„ვოლვო“ 736 000 ავტომობილს საგანგაშო დამუხრუჭების სისტემის გაუმართაობის გამო უკან იწვევს
Aa
Aa

„ვოლვო“ 736 000 ავტომობილს საგანგაშო დამუხრუჭების სისტემის გაუმართაობის გამო უკან იწვევს

პროგრამული ხარვეზი დანიაში აღმოაჩინეს და აღნიშნული პრობლემა აბსოლუტურად ყველა ავტომობილს ეხება, რომელიც 2019 წლის 21 იანვრიდან იყო წარმოებული.

„ვოლვომ“ ავტომატური საგანგაშო დამუხრუჭების სისტემის პროგრამული ხარვეზების გამო მსოფლიო მასშტაბით უკვე 736 000 ავტომობილი გაიწვია.

საგანგაშო დამუხრუჭების პროგრამული ხარვეზი დანიელი მძღოლების ფედერაციამ „ვოლვოს“ ავტომატური მართვის სისტემის ტესტირების დროს აღმოაჩინა. ფედერაციის წარმომადგენელმა თქვა, რომ „Volvo XC60-ის საგანგაშო დამუხრუჭების სისტემა მთელი ტესტირების განმავლობაში ავტომატურად არ ირთვებოდა.“ ვიდეოში ჩანს თუ როგორ, მულიაჟთან ტესტირების დროს, ავტომობილმა დანიშნული წერტილიდან არ დაამუხრუჭა და შენელების გარეშე სიარული განაგრძო.

„ვოლვომ“ ეს წუნიანი XC60 უკან გაიწვია და პრობლემის შესწავლა კომპანიის სათაო ოფისში, გოტენბურგში განაგრძო, სადაც აღმოაჩინა, რომ აღნიშნული პრობლემა თითქმის ყველა მოდელს ეხება, რომელიც 2019 წლის 21 იანვრიდან აწარმოეს. ეს მოდელები V90, S90, V60, XC60, XC40 და XC90 გახლავთ.

შვედური ავტომწარმოებელი აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემა პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზია, რომელიც წინა საქარე მინაში არსებულ სენსორს ეხება. შესაბამისად, კომპანია ამ მოდელების ყველა ავტომობილს უკან იწვევს, რათა ხარვეზი აღმოფხვრან.

„ვოლვოს“ წარმომადგენელი ამბობს, რომ „დამუხრუჭების ეს დამხმარე სისტემა, ამინდის კონკრეტულ პირობებში და რიგ შემთხვევაში სწორად არ ფუნქციონირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საგანგაშო დამუხრუჭბის სისტემა შესაძლოა ქვეითის ან რამე სხვა ობიექტის წინ ავტომატურად არ დაამუხრუჭოს. თუმცა, ქვეითების შემთხვევაში სისტემა ვიზუალური და ხმოვანი სიგნალებით საფრთხეს შესახებ ყოველთვის გატყობინებთ.

 „მსგავსი პრობლემის მქონე ავტომობილების დამუხრუჭების სტანდარტულ სისტემაზე ეს არანაირად აისახება, ABS და მუხრუჭები ჩვეულებრივად მუშაობს. ჯერჯერობით ამ ხარვეზის გამო არავინ დაზარალებულა და სანამ დროა, ეს პრობლემა უნდა გამოვასწოროთ.“

კომპანია „ვოლვოს“ აღნიშნული მოდელების მფლობელებს თხოვნით მიმართავს, რომ მათ ადგილობრივ სადილეროს მიმართონ, რათა საგანგაშო დამუხრუჭების სისტემის ხარვეზი უსასყიდლოდ გამოასწორონ და ავტომობილები უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვონ.

მსგავსი სიახლეები