დაივიწყეთ ახალი BMW 7 Series-ი - ეს 1999 წლის 750iL-ი V12-იანი შედევრია
უახლესი 7 Series-ი 130 000$-ზე მეტი ღირს, თუმცა ამ 12-ცილინდრიანი 7er-ით მოძრაობისას ყველა პატივს გცემთ.
BMW-ს ახალი მეშვიდე სერია ყველა იმ უახლესი ტექნოლოგიით არის აღჭურვილი, რაც ავტოინდუსტრიაში არსებობს. თუმცა, უცნაური დიზაინისა და ძალზედ მაღალი ფასის გამო ამ მოდელის ირგვლივ აზრები ორად გაიყო. ნაწილი ფიქრობს, რომ ახალი 7er-ი რევოლუციური ავტომობილია, ნაწილიც კი მიიჩნევს, რომ მეშვიდე სერია არასდროს იქნება E38-ის მსგავსად დახვეწილი და სასურველი. დღეს ამ 1999 წელს გამოსულ 750iL-ზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც ახალი ფლაგმანის ფონზე კაპიკებად იყიდება.
BMW ულამაზეს E38 7 Series-ს 1994-2001 წლებში აწარმოებდა. უმაღლესი კომპლექტაცია 750i გახლდათ, რომელიც 5.4-ლიტრიანი V12-ით იყო აღჭურვილი. ვერსია 322 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. სიმძლავრე კი 5-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფით ნაწილდებოდა. სურათზე ნაჩვენები მოდელი Alpine White-ის ფერშია წარმოდგენილი და ისე გამოიყურება, თითქოს საწარმოო ხაზი ახლახან დატოვა. 21 წლის განმავლობაში მფლობელმა 57 000კმ დაფარა. ამ ავტომობილისთვის კი ასეთი გარბენი არაფერს ნიშნავს. ახლა ეს E38 გასაყიდადაა გამოტანილი და მის სანაცვლოდ 20 000 ფუნტ სტერლინგს ითხოვენ.
1999 წლის BMW 750iL-ი სალონში კლასიკური შავი ინტერიერით, 3-ზონიანი კლიმატკონტროლით, სავარძლების გათბობით, ფარდებითა და სხვა უამრავი მდიდრული ფუნქციონალით არის წარმოდგენილი. უკანა რიგში მსხდომ მგზავრებს წახემსებისთვის საპიკნიკო მაგიდებიც აქვთ. შესრულების ხარისხი უმაღლესი და კლასში საუკეთესოა. L ვერსია, სტანდარტულ „შვიდიანთან“ შედარებით, უფრო დაგრძელებულია და მეორე რიგში მეტ ადგილს გვთავაზობს. ეს დეტალი კი 90-იანების „ბონდის“ ფილმში გაგრძნობინებთ თავს. 1999 წლისთვის დიდი ეკრანი, DSP-ის აუდიო სისტემა, ქსენონის მაშუქები და ორმაგი შუშებიც იწვევდა აღფრთოვანებას.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მანქანის ინტერიერი შეიძლება მოძველებულად, ხოლო აგრეგატი არასაჭიროდ ან არაეფექტურად მოგეჩვენოთ, უნდა გახსოვდეთ, რომ მწარმოებლები ასეთ ავტომობილებს აღარ ქმნიან. ავტომოყვარულების გულებში კი E38-ს მუდმივად განსაკუთრებული ადგილი ექნება. სხვათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი ავტოჟურნალისტი - დაგ დემურო - თვლის, რომ ეს „შვიდიანი“ მსოფლიოში ყველაზე ელეგანტური დიზაინის მქონე სედანია.
და მაინც, რომელი გირჩევნიათ: ეს სილამაზე 1999 წლიდან თუ ახალი ტექნოლოგიებით დატვირთული 7 Series-ი? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.