ამერიკის ლეგენდარული „პონი ქარების“ ბრძოლა: Camaro vs Mustang
Aa
Aa

ამერიკის ლეგენდარული „პონი ქარების“ ბრძოლა: Camaro vs Mustang

Ford Mustang-ის დებიუტი 1964 წელს შედგა და მომენტალურ წარმატებას მიაღწია. „შევროლეს“ არ მოეწონა, რომ „ფორდის“ დიდების ჩრდილში აღმოჩნდა და საპასუხოდ 1967 წელს „კამარო“ გამოუშვა.  ასე დაიწყო ათწლეულების ომი, რომელიც კომპანიების გაყიდვებზე დადებითად აისახა. მათ შეძლეს ამერიკული ავტოსამყაროს და ამერიკელი მომხმარებლის მიდგომის სწრაფი და ხელმისაწვდომი ავტომობილებისადმი შეცვლა.  ბრძოლა იმდენად დაუნდობელი იყო, რომ ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო და დღეს საქართველოში  ჩვენ თქვენთვის ამ „მონსტრებს" შევადარებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრძოლის განმავლობაში ხან ერთ მწარმოებელს და ხან მეორეს ჩავარდნები ჰქონდა, დაძაბულობა არასდროს იკლებდა. ორივე ავტომობილი, ნახევარი საუკუნის შემდეგ, კვლავ ინარჩუნებს თავდაპირველი მოდელის იერსახეს. თუმცა, დღეს ეს ის ავტომობილები აღარ არის, რომლებსაც მხოლოდ სწორხაზოვნად შეეძლო სიარული და 402 მეტრიან მანძილის დასაძლევად  მზად იყო. დღეს „მუსტანგი“ და „კამარო“ სპორტულ, საკმაოდ მოქნილ, სასიამოვნო სატარებელ და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ავტომობილებს წარმოადგენენ .

პირველი სერიოზული სახეცვლილება „მუსტანგმა“ 2015 წელს განიცადა. 2018 წელს კი დიზაინის ელემენტებში პატარა ცვლილებების შეტანით ავტომობილს უფრო აგრესიული და „სექსუალური“ ვიზუალი მიენიჭა. „შევროლე“  ამ ბრძოლაში უფრო უსაფრთხო ნაბიჯებს დგამს. თავის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელის ექსტერიერი 2016 წელს განაახლა და მორიგი ცვლილებები დიზაინში 2019 წელს შეიტანა.

სპორტული კუპეს მომხმარებელი ავტომობილის ყიდვისას ბევრ კითხვას სვამს. ამ შედარებაში ჩვენ შევეცდებით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს ვუპასუხოთ და  „ამერიკელების“ ძლიერი და სუსტი მხარეები გაგაცნოთ.

 

ფასი

გამარჯვებული: 2019 Chevrolet Camaro

ამ კრიტერიუმში თავისი დაბალი საწყისი ფასით „კამარო“ იმარჯვებს. მისი საბაზო კომპლექტაცია 25 000$ ღირს, როდესაც ყველაზე იაფი „მუსტანგის“ფასი 26 395$-დან იწყება. კაბრიოლეტების შემთხვევაშიც კი „კამაროს“ ფასი 400$-ით ნაკლებია „მუსტანგის“ ანალოგზე.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ საშუალო კომპლექტაციის 5.0-ლიტრიანი V8 ძრავის მქონე Mustang GT-ს ფასები Camaro SS-ზე ნაკლებია: 35 355$ „მუსტანგის“ კუპესთვის უნდა გადადოთ და 44 855$ კაბრიოლეტისთვის; „კამაროს“ შემთხვევაში SS ვერსია 37 000$-დან და მისი კაბრიოლეტის კი 43 000$-დან იწყება.

Ford Mustang სტანდარტული GT ვერსიის გარდა, თავის მომხმარებელს სთავაზობს ლიმიტირებულ Bullitt ვერსიას, ფილმში გაშუქებული 1968 წლის „მუსტანგის“ პატივსაცემად ამ კომპლექტაციის ფასი 46 595$-დან იწყება.

ტრეკისთვის გამზადებული უმაღლესი კომპლექტაციები Mustang Shelby GT350R და Camaro ZL1 შესაბამისი 61 500$ და 67 135$ ღირს.

