ფორმულა 1-ის პილოტების 10 საუკეთესო ზედმეტსახელი
ზედმეტსახელებს ადამიანებს, როგორც წესი, მისი პიროვნული თვისებების ან გარეგნული მსგავსების შესაბამისად ურჩევენ. სწორედ ასეა ფორმულა 1-ის შემთხვევაშიც.
ზოგ პილოტს ზედმეტსახელი თავისი მართვის სტილის, ან რომელიმე რბოლაზე გადამხდარი ისტორიის გამო შეერქვა. ზოგს კი უბრალოდ გარეგნული მსგავსების მიხედვით.
რა თქმა უნდა, ამ სტატიაში ყველა პილოტის ზედმეტსახელის ჩამოთვლას ვერ შევძლებთ, მაგრამ მათგან ყველაზე საინტერესოებს შემოგთავაზებთ.
სიაში ვერ მოხვდა, მაგრამ ვერ გამოვტოვებდით
2009 წელს სინგაპურის გრან პრის შემდეგ, მარტინ ბრანდლმა ფერნანდო ალონსოს „ტეფლონსო“ უწოდა.
2007-2009 წლებში "Spygate" და"Crashgate" სკანდალების შემდეგ, ესპანელი საქმიდან მარტივად გამოძვრა. ამ კონსპირაციებმა ალონსოზე გავლენა მოახდინა, თუმცა, მისი პირადი ჩართულობა ამ საქმეებში არ დადგინდა. სწორედ ამიტომ, ბრანდლმა ალონსო ტეფლონს შეადარა.
სამ გზის მსოფლიო ჩემპიონ სერ ჯეკ ბრებემს ზედმეტსახელად "Black Jack"-ს უწოდებნენ.
5-გზის მსოფლიო ჩემპიონი ხუან მანუელ ფანხიო ცნობილი იყო, როგორც "El Maestro" - ოსტატი.
2-გზის მსოფლიო ჩემპიონ მიკა ჰაკინენს ისევე მოიხსენებდნენ, როგორც მის სხვა თანამემამულე პილოტებს - „მფრინავი ფინელი“.
გაბრაზებულმა სებასტიან ფეტელმა კი რუს დანილ კვიატს ზედმეტსახელად „ტორპედო“ შეარქვა.
10. აირტონ სენა - Rain Man - წვიმის კაცი
ძნელი გამოსაცნობი არაა, თუ რატომ უწოდეს სენას „წვიმის კაცი“. ბევრისთვის მსოფლიოში საუკეთესო პილოტად აღიარებული ბრაზილიელი წვიმაში ყველაზე სწრაფი იყო და საუკეთესო შედეგებს აჩვენებდა.
თუმცა, მცდარია ის მტკიცება, რომ სენა წვიმიან პირობებში პირველი დღიდან საუკეთესო იყო. კარტინგებზე სენა წვიმაში ცუდ შედეგებს აჩვენებდა. ამან ის უფრო მონდომებული გახადა. როგორც კი სან პაულოში წვიმა წამოვიდოდა, სენა სავარჯიშოდ მაშინვე კარტინგებზე გარბოდა.
ამ მონდომების და შრომისმოყვარეობის წყალობით, სენა დღეს მსოფლიოში „წვიმის კაცის“ ზედმეტსახელითაა ცნობილი.
9. ჰეიმს ჰანტი: Hunt the Shunt
როცა ჯეიმს ჰანტზე საუბარს ვიწყებთ, მაშინვე მისი ცხოვრების სტილი გვახსენდება. უდისციპლინო „ფლეიბოი“. ადამიანი, რომელიც ყველას გულებს იპყრობდა.
ჯეიმს ჰანტი ცნობილია იმით, რომ მან 1976 წელს ნიკი ლაუდას დამარცხება შეძლო და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. იფიქრებდით, რომ მისი ზედმეტსახელი ბევრ ავარიასთან იქნებოდა კავშირში?
Shunt ქართულად გზიდან გადახვევას ნიშნავს. ჰანტს ხშირად უწევდა თავის მართლება იმის გამო, რომ მისი ავარიების რეკორდი მხოლოდ მისგან არ გამომდინარეობდა.
8. პასტორ მალდონადო: Crashtor
ეს ალბათ ყველაზე ზუსტი და სახალისო ზედმეტსახელია, რაც ფორმულა 1-ის სამყაროში მოუგონებიათ.
2012 წელს ესპანეთის გრან პრიში გამარჯვების შემდეგ, მალდონადომ Williams-ის გუნდის ავტოფარეხში გაჩენილი ხანძრისგან ბიძაშვილი იხსნა. თუმცა, მას ფორმულა 1-ის გულშემატკივრები უფრო ხშირი ავარიების გამო იხსენებენ, ვიდრე ამ გმირობის.
