1968 წლის Dodge-ის პოლიციის მანქანის ძრავის ხუფი Hellcat-ის აგრეგატს მალავს
მას თითქმის ვერავინ გაექცევა!
პოლიციის მანქანების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი ისაა, რომ ისინი სპეციალურად დამზადებული ძრავებით აღჭურვილნი და ჩვეულებრივ საქალაქო მოდელებზე ბევრად სწრაფები არიან. ერთ-ერთი ასეთი მითის მიხედვით, Bugatti Veyron-ი იმიტომ აიკრძალა შტატებში, რომ ის პოლიციის მანქანაზე სწრაფი იყო. თუმცა, სურათებზე ნაჩვენები პოლიციის ავტომობილი მართლაც რომ ჩქარია და ის ყველა მითს დაგაჯერებთ - 1968 წლის Dodge Coronet-ი მეოთხედ მილს 10 წამში ფარავს.
ეს მონაცემი ძრავის პირდაპირი დამსახურებაა. Coronet-ის ქარხნული V8 ძრავა, 2018 წლის დამტვრეული Dodge Challenger SRT Hellcat-ის 6.2-ლიტრიანმა ძრავამ ჩაანაცვლა. აგრეგატი 707 ცხენის ძალასა და 880 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. მფლობელი აღნიშნული რიცხვებით არ დაკმაყოფილდა, შკივი, ძრავის კომპიუტერის პროგრამა შეცვალა და ჰაერის მიმოქცევა გააუმჯობესა. შედეგად, მოდიფიცირებული Coronet-ის სიმძლავრე 800 ცხენის ძალით განისაზღვრა.
ავტომობილმა მაბრუნი მომენტის სამართავად GearStar-ის GM4L85E ტრანსმისიაც მიიღო. მაღალი სისწრაფით კონტროლისთვის კარგი სამუხრუჭე სისტემაც იყო საჭირო და მფლობელმა ამაზეც იზრუნა. ავტომობილს, დამატებით, წინა დაკიდება და უკანა ღერძიც გაუუმჯობესდა. მაშუქები, სირენა და რადიო მუშაობს, რაც პოლიციელის როლის მორგებაში დაგეხმარებათ. ეს ყველაფერი 55,000$ ღირს, თუმცა, მანათობელი შუქები და ხმაურიანი სირენა სახალხოდ არ უნდა გამოიყენოთ.