 

სანდოობა

გამარჯვებული: ფრე

ორივე ავტომობილს უსაფრთხოების რეიტინგით ხუთიდან სამი ვარსკვლავი აქვს მინიჭებული. ავტოინდუსტრიისთვის ეს საშუალო მაჩვენებელია, თუმცა სპორტული ავტომობილების კლასისთვის ცოტა დაბალია. ამ კლასში საუკეთესო შედეგები (5-დან 4 ვარსკვლავი) 2019 წლის Dodge Challenger-ს აქვს.

ორივე მწარმოებელს გარანტიის ანალოგიური პირობები გააჩნია:  5 წელი ან 100 000 კმ. გარბენი საკვანძო აგრეგატზე (რომელიც ადრე შესრულდება).

 

სავარძლების კომფორტი და ხილვადობა

გამარჯვებული: 2019 Ford Mustang

Chevrolet Camaro-ს და Ford Mustang-ის მოდელების უმეტესობა აღჭურვილია ორი კომფორტული წინა სავარძლით და უკანა სავარძლით, სადაც მაქსიმუმ პატარა ბავშვი შეიძლება მოთავსდეს. Mustang Shelby GT350R-ში უკანა სავარძელი წონის შემცირების მიზნით ამოღებულია.

ორივე ავტომობილის სალონის ერგონომიკა ძალიან მსგავსია, მაგრამ Mustang-ი ამ შეფასებას თავისი ხილვადობის გამო იგებს. რა თქმა უნდა, ბრმა წერტილები აქვს, მაგრამ არა იმ დოზით, როგორც Camaro-ს. ბრმა წერტილების და პარკირების სენსორების ქონა ყოველთვის კარგია, მაგრამ კამაროს მომხმარებლისთვის აუცილებლობა უფროა, ვიდრე არჩევანი.

თუ ეძებთ სპორტულ ამერიკულ კუპეს, ჯობს თქვენი ყურადღება 2019 Dodge Challenger-ზე გადაიტანოთ.

 

ინტერიერის ხარისხი

გამარჯვებული: 2019 Ford Mustang

Mustang-ის ინტერიერში თქვენ ნახავთ რეტრო სტილში დამზადებულ გადამრთველებს და ზოგადად სალონის დასამზადებლად გამოყენებული მასალები, Camaro-სთან შედარებით, უფრო მაღალი ხარისხის აქვს. 

„შევროლეს“ სალონი უფრო მოკრძალებული და იაფიანი მასალისგანა არის შექმნილი. სამწუხაროდ, სალონის ბევრი ელემენტი დაბალფასიანი პლასტმასისგან არის დამზადებული და ნამდვილად არ შეეფერება ავტომობილის დიზაინს.

ავტომობილების საბაზო კომპლექტაციებში საკმაოდ კარგი ნაჭრის სავარძლები გხვდებათ, ხოლო უფრო ძვირიანში - ტყავის. ასევე „რეკაროს“ სავარძლების არჩევა შესაძლებელია, რომლებიც მაღალი გვერდითა დამჭერების ხარჯზე  მოსახვევში სწრაფად შესვლისას უფრო გაკავებთ.

 

ინტერიერი და აღჭურვილობა

გამარჯვებული: 2019 Chevrolet Camaro

„კამაროს“ აღჭურვილობის გრძელმა სიამ ამ კრიტერიუმში მას გამარჯვება მიანიჭა.  საბაზო ვერსია აღჭურვილია 18- სანტიმეტრიანი საინფორმაციო-გასართობი ეკრანით. ავტომობილს ასევე აქვს Wi-Fi hot spot, 4G LTE, Android Auto და Apple CarPlay-ს მხარდაჭერა.

ყველა კამაროს ასევე აქვს „ახალგაზრდა მძღოლების სისტემა“ (Teen Driver System), რომელიც მშობლებს საშუალებას აძლევს ავტომობილის ფუნქციები შეზღუდონ. ასევე ახალგაზრდა მძღოლის ტარების შესახებ მონაცემებს აგროვებს და მშობლებს ატყობინებს.

ამ ყველაფრის ფონზე, „ფორდის“ საბაზო კომპლექტაციის აღჭურვილობა  კომიკურია. 10 სანტიმეტრის დიაგონალის მქონე სენსორიანი ეკრანის გარდა, არც Android Auto და არც Apple CarPlay მხარდაჭერა აქვს. ეს ყველაფერი უკეთეს მდგომარეობაში არის EcoBoost Premium კომპლექტაციაში.

საუკეთესო მასალები და აღჭურვილობა თუ გინდათ თქვენთვის არსებობს Camaro 2SS და Mustang GT Premium Fastback კომპლექტაციები.