მას შემდეგ, რაც ვენესუელელი პილოტი ფორმულა 1-ში გამოჩნდა, ერთი ჩვევა ჰქონდა. ეჯახებოდა ყველას და ყველაფერს. თუმცა, ეს „უიღბლობა“ გაცილებით ადრე დაიწყო. 2005 წელს Formula Renault 3.5-ში მონაკოს გრან პრიზე ყვითელ დროშაზე ვერ შეანელა და რბოლის სტიუარდი კინაღამ მოკლა. მის მდიდარ მამას მკურნალობის თანხების გადახდა მოუხდა იმისთვის, რომ მონაკოს გრან პრიში პასტორისთვის მონაწილეობა სამუდამოდ არ აეკრძალათ.
7. გრემ ჰილი: Mr. Monaco
გრემ ჰილს მისტერ მონაკო მაშინ უწოდეს, როცა 1963-1965 წლებში 5 გრან პრი მოიგო.
მონაკოში მისი ბოლო გამარჯვება საერთოდ ფორმულა 1-ში მისი უკანასკნელი გამარჯვებაც გამოდგა. 1969 წელს ამერიკის გრან პრიზე ავარიისას ჰილმა ორივე ფეხი მოიტეხა. რის შემდეგაც ჩვეული ფორმა დაკარგა.
აირტონ სენამ 1993 წელს ექვსი გამარჯვებით მისი რეკორდი გააუმჯობესა. მიხაელ შუმახერი კი ბრიტანელის მიღწევას 2001 წელს გაუტოლდა. მიუხედავად ამისა, ჰილი პირველი იყო, რომელმაც მონაკოს ქუჩები დაიპყრო.
6. ნიკი ლაუდა: The Rat
ფორმულა 1-ში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტული ზედმეტსახელი ნიკი ლაუდას შეარქვეს - ვირთხა. მისი კბილების გამო, ის მღრღნელს შეადარეს.
ფილმში Rush 1976 წლის ჩემპიონატზე ჯეიმს ჰანტი ვირთხას მას დამამცირებლად უწოდებს. EXPRESS-თან ინტერვიუში კი ნიკი ლაუდამ თქვა, რომ ამ ზედმეტსახელს ერთმანეთში პილოტები ხუმრობით იყენებდნენ.
წლების განმავლობაში ნიკი სულ უფრო დიდ წარმატებას აღწევდა და მისი ზედმეტსახელიც გააუმჯობესეს. მოგვიანებით მას "King Rat" – „მეფე ვირთხა“ უწოდეს.
5. ნაიჯელ მანსელი: Il Leone
Ferrari-ს საჯინიბოს წლების განმავლობაში ყოველთვის საუკეთესო პილოტები ჰყავდა.
თუმცა, ნაიჯელ მანსელი ბოლო პილოტია, რომელიც თავად ენცო ფერარიმ აარჩია. 1989 წელს მანსელი სკუდერიაში მივიდა. ბრიტანელი პილოტი და ფერარის ბოლიდი საუკეთესო წყვილი იყო.
მანსელის აგრესიულმა მართვის სტილმა 1992 წელს ტიფოსებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აჩუქა. გულშემატკივრებმა კი მას The Lion - ლომი უწოდეს.
ეს სახელი ზედგამოჭრილია პილოტისთვის, რომელმაც თავის ბოლიდს ფინიშის ხაზი ხელით მიწოლით გადააკვეთინა და ბოლოს გამოფიტული დაეცა.
4. ალენ პროსტი: The Professor
ალენ პროსტს ფორმულა 1-ის სამყაროში ალბათ საუკეთესო ზედმეტსახელი აქვს. არა დამცინავი, არამედ მისი გონებრივი შესაძლებლობების შემქები.
პროფესორი მას გენიალური ტექნიკის, გონებრივი თამაშების და დახვეწილი პოლიტიკის გამო უწოდეს. ეს ყველაფერი მას ხშირად უფრო სწრაფი მეტოქეების დამარცხებაში ეხმარებოდა.
მისი სიახლოვე FIA-ს ყოფილ პრეზიდენტ ჟან მარი ბალესტრესთან პოლიტიკურ ასპარეზზე ფრანგს უპირატესობას ანიჭებდა. მისი უხეში ხასიათი ხშირად კონფლიქტის გამომწვევი იყო. მათ შორის, გუნდელებთანაც.
სენასთან მეტოქეობა ამის საუკეთესო მაგალითია. მისი გონებრივი თამაშების საუკეთესო მაგალითი 1988 წლის გრან პრია. პროსტი დრამატულად ზრდიდა ტემპს, სანამ სენა ამცირებდა. ფრანგის სწრაფმა წრეებმა სენა ტემპის მომატებისკენ წაახალისა. ამის მცდელობაში კი ბრაზილიელი ავარიაში მოხვდა. პროსტმა გაიმარჯვა.
