უნგრეთის გრან პრი: ჰამილტონის დამარცხება მხოლოდ ბოტასს შეუძლია
სამი რბოლის შემდეგ ლუის ჰამილტონი ჩემპიონობისთვის ბრძოლის სიის სათავეში მოექცა. მისი გუნდელი ერთადერთია, ვისაც შუმახერის რეკორდის დაცვა შეუძლია.
ყოველ შემთხვევაში სებასტიან ფეტელი და შარლ ლეკლერი ასე ფიქრობენ მას შემდეგ, რაც „ფერარის“ ამბიციები ცხელ ივლისში ყინულივით დადნა. უნგრეთის გრან პრი კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა. ფეტელმა მეექვსე ადგილი დაიკავა. მისმა გუნდელმა კი მეთერთმეტე.
კვირას, უნგრეთის გრან პრიზე ჰამილტონმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. პირველი ადგილის გარდა, მან ქულა ყველაზე სწრაფი წრისთვისაც მოიპოვა. ჩემპიონატში ბოტასს 5 ქულით გაუსწრო. ფინელმა უნგრეთის გრან პრიზე მესამე ადგილი დაიკავა.
გრან პრის დაწყებამდე მაქს ფერშტაპენმა ბოლიდის გაფუჭება მოასწრო და „რედ ბულის“ გუნდი სტარტამდე უპირველეს ყოვლისა დროს ეჯიბრებდა. საბოლოოდ, რბოლისთვის მომზადება მაინც მოასწრეს. ახალგაზრდა პილოტმა მეორე ადგილი დაიკავა. ახლა ის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და ჰამილტონს 30 ქულით ჩამორჩება.
ფეტელს და ლეკლერს ჰკითხეს, რა შემთხვევაში ვერ გახდებოდა ჰამილტონი წელს ჩემპიონი.
-„ვფიქრობ, მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ ვალტერი მოიგებს“. - უპასუხა 4-გზის მსოფლიო ჩემპიონმა.
-„ჩემი აზრით, ლუისი მთავარი კანდიდატია. ერთადერთი, ვინც მის გაჩერებას შეძლებდა ვალტერია“. - დაამატა ლეკლერმა.
Mercedes-მა სეზონი ძლიერად დაიწყო. პირველი რბოლა ბოტასმა მოიგო. მეორე და მესამე - ჰამილტონმა. გუნდი ახლა „რედ ბულის“ გუნდს 66 ქულით უსწრებს. გულშემატკივრების და ჟურნალისტების დიდი ნაწილი უკვე ფიქრობს, რომ ჩემპიონატის ბედი გადაწყვეტილია.
თუმცა, „მერსედესის“ გუნდის ხელმძღვანელი ამ აზრს არ ეთანხმება.
- „არ ვფიქრობ, რომ უკონკურენტოები ვართ. „რედ ბულს“ კარგი კვირა ჰქონდა და მათი ბოლიდიც ძლიერია. ლუისს და მაქს შორის მხოლოდ 30 ქულაა. ერთხელ ფინიშის ხაზის ვერ გადაკვეთამ შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს“ . - ამბობს ტოტო ვოლფი.
მიუხედავად „მერსედესის“ დომინაციისა, ჰამილტონი უფრო ძლიერი ბრძოლისთვის მზადაა.
- „ვფიქრობ, „რედ ბული“ კარგ შედეგებს აჩვენებს. დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის მსვლელობის განმავლობაში უკეთესს შედეგებსაც გვაჩვენებენ“. - ამბობს 6-გზის მსოფლიო ჩემპიონი.
ვნახოთ, შეძლებენ თუ ვერა ვალტერი ბოტასი და მაქს ფერშტაპენი ჰამილტონისთვის კონკურენციის გაწევას და მიიღებს თუ ვერა მაყურებლები იმას, რის გამოც ეს სპორტი ასე უყვართ.