Honda, Toyota, Lexus, გამძლე ავტომობილები
Aa
Aa

TOP-ი: ისტორიაში ყველაზე გამძლე ავტომობილები

ამბობენ, რომ ახალი მანქანები ისეთ გამძლე აღარ არის, როგორც ადრე იყო. ეს შესაძლოა მართალიც იყოს. თანამედროვე მანქანებს, 1970-იან ან 1990-იან წლებში გამოშვებულ ავტომობილებთან შედარებით, მომსახურების მცირე რესურსი აქვს. თუმცა, დღეს, ხელმისაწვდომ ალტერნატივებში შესაძლებელია ისეთი მოდელის შეძენაც, რომელიც საიმედო იქნება და უამრავ კილომეტრსაც დაფარავს.

სტატიაში სწორედ ასეთ მოდელებს მიმოვიხილავთ. სიაში ჩამოთვლილ მანქანებს, როგორც წესი, მნიშვნელოვანი დაზიანებები არ უვლინდება. შესაბამისად, შეკეთების ხარჯები კოლოსალური არ გახლავთ. ასეთი მანქანის ფლობა კი უამრავ ადამიანს სურს. ამ მოდელების შეძენის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში ნაკლები თავისტკივილი იარსებებს.

Honda Civic-ი


Honda Civic-ის საავტომობილო ხაზი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებულია. კომპანიამ ასეთ შედეგს გამძლე და საიმედო მოდელების შექმნით მიაღწია. Civic-ებს 1972 წლიდან ყველა აქებს.

საიმედოობის მხრივ, Civic-ის თაობებში ყველაზე მეტად მეხუთე თაობის ვერსია გამოირჩევა. ეს ავტომობილი 1991 წლიდან 1995 წლამდე იწარმოებოდა. ეს ის საავტომობილო ეპოქაა, როდესაც მწარმოებლები თავიანთი ავტომობილების ტექნოლოგიურად დახვეწას იწყებდნენ. თუმცა, მათში მაინც არ იყო ისეთი ტექნოლოგიური სიუხვე, როგორც ეს თანამედროვე მანქანებშია. ეს ნიშნავს, რომ მანქანის მუშაობა კომპლექსურ პროცესებთან არ არის დაკავშირებული. მოდელის სიმარტივე კი მის საიმედოობას განსაზღვრავს. იმ შემთხვევაშიც თუ Civic-ი „მოგიკვდებათ" მის გაცოცხლებას იოლად შეძლებთ. 

Civic-ის ამ თაობის შეძენა როგორც ჰეჩბეკ, ისე სედან და კუპე ვერსიებადაც იყო შესაძლებელი. ამ ავტომობილებს დღეს გზებზე ხშირად შეხვდებით და ეს შემთხვევითობა არ გახლავთ. მათ უმეტესობას ნახევარ მილიონიანი გარბენი აქვს. Honda-ს 4-ცილინდრიანი ძრავები არამარტო გამძლე, არამედ ეკონომიურიცაა. ავტობანზე გადაადგილებისას ეს მანქანა 5.6 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

Volvo 900 Series-ი

1990 წელს Volvo-მ 700-ის ჩასანაცვლებლად 900 სერია გამოუშვა. ახალი მოდელი თითქმის ისეთივე ყუთისებრი დიზაინის იყო, როგორც ძველი. თუმცა, საერთო ჯამში მანქანის ფორმები სოლიდურობას ასხივებდა. Volvo-მ 900 ახალი ძრავებით აღჭურვა. ეს იყო 2.3-ლიტრიანი ტურბინიანი აგრეგატი. გარდა ამისა, მანქანა უსაფრთხოების ინოვაციური საშუალებებითაც იყო წარმოდგენილი.

როგორც ყველა უკანაწამყვანი „ვოლვოების“ უმეტესობა, 900-ის სერიაც ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მოდელად შემორჩა. ამ ავტომობილებს სერიოზული დაზიანება არ უვლინდებათ.

Honda Civic-თან შედარებით, Volvo 940 და 960 საკმაოდ იშვიათ ავტომობილად ითვლება. მიუხედავად ამისა, სკანდინავიის ქვეყნებში და ევროპაში ამ მანქანებს ხშირად შეხვდებით. 900 სერია 1998 წლამდე გამოდიოდა. შემდეგ კი S80-მა ჩაანაცვლა. S80-ის გამძლეობაზე კი ვერაფერს გეტყვით. 

