ადგილისთვის კენჭი ეყარა. მან ბრიუსელში ორი ვადა ევროკავშირის სატრანსპორტო კომიტეტში გაატარა. 

 იყიდო ფერმა

სამხრეთ აფრიკელი ჯოდი შეკტერი ერთადერთია აფრიკის კონტინენტიდან, ვინც F1-ის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 1979 წელს გამარჯვების შემდეგ მას შეეძლო კარიერა წარმატებულად გაეგრძელებინა, მაგრამ რამდენიმე წარუმატებლობის შემდეგ, მან ჰემფშირში 2 500 აკრი მიწა იყიდა და ფერმერობას მიჰყო ხელი.

ფერმა სხვა, ნაკლებად წარმატებულ მრბოლელსაც აქვს. მისი კარიერის პიკი მაშინ იყო, როცა 1996 წლის არგენტინის გრან პრიზე ავარია მოუვიდა და მის ბოლიდს ცეცხლი წაეკიდა. მაშინ The Sun-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „Diniz in the oven“ – „დინიზი ღუმელში“.  ახლა ის ბრაზილიაშია, თავის ფერმაში.

უნგრელი პილოტი ჟსოლტ დაუმგარტნერი, რომელმაც ორი სეზონის განმავლობაში ერთადერთი ქულის მოპოვება შეძლო, ახლა ბუდაპეშტთან ახლოს გოჭებს უვლის.

კანონი დაარღვიო

ხანდახან ადრენალინის წყურვილი ტრასის გარეთაც არ ნელდება.

მაგალითად, ჯორდან გაჩოტის ციხეში გატარებულმა ორმა თვემ 1991 წელს ახალგაზრდა მიხაელ შუმახერს Jordan-ის გუნდში ადგილი გაუთავისუფლა. ლუქსემბურგელი საქმეში დაბრუნდა და ენერგეტიკული სასმელების კომპანიის Hype-ს აღმასრულებელი დირექტორი გახდა.  

კარიერის დასრულების შემდეგ ედი ირვინგს საქმე საკმაოდ კარგად მისდიოდა. მან საფონდო ბირჟაზე ბევრი ფული იშოვა. 2014 წელს მას 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის ერთ-ერთ ღამის კლუბში თავს ყოფილი მაიორის შვილს ჭიქით დაესხა.

მიკ დუანი სტრიპტიზკლუბში უსიამოვნო ინციდენტის გამო 2006 წელს ავსტრალიის სასამართლოში აღმოჩნდა. მას შემდეგ მან ის მონდომება, რამაც 90-იანებში ზედიზედ ხუთი MotoGP მოაგებინა, პირადი თვითმფრინავების ბიზნესში ჩადო და დიდი ქონებაც დააგროვა.  

ბედი მუსიკაში სცადო

როცა ფრანგ-კანადელ მომღერალზე ფიქრობ სელინ დიონი გახსენდება და არა ჟაკ ვილნევი. 11 გრან პრის გამარჯვებულმა ბედი ლე მანში, Formula E-ში, Nascar-ში და რალიკროსსშიც სცადა, თუმცა, წარუმატებელი აღმოჩნდა.

ასევე სამწუხაროდ დასრულდა მისთვის მუსიკალური კარიერაც. 2007 წელს გამოსული მისი მუსიკალური ალბომი Private Paradise (პირადი სამოთხე), კინაღამ მართლაც მხოლოდ პირადი გამოდგა. მან სულ რაღაც 800 დისკის გაყიდვა შეძლო.

უკეთესი მცდელობა ჯეიმი ალგესუარის გამოუვიდა. Toro Rosso-ს მენეჯმენტიდან წასვლის შემდეგ, მან თავისი ოცნების ასრულება გადაწყვიტა და DJ გახდა. მისი სასცენო სახელია Squire. მისი დაქირავება ქორწილისთვის ალბათ ბევრს სურს.

საკუთარი ავიაკომპანია შექმნა

1979 წელს ნიკი ლაუდამ საავიაციო კომპანია დააარსა. 3-გზის მსოფლიო ჩემპიონმა ფორმულა 1-ში მოგვიანებით კიდევ ორი კომპანია დაიმატა. საბოლოოდ კი ისინი სარფიანად გაყიდა. ზოგიერთი ფრენისას პილოტი თავადაც იყო. წარმოიდგინეთ, როგორი ბედნიერები იქნებოდნენ მგზავრები მისი აქცენტის გაგონებისას. 

ფორმულა 1-ს ბელგიელმა ყოფილმა პილოტმა ტიერი ბოუტსენმა მონაკოში კომპანია დააარსა, რომელიც პირად თვითმფრინავებს მდიდარ ადამიანებზე ყიდის. ამ დრომდე მას 400-მდე თვითმფრინავი აქვს გაყიდული. 