 

აჩქარება

გამარჯვებული: 2019 Ford Mustang

Ford Mustang თავისი სერიული მოდელების ძრავების სიმძლავრით  Camaro-ს შესაბამისი მოდელების ძრავებს სჯობს. ასევე ოდნავ უკეთესი 0-დან 100-მდე აჩქარების დრო აქვს.

ორივე „პონი ქარი“ თავიანთ საბაზო კომპლექტაციებში ოთხცილინდრიანი ძრავებით არის აღჭურვილი. „მუსტანგის“ 2.3 -ლიტრიანი EcoBoost ძრავი თავისი 310 ცხენით საკმარის მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს იმისთვის, რომ ადგილიდან დაგძრათ და მგზავრობის დანიშნულების წერტილამდე მიგიყვანოთ. თუმცა ამას სჯობს იმავე ძრავის მქონე მე-4 თაობის Ford Focus RS იყიდოთ, რომელიც მართვისგან ბევრად უფრო მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ. „კამარო“ თავის მომხმარებელს 2.0-ლიტრიან ოთხცილინდირიან 275-ცხენისძალიან და 3.6-ლიტრიან 335-ცხენისძალიან V6 ძრავებს სთავაზობს. Ford V6 ძრავიან მუსტანგებს აღარ აწარმოებს.

Ford Mustang GT ნამდვილი ამერიკული 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით 460 ცხენს გამოიმუშავებს, ხოლო ლიმიტირებული Bullitt კომპლექტაცია 475 ცხენს. 15 ცხენის ძალა ძალიან ბევრი არაა, მაგრამ, ყველამ ვიცით, რაც მეტი, მით უკეთესი. Camaro SS-ს V8 455 დედალ-მამალ კვიცს აკავებს ძრავში, რომლებიც თქვენ გელოდებიან.

რადგან აჩქარებებს ვადარებთ, აქვე ვთქვათ, რომ Mustang GT-ს აჩქარება 0-100 კმ/სთ 3.9 წამს შეადგენს, ხოლო Camaro SS-ის 4.1 წამს. ფურცელზე 0.2 წამი უმნიშვნელოდ გამოიყურება, თუმცა სწორ გზაზე ეს სხვაობა შესამჩნევი ხდება.

ორივე სპორტქარი უკანაწამყვანია. Mustang ძირითადად 6-სიჩქარიანი მექანიკური გაცემათა კოლოფით არის აღჭურვილი. ასარჩევად ასევე 10-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს. Camaro-ს შემთხვევაშიც 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი გველის. V6 ძრავის მქონე მოდელებზე 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ერთადერთი არჩევანია. უმაღლეს SS კომპლექტაციაში კი ხელმისაწვდომია 10-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი.

მოდელთა რიგის თავში განთავსდნენ Camaro ZL1 650 ცხენისძალიანი, 880 ნმ მაბრუნი მომეტის მქონე კომპრესორიანი V8 ძრავით და Mustang Shelby GT350, რომელსაც 526 ცხენის ძალა გააჩნია.

 

საწვავის ეკონომია

გამარჯვებული: 2019 Ford Mustang

4-ცილინდრიანი ტურბოდაბერვის მქონე ძრავებით აღჭურვილ ორივე ავტომობილს შესანიშნავი წვა აქვს. ამ ძრავებით მუსტანგის წვა ქალაქში/ტრასაზე 11/ 7.4ლ 100 კილომეტრზე შეადგენს და კამაროს - 10.6/ 7.4 ლ 100 კილომეტრზე.

ქალაქში გადაადგილებისას „კამარო“ ნაკლებ საწვავს მოიხმარს, მაგრამ „მუსტანგი“ იმარჯვებს იმიტომ, რომ „რეგულარის“ ჩასხმით თქვენ ფულს ზოგავთ. „კამაროს“ ძრავა კი მხოლოდ „პრემიუმზე“ მუშაობს.

ანალოგიური სიტუაცია GT და SS ვერსიებშიც გვხვდება. „კამაროს“ ოდნავ ნაკლები წვა აქვს ტრასაზე 8,7 ლ 100 კილომეტრზე, „მუსტანგის“ 9,4 ლ-თან შედარებით. ქალაქის პირობებში ორივე ავტომობილს 100 კილომეტრზე 14,7 ლ წვა აქვს, მაგრამ აქაც იგივე უპირატესობა აქვს „მუსტანგს“, ის „რეგულარზეც“ მუშაობს და კამარო მხოლოდ „პრემიუმზე“.

