Jaguar Land Rover-ი უკონტაქტო სენსორულ ეკრანზე მუშაობს
ავტომწარმოებელი და უნივერსიტეტი ერთად ისეთ საინფორმაციო-გასართობი სისტემის სენსორულ ეკრანზე მუშაობენ, რომელსაც ფუნქციების გასააქტიურებლად შეხება არ დასჭირდება.
სენსორული ეკრანები ავტომწარმოებლებს საშუალებას აძლევს, გარკვეულ ფუნქციებთან წვდომა გაამარტივონ. ასევე ეს ხარჯების და შრომის შემცირების კარგი საშუალებაა. მრავალი, მომაბეზრებელი ღილაკის ფუნქციას ერთი სენსორული ეკრანი ასრულებს. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ უსწორმასწორო გზაზე სენსორების გამოყენება რთულდება და მძღოლს ყურადღების გადატანა ეკრანზე უწევს.
Jaguar Land Rover-მა და კემბრიჯის უნივერსიტეტმა გამოსავალი იპოვეს. ეს გამოსავალი ერთგვარი ოქსიმორონია: უკონტაქტო სენსორული ეკრანი!
სისტემა ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. ის განსაზღვრავს, სად სურს მძღოლს თითის დააჭირა და შემდეგ, მძღოლის ეკრანზე შეხების გარეშე, ფუნქციას ააქტიურებს.
გუნდი ამ ტექნოლოგიას Predictive Touch-ს უწოდებს. JLR-ის მტკიცებით, ეს ტექნოლოგია სენსორული ეკრანით სარგებლობის დროს და მძღოლის ყურადღების საჭიროებას 50%-ით ამცირებს. უსწორმასწორო გზაზეც კი მძღოლი ფუნქციებს უფრო სწრაფად ირჩევს.
Predictive Touch-ი ვიზუალურ ან ხმოვან სენსორებს იყენებს, განსაზღვრავს, სად არის მძღოლის ხელი და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით აანალიზებს, სად უნდოდა მძღოლს დაჭერა. სხვა სენსორები განსაზღვრავს, საით იყურება მძღოლი და ხვდება, რისი არჩევა უნდა მას.
- „ჩვენს სისტემას, ყველა დღეს არსებულთან შედარებით, უპირატესობა აქვს, რადგან ის ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერითაა და მძღოლისგან ნაკლებ ჩართულობას საჭიროებს“. - ამბობს ბაშარ აჰმედი კემბრიჯიდან.
ეს ტექნოლოგია სენსორებს ეყრდნობა, მსგავსი სენსორები კი დღეს უკვე გამოშვებულ ავტომობილებზე არის. ამიტომ, ამ ტექნოლოგიის ინტეგრირება შესაძლებელი იქნება.
ერთი პრობლემა ისაა, რომ შეხების გარეშე ფუნქციების არჩევა შესაძლოა ცოტათი უცნაური და დამაბნეველი იყოს. მკვლევრები ამბობენ, რომ საშუალო სიჩქარეზე მოძრაობისას ხელოვნურ ინტელექტთან „თანამშრომლობა“ შეჩვევას საჭიროებს, მაგრამ პრობლემური ამაში არაფერია.