Mercedes-Benz W124

თანამედროვე Mercedes Benz-ი შესაძლოა ავტოინდუსტრიის მწვერვალებს იპყრობს, თუმცა, ისეთივე საიმედო აღარ არის, როგორც ადრე. საიმედოობის სხვადასხვა ტესტებში ეს მანქანები გაცილებით იაფფასიან მოდელებს ჩამორჩებოდა. თავის კლასში კი გამძლეობით Lexus-მა უკეთესი შეფასებები დაიმსახურა. მიუხედავად ამისა, ასეთი მოცემულობა ყოველთვის არ იყო.

Mercedes-Benz-ი პოპულარული ძალზედ გამძლე მანქანებით გახდა. ამ მარკის ქვეშ წარმოებულ მოდელებს მილიონი კილომეტრის დაფარვა ყოველგვარი სერიოზული ხარვეზის გარეშე შეეძლო. ერთ-ერთი ასეთი მოდელი კი W124 გახლავთ, რომელიც 1985-1995 წლებში იწარმოებოდა.

ყველაზე დიდი პოპულარობით დიზელის 3-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავით აღჭურვილი ვერსიები გამოირჩეოდა. ეს იყო მოდელები, რომელთა მწყობრიდან გამოსვლაც ხალხს შეუძლებლად მიაჩნდა. და საერთოდ, არის ვინმე ჩვენში, ვისაც „მოკლული" W124 უნახავს?

Honda Accord

Honda-ს საწარმოო ხაზში Civic-ების მსგავსად, Accord-ის მოდელებიც გამძლე და საიმედოა. გამძლეობის სხვადასხვა ტესტებმა კი აჩვენა, რომ Accord-ის 2002-2007 წლებში გამოშვებული მოდელები მის თაობებში ყველაზე გამორჩეულია.

„მანქანა, რომელიც სიკვდილზე უარს ამბობს,“ - ასე აფასებენ მას ავტოინდუსტრიის ექსპერტები. Honda-სთვის მთავარი პრიორიტეტი ძრავა და ინჟინერიაა, რაც მათ მანქანებზეც პირდაპირპროპორციულად აისახება.

სურათზე ნაჩვენებ Accord-ს მფლობელები საუკეთესოდ აფასებენ. ფაქტობრივად, ამ ავტომობილებს ხარვეზები არ უვლინდება. საიმედოობის მხრივ, მეორადი ავტომობილების ბაზარზე, 2000-იან წლებში გამოშვებულ „აკორდზე“ უკეთესი ალტერნატივის მოძიება ნამდვილად გაგიჭირდებათ.

Toyota Corolla



Toyota Corolla ისტორიული საავტომობილო ხაზია. ის მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი მანქანაა. თუ გაინტერესებთ, როგორ გაყიდა Toyota-მ 50 წელიწადში 55 მილიონი Corolla, მაშინ ამ ლურჯ სიტყვებზე ხელი უნდა დააჭიროთ.

ეს სახელი არამხოლოდ ყველაზე გაყიდვად მანქანასთან, არამედ ხარისხთან და საიმედოობასთანაც ასოცირდება. ასეთი რეპუტაცია Corolla-მ 1990-იანი წლებიდან დაიმსახურა, პიკს კი 2000-იან წლებში მიაღწია. საიმედოობის ტესტებში Toyota-ს მცირე ზომის სედანები „თორის ჩაქუჩივით“ იყო. ეს მანქანები უბრალოდ არ ფუჭდებოდა და ამ ასპექტით გაცილებით უფრო ძვირადღირებულ მოდელებსაც სჯობდა.

Toyota 4Runner



როგორც იქნა, SUV-იც გამოჩნდა. მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილის ტიპი შედარებით მაღალი კლირენსის მქონე მოდელებია. Toyota-ს SUV-ები კი საქართველოში ძალზედ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

4Runner-ის ამჟამინდელი თაობა 2010 წლიდან გამოდის. შესაბამისად, ის, სიაში შეტანილ მანქანებთან შედარებით, ახალ ავტომობილად ითვლება. მიუხედავად ამისა, თანამედროვე 4Runner-ი ტექნოლოგიურად დატვირთული მანქანა არ არის. შედეგად, მანქანა გაძლეა და შანსი, რომ რაიმე მწყობრიდან გამოვა - დაბალია.

