Toyota Mirai - ალტერნატივა, ინოვაცია თუ ინოვაციური ალტერნატივა?
თუ თქვენ ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილის შეძენას ფიქრობთ, მაშინ გეტყვით, რომ ბატარეებზე მომუშავე (BEV) მანქანები ერთადერთი არჩევანი არ არის. 2020 წლის Toyota Mirai ელექტრო ავტომობილია, რომელიც მუხტს წყალბადით, ჰაერითა და სათბობი ელემენტით ქმნის. მისი გამოსაბოლქვი მილიდან მხოლოდ წყლის ორთქლი გამოდის. Mirai წყალბადზე მუშაობს და მისი საწვავით შევსებას ხუთი წუთი სჭირდება. სამწუხაროდ, ამ ავტომობილით სარგებლობას მხოლოდ ისეთ ადგილებში შეძლებთ, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა თქვენი გადაადგილების უზრუნველყოფას შეძლებს.
რა არის ახალი 2020 წლისთვის?
Mirai 2019 წლის მოდელისგან არაფრით არ გამოირჩევა. ის უბრალოდ საწარმოო ხაზს აგრძელებს. ახალი მხოლოდ საჭირო ინფრასტრუქტურის შედარებით გაზრდილი ხელმისაწვდომობაა.
ფასი
• საბაზისო მოდელი - 59,455$
„ტოიოტა“ მომხმარებელს „მირაის“ მხოლოდ ერთ, თუმცა, კარგად აღჭურვილ მოდიფიკაციას სთავაზობს. ყველა მოდელი 17-იანი დისკებითა და ექსტერიერის ისეთი ფუნცქციებითაა წარმოდგენილი, როგორიც LED მაშუქები, დღის განათება და სარკეების გათბობაა. მის სალონში წინა სავარძლების გათბობას, ელექტრო რეგულირებას, უგასაღებო წვდომას, ტყავის დეტალებს, საჭის გათბობას და რეგულირებასაც შეძლებთ. „მირაის“ მძღოლის დამხმარე სისტემათა ნაკრებიც მოჰყვება, რომელსაც მოგვიანებით განვიხილავთ.
59,455$-ად თქვენ 2020 წლის Audi RS3-ს, 2021 წლის BMW 340i-სა და Ford Mustang GT350-ის შეძენასაც შეძლებთ. ერთი შეხედვით, აღნიშნული თანხა „მირაისთვის“ ძვირია, თუმცა, გეტყვით, რომ Toyota ამ ავტომობილით მოგებას ვერ იღებს. გამომდინარე აქედან, ავტომობილი საკმაოდ ფასეულია.
ძრავა, მართვადობა და მაქსიმალური დაფარვის მანძილი
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Mirai ნულოვანი გამონაბოქვის ავტომობილია, რომლის ძალოვანი აგრეგატიც სათბობი ელემენტია. ის 151 ცხენის ძალასა და 334 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ერთსიჩქარიანი ურედუქტორო გადაცემათა კოლოფი აღნიშნულ სიმძლავრეს წინა ბორბლებზე ანაწილებს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ლოდინი არ გიყვართ, რაც ელექტრო ბატარეაზე მომუშავე ავტომობილებს ახასიათებთ, „მირაის“ უფრო დააფასებთ. ავტომობილის საწვავით შევსებას წყალბადის სადგურზე მხოლოდ 5 წუთი სჭირდება. EPA-ს მიხედვით, „მირაის“ მაქსიმალური დაფარვა 500 კილომეტრამდეა. მიუხედავად იმისა, რომ ის 0-დან 100-მდე 8.9 წამში ჩქარდება, მისი სიმძლავრე ქალაქის პირობებში მოთხოვნების ადეკვატურია. მანქანა საკმაოდ რბილად იმართება და უსწორმასწორო გზაზე მისით გადაადგილება ასატანია.
აღსანიშნავია, რომ ავტომობილი მოსახვევებში ქანაობით არ შეგაწუხებთ. საჭის რადიუსი მჭიდროა, ხოლო მისი რეაქცია სხარტი. „მირაი“ 1850 კილოგრამს იწონის და ის BEV ავტომობილებზე მსუბუქია. მაგალითისთვის, Tesla 100D 2215 კილოგრამს იწონის.
საწვავის მოხმარება
Toyota-ს მტკიცებით „მირაი“ 100 კილომეტრს 0.93 კილოგრამი წყალბადით დაფარავს. რეალური რიცხვები აღნიშნულთან საკმაოდ ახლოსაა. წყალბადის საშუალო მოხმარება 100 კილომეტრზე, გზის დატვირთულობის შესაბამისად, 0.9 კილოგრამიდან 1 კილოგრამამდე მერყეობს. წყალბადს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ფასი აქვს. მაგალითად, ვანკუვერში კილოგრამის 12,75$-ად შეძენაა შესაძლებელი. მისი გადაადგილებისთვის საჭირო თანხები BEV ავტომობილის საჭიროებებზე მეტია, თუმცა, საშუალოდ, შიგა წვის ძრავიანი ავტომობილის საწვავის ხარჯების ნახევარს საჭიროებს. საწვავის მოხმარების კუთხით, „მირაის“ პრობლემა ინფრასტრუქტურის ნაკლებად გამართულობაა.