 

სიარული და მართვა

გამარჯვებული: 2019 Chevrolet Camaro

დღევანდელმა „მასლქარებმა“ სწორხაზოვანი მონსტრებიდან მოქნილ სპორტქარებამდე ძალიან დიდი გზა გაიარა. რა თქმა უნდა, „მუსტანგი“ და „კამარო“ იმდენად კარგად დაბალანსებული არაა, როგორც Porsche 911, მაგრამ მოსახვევში სწრაფად გავლის საშუალებას ორივე ავტომობილი მაინც იძლევა.

„კამაროს“ არ აქვს „კორვეტის“ მსგავსი მართვა, რომ „მუსტანგს“ მოსახვევში აჯობოს, მაგრამ „მუსტანგისგან“ განსხვავებით, უფრო სტაბილურად გადის მოსახვევებს და მძღოლს მეტ თავდაჯერებულობას აძლევს. „კამაროს“ მართვა უფრო მეტად პროგნოზირებადია. ტრეკზე „მუსტანგი“ კი პატარა ბავშვივით იქცევა, რომელსაც ძილის წინ ბევრი ყავა აქვს დალეული. რაც არ უნდა ეცადო „მუსტანგის“ დამორჩილებას, ის კვლავ გარეულ და მოუთვინიერებელ ცხოველად რჩება. ავტომობილის უკანა მხარე მუდმივად კარგავს მოჭიდებას, გაზის საფეხურზე თითის წვერებით დაჭერის დროსაც კი.

დაკიდების სისტემის კუთხით ეს ავტომობილები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ორივეს აქვს მაგნეტიკური (MagneRide) დაკიდების სისტემა, „ბრემბოს“ ექვსდგუშიანი მუხრუჭები წინ და ოთხდგუშიანი მუხრუჭები უკან და ბლოკირებული, შეზღუდული მოჭიდების დიფერენციალი (limited-slip differential).

 

უსაფრთხოება

გამარჯვებული: 2019 Ford Mustang

National Highway Traffic Safety Administration (NHTSA) ტესტების შედეგად უსაფრთხოების კრიტერიუმში „მუსტანგმა“ გაიმარჯვა. „კამაროზე“ უკეთესი ქულა მიიღო. „მუსტანგმა“ თავის კლასში სამი ტესტიდან 5-დან 5 ვარსკვლავი აიღო. კამაროს უსაფრთხოების 2 ტესტში 5-დან 5 ვარსკვალვი აქვს აღებული, ხოლო მესამე ტესტში, ფრონტალურ ქრაშ ტესტში, 5-დან 4 ვარსკვლავი მიანიჭეს. ამის გამო, „კამაროს“ „მუსტანგისთვის“ პირველობის დათმობა მოუწია.

ამის გარდა, „მუსტანგი“ ბევრად უფრო მეტი და საინტერესო დამხმარე სისტემით არის აღჭურვილი. მაგალითად, ავტომატური საავარიო დამუხრუჭება, ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი და ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა. „კამაროს“ შემთხვევაში ეს ყველაფერი საოცნებოა. თუმცა მისი კამერიანი უკანა ხედვის სარკე და საქარე მინის ეკრანი შეგიძლიათ მიიღოთ.

 

გამარჯვებული ...

2019 Ford Mustang

2019 წლის „პონი ქარების“ ბრძოლაში „მუსტანგი“ იმარჯვებს. სერიული წარმოების მოდელებში უკეთესი ძრავები აქვს. უფრო კომფორტულიცაა და უკეთესი ხილვადობა, ეკონომიური წვა და უსაფრთხოების უკეთესი შეფასება აქვს.

თუმცა „კამარომ“ რამდენიმე ასპექტში მას აჯობა. მას უფრო ხელმისაწვდომი ფასი აქვს, აღჭურვილობის უფრო დიდი არჩევანი და უკეთესი სამართავიცაა.

ორივე ავტომობილი ძალიან საინტერესოა და ჩვენი შეფასების შედეგად „მუსტანგი“ გამარჯვებულად გამოვლინდა, მაგრამ თქვენ რომელ ავტომობილს ანიჭებთ უპირატესობას, გემოვნების საკითხია. იცოდეთ, რომ გაზის საფეხურის ერთი ჩაჭერა და ძრავის ხმა თქვენ არჩევაში დაგეხმარებათ.

მსგავსი სიახლეები