აშშ-ში მომხმარებლებმა 4Runner-ი ყველაზე საიმედო მანქანად უკვე მეცამეტედ აირჩიეს. რთულია იპოვოთ 2010-2019 წლებში გამოშვებული მანქანა, რომელიც საიმედოობით Toyota-ს ამ სრული ზომის SUV-ის აჯობებს.

Toyota RAV4



რა ხდება მაშინ, თუ საიმედო SUV-ი გსურთ, მაგრამ უმეტესწილად ქალაქში გიწევთ გადაადგილება? 4Runner-ი უშველებელი ავტომობილი მოგეჩვენებათ და სწორიც იქნებით. Toyota-მ RAV4 სწორედ ასეთი სეგმენტისთვის გამოუშვა. მაგრამ რომელი RAV4-ია საუკეთესო?

თუ მომხმარებლების რეიტინგებს გადავხედავთ, საიმედოობის ყველაზე მაღალი ქულებით 2012 წლიდან გამოშვებული მოდელია შეფასებული. 2013-2016 წლებში ამ მანქანის განახლებული ვერსიები იყიდებოდა, რაც ძველი მოდელის გაუმჯობესებული ალტერნატივაა.

ამ წლოვანების RAV4-თან დაკავშირებით ორი რამ უნდა გაითვალისწინოთ:
1. არ უნდა შეიძინოთ დიზელისძრავიანი მოდელი;
2. კონკურენტებთან შედარებით ნაკლებად მძლავრია;

თუმცა, ყველაფერი თქვენს პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. იდეალური ავტომობილი არ არსებობს.

იმ შემთხვევაში, თუ შედარებით ახალი მანქანა გსურთ, მაშინ საიმედოობის მხრივ არც 2018-19 მოდელები გაგიცრუებთ იმედებს. J.D. Power-ის საიმედოობის რეიტინგში ეს მანქანების 100-დან 80 ქულით არის შეფასებული, რაც საკმაოდ მაღალია. 

Toyota Camry


დიახ, სიაში Toyota-ს მოდელები მიეწყო, მაგრამ ვერ გავექცევით ფაქტს, რომ ეს მწარმოებელი ერთ-ერთ საუკეთესო ავტომობილებს აწყობს. Camry კი განსაკუთრებულად პრაქტიკული და საიმედო მანქანა გამოუვიდათ. ის Accord-ის კონკურენტია და ამავე კლასში ასპარეზობს. აშშ-ში ის Accord-ს გაყიდვებით უსწრებს. მეტიც, შტატებში Camry 1997 წლიდან ყველაზე გაყიდვადი სედანია.

რატომ? ეს არამხოლოდ ხელმისაწვდომი, პრაქტიკული და ხარისხიანი ინტერიერის მქონე მანქანაა, არამედ ერთ-ერთი ყველაზე საიმედოც გახლავთ. იაპონური სედანი ყველაზე საიმედო ავტომობილის პრიზის მრავალგზის მფლობელია და რეიტინგებით 2002 წლიდან მუდმივი ლიდერია.

Lexus ES


რა იქნებოდა ჩვენი ჩამონათვალი Lexus-ის გარეშე? მწარმოებელი სწორედ სოლიდურობით და ხარისხიანი ავტომობილების შექმნითაა ცნობილი. სწორედ ამიტომ, ტკბილი ლუკმა ბოლოს შემოვინახეთ და სიისთვის ES-ი შევარჩიეთ.

ES-ი „ქემრიზეა“ დაფუძნებული, თუმცა გაცილებით უფრო ხარისხიანი მასალებითაა აწყობილი. ვიზუალურად ელეგანტურიცაა და მდიდრულობაც ეტყობა. ეს არის კარგი ავტომობილის უკეთესი ვერსია. სწორედ ამიტომაა, რომ დღეს 2008 წლის ES-საც საკმაოდ მაღალი ფასი აქვს. მისაღები გარბენითა და კარგი მდგომარეობით მოდელის ღირებულება 10 000$-საც აჭარბებს.

ES-ი რეიტინგებით ისეთ კონკურენტებზე მაღლა დგას, როგორიც BMW, Mercedes-Benz-ი და Audi-ა. განსაკუთრებით პოპულარულია 2012-2019 წლებში გამოშვებული ეგზემპლარები.

იყო თუ არა ჩვენი სტატია ინფორმატიული? გაქვთ თუ არა საწინააღმდეგო აზრი? ნებისმიერ შემთხვევაში, დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში!

მსგავსი სიახლეები