ინტერიერი, კომფორტი და პრაქტიკულობა
Mirai-ს სალონი კომფორტული და უხმაუროა. წინა სავარძლები დამამშვიდებლად სასიამოვნოა. სალონის ზოგადი შესახედაობა კი დამაკმაყოფილებელია. კოკპიტზე მეტალის აქცენტებს შეხვდებით, ხოლო კუთხოვანი ცენტრალური ბარი თანამედროვედ გამოიყურება. საერთო ჯამში ინტერიერი მისაღები მატერიებით არის დამზადებული, თუმცა, ფასთან შედარებით, ის ნაკლებად მდიდრული და მოდურია. ამასთანავე, უკანა სავარძლის შუა ნაწილი ფიქსირებული ბარით არის წარმოდგენილი, რაც წყალბადის ტექნოლოგიისთვისაა საჭირო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტომობილში მხოლოდ ოთხი ზრდასრული ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი. სატვირთო ადგილი, საშუალო სედანთან შედარებით, უფრო მცირე ზომისაა. უკანა სავარძლები კი ფიქსირებულია და არ მოძრაობს, რაც დიდი ნივთების ტრანსპორტირების საშუალებას არ იძლევა. თუ ჩვენ „მირაის“ სალონს 10-ქულიანი სისტემით შევაფასებთ, ის 5 ქულას იმსახურებს.
სტილი
Toyota Mirai საწვავის ეფექტური მოხმარებითა და ინოვაციურობით გამოირჩევა. აქცენტი მისი დიზაინის სტილზე არ არის გაკეთებული. კონტურები Toyota-ს დიზაინის ცვლილების გარდამავალ ეტაპზე შეიქმნა. მას შემდეგ კი ავტომობილების დიზაინერულმა ხედვამ დიდი გზა განვლო. ის წინიდან „გაბრაზებულ თევზს“ მოგაგონებთ, ხოლო მისი უკანა ნაწილი საერთოდ სხვა ხასიათის ატარებს. „მირაის“ ექსტერიერი ბევრს ცდილობს, მაგრამ არაფერი გამოსდის. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ავტომობილის ყურებით ვერ დატკბებით.
მულტიმედიის სისტემა
„მირაი“ უამრავი ხელსაყრელი ტექნოლოგიით არის დატვირთული, მაგრამ შეცდომებსაც შეხვდებით. მულტიმედიის სისტემა 17-სანტიმეტრიანი სენსორული ეკრანით არის წარმოდგენილი. WiFi- hotspot-ი სალონში ინტერნეტთან წვდომას უზრუნველყოფს. ყველა მოდელი JBL-ის 11-დინამიკიანი აუდიო სისტემითა და ნავიგაციით არის აღჭურვილი. Sirius XM სატელიტური რადიო და USB კავშირიც სტანდარტულია. მულტიმედია ეკრანის მაღლა მაჩვენებლების დაფას შეხვდებით, რომელზეც ყველა საჭირო ინფორმაციაა გამოსახული და მგზავრობისას მეტ მოხერხებულობას ქმნის. სამწუხაროდ, ავტომობილს Apple CarPlay-სა და Android Auto-ს მხარდაჭერა არ აქვს.
უსაფრთხოება
პირველი საფრთხე, რაზეც მომხმარებელი შესაძლოა ფიქრობდეს, წყალბადის ავზია. „ტოიოტამ“ ავზი კარბონისგან დაამზადა და განაცხადა, რომ ავარიის შემთხვევაში ის საკმაოდ უსაფრთხოა. სამწუხაროდ, მოდელი შეჯახების ტესტებზე არ შეუმოწმებიათ, რადგან ავტომობილი მასიური მოხმარების არ არის, რის გამოც შესაბამისი უწყებების ინტერესიც ნაკლებია.
„მირაი“ სტანდარტულად მძღოლის დამხმარე უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი, რაც მოხმარებისას ნაკლებ სტრესსა და სიმარტივეს ქმნის. ავტომობილი უსაფრთხოების შემდეგ სისტემებს მოიცავს:
• შეუმჩნეველი ადგილების მონიტორინგი;
• პარკინგ-კონტროლის სენსორები;
• ადაპტირებადი კრუიზკონტროლი;
• ქვეითებისა და ველოსიპედისტების აღმომჩენი დეტექტორები.
დასკვნა
გარემოზე ზრუნვა ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა, როგორც დღეს. ავტომწარმოებლები მრავალცილინდრიან ძრავებზე, მათ ჟღერადობაზე, დიზაინსა და 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებაზე აღარ საუბრობენ. ახლა აქცენტი გარემოს დაცვაზე, უხმაურობასა და საწვავის ეფექტურ მოხმარებაზეა გაკეთებული. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს ყველაფერი ავტომოყვარულთა სამყაროს რადიკალურად ცვლის. თუმცა, მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. მამოძრავებელი ენერგია მხოლოდ ავტომობილებს არ სჭირდებათ. წარმოგიდგენიათ, რამდენი ბატარეა იქნება საჭირო სატვირთო გემის გადასაადგილებლად? და რამდენი დრო მის დასამუხტად? წყალბადის ტექნოლოგია კი მომავლის ალტერნატივაა. Toyota-მ მისი განვითარება 1960 წლიდან დაიწყო და დღეს ჩვენ „მირაის“ ვხედავთ. ამ ერთი შეხედვით უბრალო ავტომობილს შესაძლოა ავტოსამყაროსთვის მნიშვნელოვნად დიდი როლი ჰქონდეს.