Aa Aa

Top 10 ფილმი, რომლებიც ფორმულა 1-ის მოყვარულმა უნდა ნახოს

ფორმულა 1-ის ისტორიაში ბევრი ლეგენდარული დაპირისპირება და დრამაა. ამ სპორტს მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს. გასაკვირი არაა, რომ კინოს შემქნელები ამ სპორტის მოყვარულებს პერიოდულად საუკეთესო ფილმებით ანებივრებენ. თქვენ აქ შეხვდებით Top 10 ფილმს, რომლებმაც მაყურებლის დიდი სიყვარული დაიმსახურა.

 

1) „სენა“

დოკუმენტური ფილმი „სენა“ ფორმულა 1-ის 3-გზის ჩემპიონ აირტონ სენას ცხოვრებაზე გვიყვება. ის ასახავს ბრაზილიელი მრბოლელის დამოკიდებულებას ფორმულა 1-თან,  რელიგიასთან და მის მთავარ მეტოქე ალან პროსტთან. ეს არის ფილმი, რომელიც შეგაყვარებთ არა მხოლოდ აირტონ სენას,  არამედ მთელს ფორმულა 1-ის სამყაროს.

2) „რბოლა“

ფორმულა 1-ის სამყაროში ბევრი ლეგენდარული დაპირისპირებაა: აირტონ სენა და ალან პროსტი, მიხაილ შუმახერი და მიკა ჰაკინენი და ა.შ. მათში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ნიკი ლაუდასა და ჯეიმს ჰანტის მეტოქეობა. რონ ჰოვარდის ეს ფილმი ფორმულა 1-ის 1976 წლის სეზონში ამ მრბოლელების დაპირისპირებას ეხება. აღსანიშნავია, რომ „რბოლა“ თითქმის დოკუმენტური სიზუსტითაა გადაღებული და მთავარი როლის შემსრულებლების გარეგნობაც კი მიმსგავსებულია.

3) „უილიამსი“

ეს ფილმი ამ სიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ემოციურია. ფოკუსირებულია ფორმულა 1-ის უილიამსის გუნდის დამაარსებლის სერ ფრენკ უილიამსის ცხოვრებაზე. ადამიანზე, რომელსაც საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. ეს დოკუმენტური ფილმი შედგება ინტერვიუებისგან და მხატვრული ფილმის მცირე ელემენტებისგან. 

4) „1“

მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმს ცოტა უცნაური სათაური აქვს, ის ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც აქამდე ფორმულა 1-ზე შექმნილა. ის აღწერს ამ სპორტის ოქროს წლებს (70-იანებიდან დაწყებული) და იმ ადამიანებს, ვისი დამსახურებაც ამ სპორტის პოპულარობა იყო. „1“-ის ყურება დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ რატომაა დღეს ეს სპორტი ასეთი.

5) „როცა ფლეიბოები სამყაროს მართავდნენ“

ეს ფილმი ალბათ ყველაზე გლამურული დოკუმენტური ფილმია.  მას ყველასგან თვითონ ისტორია გამოარჩევს და არა ის, თუ როგორ გვიყვებიან ამ ისტორიას. „როცა ფლეიბოები სამყაროს მართავდნენ“ ეხება ჯეიმს ჰანტის და ბარი შინის - ფორმულა 1-ის სამყაროს ორი ფლეიბოის ცხოვრებას. ეს ფილმი დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ რატომ ჩიოდა ნიკი ლაუდა, რომ ფორმულა 1 ნამდვილი მამაკაცების სპორტი აღარაა.

6) „მაკლარენი“

ეს ფილმი გვიყვება ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ბრენდის „მაკლარენის“ შექმნის ისტორიას.  აღწერილია გუნდის დამაარსებლის ბრიუს მაკლარენის ცხოვრება და მისი მცდელობა ავტოსპორტის სამყაროს შეცვლისა.  ეს დოკუმენტური ფილმი თუ ვერ შეგაყვარებთ „მაკლრენის“ გუნდს, მისი დამაარსებლის მიმართ დიდი პატივისცემის გრძნობას მაინც გაგიჩენთ.

7) „გრან პრი: მკვლელი წლები“

ეს ფილმი ამ სიაში ყველაზე რთულად საყურებელი ფილმია. მასში ასახულია ფორმულა 1-ის ბნელი მხარე და უსაფრთხოების ზომების დაცვის განვითარება. ეს ტრაგიკული ფილმი რეკომენდირებულია ყველასთვის, ვინც მიიჩნევს, რომ ფორმულა 1 უკეთესი იყო მაშინ, როცა უფრო საშიში იყო.

8) „ჰანტი ლაუდას წინააღმდეგ“

შეიძლება იფიქროთ, რომ ამ სიაში ჰანტი ზედმეტად ბევრჯერ მოხვდა, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. ამ მრბოლელმა უდიდესი გავლენა მოახდინა ფორმულა 1-ის სამყაროზე.  „ჰანტი ლაუდას წინააღმდეგ“ ავსებს იმ დანაკლის, რაც „რბოლამ“ დაგიტოვათ. ეს დოკუმენტური ფილმი უფრო დეტალურად გვიყვება ლაუდასა და ჰანტის ლეგენდარულ დაპირისპირებაზე. მოიცავს მეტ ინტერვიუსა და მიმოხილვას.

9) „ფორმულა 1: რბოლა გადარჩენისთვის“

ეს არც მხატვრული ფილმია და არც დოკუმენტური. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური არხის „ნეტფლიქსის“ დოკუმენტური სერიალი ფორმულა 1-ის 2018 წლის სეზონზე.  „რბოლა გადარჩენისთის“  გეხმარებათ იმის დანახვაში, რასაც ტრასაზე ვერ ხედავთ. საშუალება გეძლევათ შეიხედოთ გუნდების ავტოფარეხებში და უფრო ახლოს გაიცნოთ თქვენი საყვარელი მრბოლელები.

10) „სენა ბრანდლის წინააღმდეგ“

მიუდედავად იმისა, რომ ამ სიაში უკვე მოხვდა ფილმი, რომელიც მთლიანად აირტონ სენას ეძღვნება, ეს ფილმიც იმსახურებს ყურადღებას. ის გვიყვება 1983 წლის ბრიტანული ფორმულა 3-ის სეზონზე და ფოკუსირებულია ბრაზიელი მრბოლელის ბრიტანელ მარტინ ბრანდლთან დაპირისპირებაზე და მისი ბოლიდის პრობლემებზე.

გაზიარება: