Nissan GT-R-ი ის სახელია, რომლის მიღმაც უამრავი გულშემატკივარი დგას. ეს ის ავტომობილები გახლდათ, რომლებიც Porsche 911-ს თავისუფლად უწევდნენ კონკურენციას. თუმცა, ეს გულანთებული ადამიანები შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ - ნაწილი, რომელიც R35 GT-R-ზეა შეყვარებული და ნაწილი, რომელიც ნამდვილ GT-R-ად R32, R33-სა და R34-ს მიიჩნევს.
იმაზე დავას, თუ რომელი მხარეა ჭეშმარიტი - არ დავიწყებთ. ფაქტია, რომ Skyline-ის სახელთან ახალ GT-R-ს არაფერი ესაქმება. დღეს კი Skyline-ის ნამდვილ განსახიერებაზე R34-ზე ვისაუბრებთ და იმ ფაქტებზე მოგიყვებით, რაც ფართო მასებისთვის ნაკლებად ცნობილია.
R34-ის ყველა ვერსია RB26 DETT-ით არ გამოსულა
ის, რის გამოც GT-R-ს ასე ადიდებენ, მისი ლეგენდარული RB26 DETT ძრავაა. აგრეგატი 276 ცხენისძალას (რეალურად 327-ს) და 392 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ასეთ მოცემებს ქარხნული 2.6-ლიტრი მოცულობის ორტურბინიანი ერთრიგა 6-ცილინდრიანი ძრავა აფიქსირებს. ძალოვანი აგრეგატის ასეთი ტიპი R34-ში ახალი არ გახლდათ. ეს ტრადიცია R32-ით დაიწყო და R33-თაც გაგრძელდა.
მიუხედავად ამისა, GT-R R34-ის ყველა ვერსია საკულტო 6-ცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი არ ყოფილა. შეიძლება ძალზედ ცოტა გულშემატკივარმა იცოდეს, რომ 2002 წლის JGTC-ის სეზონზე RB26-ით აღჭურვილ Skyline GT-R GT500-ს შეჯიბრზე ძალზედ წვალობდა. Nissan-ის სპორტულმა დივიზიამ, NISMO-მ, RB26 DETT-ი შუა სეზონზე VQ30DETT-ით ჩაანაცვლა. სხვადასხვა შეფასებების მიუხედავად, Nissan-ის GT500-მა 2003 წლის სეზონი ამ აგრეგატით მოიგო.
Skyline R34 GT-R-ი ერთადერთი R34 არ იყო, რომელსაც სრული ამძრაობა ჰქონდა
კიდევ ერთი რამ, რაც Nissan Skyline R34 GT-R-ს გამოარჩევს ATTESA E-TS სრული ამძრაობის სისტემაა. ის სიმძლავრეს ორ ღერძს შორის ანაწილებს. ბევრს ავიწყდება, რომ არსებობს კიდევ ერთი Skyline R34, რომელსაც ანალოგიური ოთხივე წამყვანი მოწყობა ჰქონდა. ეს ვერსია Nissan Skyline 25GT-Four-ი გახლდათ.
Skyline 25GT-Four-ი R34 GT-T-ს ესთეტიკას იზიარებს და RB25 DE ძრავითაა აღჭურვილი. ეს ნიშნავს, რომ აგრეგატს ტურბო დაბერვა არ აქვს და 197 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ვერსია 5-სიჩქარიანი მექანიკური ან 4-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფით გამოდიოდა.
იმის გამო, რომ Skyline 25GT-Four-ი ქარხნულად იყო სრულად ამძრავი, ის ყალბი GT-R-ის პროექტებისთვის ხშირად გამოუყენებიათ. გამოუცდელი მოყვარულები კი შეცდომაშიც შესულან.
Nissan Skyline R34 GT-R-ი შუაძრავიანი სპორტული ავტომობილი უნდა ყოფილიყო
სხვა ავტომწარმოებლების მსგავსად, შუაძრავიანი ფლაგმანური სპორტული მანქანის შექმნა Nissan-საც აკვიატებული ჰქონდა. 1985 წელს მწარმოებელმა Nissan MID4 და MID 4 II გამოაგორა, რომლის შესახებაც სტატიასაც ამ ლურჯ სიტყვებზე დაჭერით შეგიძლიათ გაეცნოთ. ამ მანქანებს კონკურენცია Honda NSX-თან უნდა გაეწიათ. ორივე მოდელი Nissan Z32-ის VG30 (DETT) ძრავას იყენებდა.
ამ პერიოდისთვის Nissan-ი ფინანსურად თავს კომფორტულად გრძნობდა და გადაწყვიტა R34 შუაში განთავსებული ძრავით გამოეშვა. თუმცა, ეს ნიშნავდა, რომ Nissan-ს დამატებითი თანხები სრულად დამოუკიდებელი საწარმოო ხაზისთვის უნდა გაეღო. ამ მიზეზით, შუაძრავიანი R34 Skyline-ის იდეა მოკვდა. ამის ნაცვლად კი Godzilla თავის ჩვეულ ფორმაში ვიხილეთ.
Nissan-ი იძულებულ ლახდა Wangan Blue Bayside Blue-თი შეეცვალა
Bayside Blue ის ფერია, რომლითაც R34 ჩვენს წარმოდგენებში ცოცხლობს. ეს ზუსტად ის საღებავია, რომელშიც 2020 წლის Nissan GT-R 50th Anniversary Edition-ი შეიღება. 2009 წლის Fast and Furious-ის მთავარი გმირიც სწორედ Bayside Blue R34 GT-R-ით გვახსოვს. თუმცა, თავდაპირველად, GT-R-თან ასოცირებულ ფერს Bayside Blue-ს არ არქმევდნენ.
ამ ფერისთვის Nissan-ის ერთ-ერთ ლიდერს, ტამარა-სანს, Wangan Blue-ს დარქმევა სურდა. ეს სახელი Wangan-sen-ით გახლდათ შთაგონებული, რაც ქუჩის რბოლებისთვის იმ პერიოდში პოპულარულ ადგილად ითვლებოდა. Nissan-ის მენეჯმენტმა კი ტამარა-სანი სახელის შეცვლაში დაარწმუნა. მიზეზი, R34-ის ოფიციალური დებიუტიდან მალევე, ამ მონაკვეთზე მომხდარი ავარია გახლდათ. უბედურ შემთხვევას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
არსებობს GT-R Z-Tune-ი რომელიც ყველაზე ექსკლუზიური ვერსიაა
მას შემდეგ, რაც R34 Skyline-ის წარმოება დასრულდა, Nissan-ის სპორტულმა დივიზიამ, Nismo-მ, 20 საუკეთესო ეგზემპლარის შეძენა გადაწყვეტა. მიზანი Nismo R34 GT-R Z-Tune-ის გამოშვება გახლდათ, რომელიც მოდელის საუკეთესო ვერსია უნდა ყოფილიყო.
ეს მოდელი ცალკე სტატიას საჭიროებს, რომელსაც მომავალში აუცილებლად შემოგთავაზებთ. იქამდე კი გეტყვით, რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული JDM მოდელი Nismo-მ სპეციალურ Z-Tune Silver ფერში შეღება. ერთის გარდა.
Z-Tune-ის მეათე ავტომობილს თავისი ქარხნული ფერი - Midnight Purple III შეუნარჩუნეს. ეს მისი მფლობელის მოთხოვნით გადაწყდა, რომელიც NISMO-ს თავდაპირველი ფერის დატოვებაზე თითქმის ერთი თვე ეკამათებოდა. შესაბამისად, მსოფლიოში ერთადერთი Midnight Purple Nismo R34 Z-Tune არსებობს. ამ მანქანამ კი ორი მფლობელი გამოიცვალა. დღეს ამ მოდელზე ინფორმაცია არ ვრცელდება. სავარაუდოა, რომ ის რომელიმე კერძო კოლექციონერის ფარეხს ამშვენებს და მზის შუქი საერთოდ არ ხვდება.