ეს სპორტი გონიერებასა და ძალას ერთდროულად მოითხოვს. ალენ პროსტს კი ეს ორივე ჰქონდა.
3. ნიკო როზბერგი: Britney
კანის ფერითა და ქერა, ხუჭუჭი თმით ნიკო როზბერგი პოპვარსკვლავ ბრიტნი სპირსს ნამდვილად ჰგავს. თუმცა, ზედმეტსახელი მხოლოდ ამ მსგავსების გამო არ შეურქმევიათ. ამ ზედმეტსახელის უკან მთელი ისტორია დგას.
როზბერგი 2006 წელს ბრაზილიის გრან პრიზე თავის გუნდელ მარკ ვებერს უკნიდან შეეჯახა. ვებერისთვის ეს იყო „უილიამსში“ ბოლო რბოლა, სანამ ავსტრალიელი „რედ ბულში“ გადავიდოდა.
როზბერგს წინა ფრთა ჰქონდა დაზიანებული. ვებერმა უკანა ფრთა დაკარგა. ბოლიდის შესაკეთებლად ორივეს პიტებში უწევდა შესვლა. გუნდმა გადაწყვიტა ჯერ როზბერგის ბოლიდი შეეკეთებინათ, რადგან მისი ბოლიდი ნაკლებად დაზიანებული იყო. როზბერგი მისი გუნდელის წინ იყო, როცა კონტროლი დაკარგა და კედელს შეეჯახა. როცა ავარიის ადგილას ჩავლა მოუწია, ვებერს რადიოში უთხრეს, რომ სტოპზე პირველი ნიკო უნდა შესულიყო. ვებერმა კი უპასუხა: „ბრიტნი კედელშია“.
მას შემდეგ ეს სახელი შერჩა. ლუის ჰამილტონმა და ჯენსონ ბატონმა ეს ზედმეტსახელი დაბადების დღის მისალოც სიმღერაშიც გამოიყენეს.
2. მიხაელ შუმახერი: The Red Baron
მიუხედავად იმისა, რომ ფორმულა ერთში მისი დებიუტი მწვანე „ჯორდანში“ შედგა, მსოფლიო ჩემპიონის პირველი ტიტული ლურჯ „ბენეტონში“ მოიპოვა და კარიერა ვერცხლისფერ „მერსედესში“ დაასრულა, მისი კარიერის განმსაზღვრელი მაინც წითელი ფერი გახდა.
7-გზის მსოფლიო ჩემპიონი წითელი „ფერარის“ საჭესთან 11 სეზონის განმავლობაში 1996-2006 წლებში იჯდა. მან სკუდერია ნამდვილ რეკორდსმენად აქცია.
შუმახერის გუნდში მისვლამდე იტალიურ საჯინიბოს კონსტრუქტორთა თასი ბოლოს 1983 წელს ჰქონდა მოგებული. 1999 წლიდან დაწყებული Ferrari-მ კონსტრუქტორთა თასი ზედიზედ 6-ჯერ მოიგო. შუმახერმა კი მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი 5-ჯერ გაიფორმა.
2010 წელს, როცა შუმახერი ახლადშექმნილ Mercedes-ის გუნდში გამოჩნდა, „ვერცხლისფერი ისრის“ კოკპიტში წითელი ჩაფხუტი ეხურა, რაც Ferrari-ში მის დიდებულ წარსულს მიაგებდა პატივს.
1. კიმი რაიკონენი: Iceman
ეს ზედმეტსახელი ყველაზე ზუსტია, რაც კი ვინმესთვის ოდესმე შეურქმევიათ და არა მხოლოდ ფორმულა 1-ის სამყაროში.
პირდაპირი, უხეში და მოკლე ინტერვიუები, გულგრილი დამოკიდებულება გახდა მიზეზი, რის გამოც ფინელ პილოტს, არა უბრალოდ სტანდარტულად „მფრინავი ფინელი“, არამედ ყინულის კაცი შეარქვეს.
ეს იშვიათი შემთხვევაა, როცა ზედმეტსახელი იმ ადამიანსაც მოსწონს, ვისაც შეარქვეს. კიმი „ყინულის კაცს“ ჩაფხუტზეც იწერდა და სოციალურ ქსელებშიც. თანაც ინტერვიუებს ისევ გვერდს უვლიდა, ფოტოგრაფებს ხელს ჰკრავდა და გუნდის რადიოშიც საკმაოდ უხეშობდა.
სახელად „ყინულის კაცი“... ბუნებით ყინულის კაცი.