უფრო შესაფერისი საქმე იპოვნო

Mercedes-ის გუნდის ხელმძღვანელი ტოტო ვოლფი და Red Bull-ის ხელმღვანელი კრისტიან ჰორნერი ყოფილი მრბოლელები არიან. ვოლფი რბოლებში GT და რალი ავტომობილებით მონაწილეობდა. ჰორნერი კი - F3000-ში. როგორც პილოტებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ, როგორც ხელმძღვანელებმა მათ გუნდებს არაერთი დიდი გამარჯვება მოუტანეს. 

Red Bull-ის პილოტების განვითარების ხელმძღვანელი ჰელმუტ მარკო ფორმულა 1-ს 9 რბოლაში მონაწილეობდა. 1972 წლის საფრანგეთის გრან პრიზე ემერსონ ფიტიპალდის ბოლიდიდან ასხლეტილმა ქვამ ის მარცხენა თვალში დააბრმავა. მარკოს ნამდვილად ბევრი მიღწევა აქვს: PhD სამართალში და ორი სასტუმრო ავსტრიაში.

ავტოსალონების მოყვარულებს შეუერთდე

ავტოფარეხების გახსნა ყოფილ პილოტებს შორის პოპულარული საქმიანობაა. 1964 წლის მონტე კარლოს რალის გამარჯვებულმა პედი ჰოფკირკმა 70-იანებში ჩრდილოეთ ირლანდიაში Toyota-ს ავტომობილები შეიყვანა. 1959 წელს კი ფორმულა 1-ს პილოტი ტონი ბრუკსი ვეიბრიჯში Ford-ის ავტოსალონს ფლობდა. 

ისლანდიაში ყოფილი მრბოლელებისგან ავტომობილების ყიდვის ფართო არჩევანი აქვთ. მენსელის გარდა, იქ Honda-ს სადილეროს დერეკ უორვიკიც ფლობს. 

80-იანებში ფილ ჰილმა კლასიკური ავტომობილების სარესტავრაციო სალონი გახსნა. ამ გამოცდილების გამო ის ძველი ავტომობილების კონკურსების ჟიურის წევრი ხშირად გამხდარა. 

აღარაფერზე იდარდო

ზოგი პილოტი ავტოსპორტიდან წასვლის შემდეგ კიდევ უფრო წარმატებული ხდება. მაგალითად, 1985 წლის ლე მანის გამარჯვებულსა და Minardi F1 გუნდის ყოფილ პილოტ პაოლო ბარილას მაკარონის მილიარდ დოლარიანი იმპერია აქვს.  

მილიარდერმა ბერნი ეკლსტოუნმა 1958 წლის მონაკოს გრან პრიში მიიღო მონაწილეობა და მალევე მიხვდა, რომ ეს მისი საქმე ეს არ იყო. 

ზოგმა პილოტმა ზღაპრულ სამყაროშიც კი გადაინაცვლა. 1988 წლის ლე მანის გამარჯვებული ჯონი დამფრისი თავს ამჟამად 7th Marquess of Bute-ს უწოდებს.

ისარგებლო პოპულარობით

დანიკა პატრიკმა, პირველმა ქალმა, რომელმაც 2008 წელს IndyCar-ი მოიგო, რეკლამებში დიდ წარმატებას მიაღწია. 2017 წელს მან წიგნიც გამოუშვა: სხეულისა და გონების გაჯანსაღების 90-დღიანი გეგმა. მან „ჩარლის ანგელოზებში“ გამოჩენაც კი მოახერხა. კალიფორნიაში საკუთარი ვენახი აქვს.  

კანადელმა ჯეიმს ჰინჩკლიფმა IndyCar-ში წარმატებას ვერ მიაღწია. სამაგიეროდ, ამერიკის „ცეკვავენ ვარსკვლავების“ 23-ე სეზონში მეორე ადგილი დაიკავა. 

გააკეთო ის, რასაც შენგან არავინ ელის

გარდა იმისა, რომ Twitter-ის სახალისო ანგარიში აქვს, ადამიანი, რომელმაც თავი „ფორმულა 1-ს ყველაზე ცუდ პილოტად“ შერაცხა, ახლა კომპანიას ფლობს... ტაკი ინოე მრბოლელებს წვრთნის. 

ვიტორიო ბრამბილას, რომელსაც „მონცას გორილას“ უწოდებნენ, 90-იანებში ფორმულა 1-ს გულშემატკივრებისთვის მონცასთან ახლოს მაღაზია ჰქონდა.

რალის 4-გზის ჩემპიონი იუჰა კანკუნენი კი არი ვატანენს არ ჩამორჩა და 2004 წელს კენჭი ევროპარლამენტში იყარა. მისი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა და ახლა ის ან მონაკოშია, ხანაც ფინეთში, თავის ვილაზე. 

მსგავსი სიახლეები